ფოტოგრაფია ერის მეხსიერებაა
ძველი ფოტოებით გახსენებული ისტორიები
აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში გამოფენა „ჩემი ოჯახის ფოტოამბები“ მოეწყო, რომელზეც ბათუმში მოღვაწე პირველი ფოტოგრაფების – დიმიტრი ერმაკოვის, მიხეილ გლაუდანის, ა. კუშნერსკის, უ. ფეტვანჯიანის, ნიკოლოზ გომონის, ვ.პ. ეგოროვის ორიგინალი ნამუშევრები – ფოტოები და ნეგატივები იყო წარმოდგენილი, ასევე, მე-19-20 საუკუნეების ფოტოალბომები. დამთვალიერებელს შესაძლებლობა მიეცა, გაცნობოდა ფოტოხელოვანთა ობიექტივში მოხვედრილ პორტრეტებს, ქალაქის ხედებს, არქიტექტურას, ყოველდღიურ ცხოვრებას, საოჯახო ფოტოალბომებს, ძველი ბათუმის ამსახველ ღია ბარათებს. მათზე კარგად ჩანს, თუ როგორი იყო მე-19 საუკუნისა და მე-20 საუკუნის დასაწყისი წლების ბათუმი. თითოეულ ალბომს, თითოეულ ფოტოს თავისი საინტერესო ისტორია აქვს. მათზე ადამიანების ცხოვრების გამორჩეული წუთებია აღბეჭდილი – ქორწილი, დაბადება, საქმიანობა….
პროფესორმა ოთარ გოგოლიშვილმა საინტერესოდ გაიხსენა ბათუმში პირველი ფოტოატელიეების გახსნისა და აქ მოღვაწე პირველი ფოტოგრაფების მოღვაწეობა, ასევე, ღია ბარათებზე აღბეჭდილი ჩვენი ქალაქის ვიზუალური ისტორია.
გამოფენას ის ფოტოხელოვანები ესწრებოდნენ, რომლებიც დღეს თანამედროვე ბათუმის, ჩვენი კუთხის ისტორიას ქმნიან.
– ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში მოწყობილ ამ უნიკალურ გამოფენაზე მე-19-20 საუკუნეებში ბათუმში მოღვაწე ფოტოგრაფების ნამუშევრებია წარმოდგენილი. ამ ფოტოებმა შემოგვინახეს ბათუმის ისტორია, 1878 წლიდან 1921 წლამდე. ამის შემდეგ სულ სხვა პერიოდი დაიწყო, სხვა თაობაც მოვიდა. მათ მიერ გადაღებული ფოტოსურათებიც ასევე უნიკალურია 1921 წლიდან 1934 წლამდე ბათუმის ისტორიის წარმოსაჩენად. რა თქმა უნდა, ფოტოგრაფია ვითარდებოდა, საუკეთესო ხელოვანები გვყავდნენ და დღესაც არიან, რომელთა საქმიანობა ასევე საინტერესოა. მაგალითად, გიზო ჩიგოგიძე, რომელმაც არა მარტო ბათუმს, არამედ ქვეყანას უნიკალური ისტორიული კადრები შემოუნახა. მან 1990 წელს გადაიღო თავისუფლების მოედანზე მაზნიაშვილის გმირების, ბათუმის გათავისუფლებისათვის დაღუპული მებრძოლების (მოედანზე დაკრძალულების) ნეშთების ჯერ ამოსვენების და შემდეგ მათი დაკრძალვის ცერემონია… ეს დიდი ისტორიაა… ფოტოგრაფია ერის მეხსიერება, ისტორიის წარმოჩენა, მისი არდავიწყება და საზოგადოებამდე მიტანაა. თუ როგორი იყო ჩვენი ქალაქი, ამ სურათზე ნახავთ, – აღნიშნა ოთარ გოგოლიშვილმა.
– დღევანდელ ღონისძიებას დიდი მნიშვნელობა აქვს, მადლობა მის ორგანიზატორებს. მე-20 საუკუნის დასაწყისში გადაღებულ ფოტოებზე კარგად ჩანს, რას და როგორ საქმიანობდნენ მაშინ ადამიანები. მათი სახეებიც კი ძალიან საინტერესოა. ერთი რამ მინდა გავიხსენო: ერთხელ, გამოფენაზე, მე-19 საუკუნეში გამოცემული ღია ბარათი ვნახე, რომელზეც კავკასიური ტიპაჟები იყო გამოსახული, მათ შორის, აჭარელიც იყო. დამაინტერესა ჩაცმულობამ, ქცევამ, დგომამ, იარაღმა და… 1998 წელს ასეთივე ფოტო გადავიღე. ამ ორი სურათის შედარება ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. ამიტომ აქვს ასეთ გამოფენებს დიდი მნიშვნელობა, – გვითხრა ფოტოხელოვანმა სეირან ბაროიანმა.
– საინტერესო პერიოდში მომიწია ცხოვრება. მიყვარს ჩემი ქალაქი და თუ რაიმე ხდებოდა ბათუმში მნიშვნელოვანი, ყოველთვის ვაფიქსირებდი. 1989 წელს, როცა უწმინდესი და უნეტარესი, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე ჩამობრძანდა ბათუმში და ღვთისმშობლის ეკლესია აკურთხა, მას ქალაქის საზოგადოება დახვდა, იმ დღეს 5000-მდე ადამიანი მოინათლა. შემდეგ პატრიარქი სასტუმრო „ინტურისტში“ დაბინავდა და იქ მივუტანე ჩემი გადაღებული ფოტოები. გაუკვირდა, ასე სწრაფად როგორ დაამზადეო. მყავს გადაღებული ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა… ადგილობრივი ლიდერები – ნოდარ იმნაძე, რობერტ ნადირაძე, დათო ბერძენიშვილი. ამჟამად, ამ მუზეუმში ჩემი 220 ისტორიული ფოტოა დაცული, ყველაფერი მაქვს გადაღებული, რაც 1988 წლიდან 1992 წლამდე ხდებოდა… ისტორიული კადრებია, მაშინ საბჭოთა რეჟიმი იყო და ბევრს ეშინოდა განსხვავებული ფოტოების გადაღება… რაც შეეხება მხატვრულ ფოტოებს, მე მაქვს შენახული და პერიოდულად გამოფენას ვაწყობ. მისასალმებელია, რომ ასეთი გამოფენები იმართება, მაგრამ კარგი იქნება, თუ მას ახალგაზრდებიც დაათვალიერებენ. მათ უნდა იცოდნენ ქალაქის, ქვეყნის ისტორია, რომელსაც მუზეუმი ინახავს ამ ფოტოების სახით, – გვითხრა გიზო ჩიგოგიძემ.
ექსპოზიციაში ჩართული იყო ინტერაქტიული ნაწილი, სადაც დამთვალიერებელს შეეძლო საკუთარი ოჯახური ფოტოამბების გაზიარება და მუზეუმის არქივად ქცევა.
მანანა ძიძიშვილი
გალერეა

