ფოტოხაფანგმა საქართველოში წითელ ნუსხაში შეტანილი ლეოპარდი დააფიქსირა
By

ფოტოხაფანგმა საქართველოში წითელ ნუსხაში შეტანილი ლეოპარდი დააფიქსირა

ალგეთის ეროვნულ პარკში, ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს კეთილშობილი ირმის საშენი მეურნეობის ორმა ფოტოხაფანგმა ღობის გარეპერიმეტრზე წითელი ნუსხის სახეობა – ჯიქი, იგივე ლეოპარდი დააფიქსირა. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ეს ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოში ამ უნიკალური და ფრთხილი ცხოველის კადრზე აღბეჭდვის მესამე ფაქტია.

„სავარაუდოდ, ეს უნიკალური ცხოველი თრიალეთის ქედზე კარგა ხანია იმყოფება. ჯიქი ისეთი ფრთხილია, რომ ადამიანს გაურბის და არ ენახება. ჩვენს მიერ ირმის საშენისთვის აშენებული 4-კილომეტრიანი ღობის გასწვრივ განთავსებული ათეულობით ფოტოხაფანგებიდან, ორმა შეძლო მისი დაფიქსირება. ჯიქი ღობის გასწვრივ მოძრაობდა. ჩვენი საშენი ისეა მოწყობილი, რომ მტაცებელმა ვერ შეაღწია; საშენი მეურნეობა 72 ჰექტარ ფართობზეა გადაჭიმული, სრულად შემოღობილია და აღჭურვილია 40 ფოტოხაფანგითა და 30 ვიდეოკამერით. ირმები დაცულები არიან. საშენის გარეთ, დაცულ ტერიტორიაზე, ბევრია ჯიქის ბუნებრივი საკვები. ეს ფაქტი კიდე ერთხელ მიუთითებს დაცული ტერიტორიების მნიშვნელობაზე და მათი ფუნქციონირების აუცილებლობაზე“, – აცხადებს ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს უფროსი რევაზ ბეჟაშვილი.

ზოოლოგის, პროფესორ ზურაბ გურიელიძის განცხადებით, საქართველო კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ადგილი გახდა ევრაზიის ბიომრავალფეროვნების მთლიან რუკაზე. „მსოფლიო წითელ ნუსხაში შეტანილი სახეობა – Panthera pardus, რომელიც შუა საუკუნეებში ფართოდ იყო გავრცელებული საქართველოს ტერიტორიაზე, ბრაკონიერობის შედეგად, მე-20 საუკუნის შუა წლებიდან გადაშენებულად ითვლება. ძველად ქართველები „ვეფხს“ სწორედ ლეოპარდს ეძახდნენ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს დაცული ტერიტორიების შექმნის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ჩვენი ეროვნული, ბუნებრივი მემკვიდრეობის – უნიკალური და იშვიათი ეკოსისტემების, მცენარეთა და ცხოველთა სახეობების დაცვა და შენარჩუნებაა. დღეს, საქართველოში, 6 სხვადასხვა კატეგორიის 100 დაცული ტერიტორიაა, საერთო ფართობით 929 996 ჰა. დაგეგმილია და მიმდინარეობს მუშაობა სამეგრელოს, სვანეთის, კახეთის, გურიის რეგიონებში 4 ახალი დაცული ტერიტორიის შექმნისა და რაჭის დაცული ტერიტორიების გაფართოების მიმართულებით“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • No Comments
  • სექტემბერი 17, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *