ფრიდონ ბოლქვაძის პერსონალური გამოფენა
By

ფრიდონ ბოლქვაძის პერსონალური გამოფენა

ბათუმის ნიკოლოზ კანდელაკის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის საგამოფენო დარბაზში ფრიდონ ბოლქვაძის („იჯარეთელის“) გამოფენა მოეწყო სახელწოდებით „უსასრულობა“. ეს მხატვრის რიგით მე-17 გამოფენაა, რომელიც თანამედროვე ხელოვნებისა და სხვადასხვა მიმართულების სინთეზს მოიცავს – რეალისტურიდან აბსტრაქტულამდე. გამოფენაზე 60-მდე ნამუშევარია წარმოდგენილი.

ფრიდონ ბოლქვაძე ადიგენის რაიონის სოფელ იჯარეთიდანაა. მან თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დიზაინის ფაკულტეტის ტანსაცმლის მხატვრული მოდელირების სპეციალობა დაამთავრა. 1996 წლიდან ცხოვრობს და საქმიანობს ბათუმში ფსევდონიმით „იჯარეთელი“. ის არა მხოლოდ მხატვრობაში, არამედ სამწერლო ასპარეზზეც მოღვაწეობს. ლექსებს, ნოველებს, ფანტასმაგორიებს, პუბლიცისტიკას აქვეყნებს სხვადასხვა პერიოდულ გამოცემაში. მონაწილეობდა „ლექსების გამოფენის“ ეგიდით მოწყობილ კონკურსებში, სადაც ლექსი „აჭარული მგზავრული“ და „ასი სიტყვა“ ათ საუკეთესო ნაწარმოებში შევიდა. მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე, ამჟამად „მოდა არტს-ში“ მოღვაწეობს. მას მოწყობილი აქვს არაერთი პერსონალური გამოფენა არა მხოლოდ ბათუმში, არამედ თბილისში, (სამჯერ), ახალციხეში, ქობულეთში (ორჯერ), ქუთაისში, თურქეთში (ანკარაში)…

– შემოხვალ თუ არა დარბაზში, იმ წამს იგრძნობ, რომ არის განსხვავებული ხელწერის მხატვარია. მისი ნამუშევრები კომპოზიციურად გამართული და საინტერესოა. შესაძლებელია, პარალელიც კი გაავლო ელენე ახვლედიანის ბოლოდროინდელ ფერწერასთან, ესეც არაპირდაპირად, არამედ ირიბად, გადაძახილი ფერებითა და ხაზებით. რაც შეეხება თვითონ ფრიდონ იჯარეთელს, ეს არის განსხვავებული აზროვნების და რომ იტყვიან, სხვა სამყაროს ადამიანი. მისი ნამუშევრები ჩემში სხვადასხვა ასოციაციას ბადებს… თუკი ერთი წამით შეჩერდი, მერე უკვე ვერ სცილდები, მასთან ერთად მოგზაურობას გაიძულებს. ამ ნახატებში რეალურსა და ირეალურს შორის ზღვარზე დადიხარ. ზოგიერთი ნახატი, რომელშიც ფერები, სახეები, საგნებია გამოკვეთილი, უფრო ბავშვობის ასოციაციები და გამოძახილია, ან რაღაც ძლიერი ტკივილის გამოხატულება, რომელიც კონკრეტულ ადამიანს, პერსონას ან ადგილს უკავშირდება. საოცარი ფერები აქვს, ყოველ ნახატში გაიძულებს, ეძებო, რას ფიქრობს, რა განწყობაზე, რა აზრზე იყო ხელოვანი, რა ფიქრი, რა იდეა აწუხებდა. მიმაჩნია, რომ ფრიდონ იჯარეთელი უძლიერესი, საკუთარი ხელწერის მქონე მხატვარია, – აღნიშნა პოეტმა ბელა ქებურიამ.

– ფრიდონის შემოქმედება ძალიან მიყვარს, გამორჩეული მხატვარია. ბოლო წლებში მან თავისი ძალიან საინტერესო სერია – დეკორატიულ-აბსტრაქტული – განავითარა. სამი წლის წინ ჰქონდა გამოფენა, სადაც ახალი კოლექცია წარმოადგინა. დღეს ამ სტილში კიდევ უფრო მეტი და უფრო საინტერესო ნამუშევრები გამოფინა. დიდ წარმატებებს ვუსურვებ მას, – გვითხრა მხატვარმა მაია ჭყონიამ.

– ფრიდონი არის მხატვარი, რომელსაც აქვს საკუთარი ხელწერა, სამყარო. ყოველ ნამუშევარში იგრძნობა განწყობა. შეიძლება აბსტრაქტულია და რაიმეს არ გაძლევს, მაგრამ შენ თვითონ შედიხარ მის სამყაროში და წარმოიდგენ, „იქ“ რა და როგორაა. ეს გამოფენა აჭარის მხატვართა კავშირისა და სამხატვრო სკოლის ორგანიზებით გაკეთდა, – გვითხრა აჭარის მხატვართა კავშირის თავმჯდომარე გურამ ფუტკარაძემ.

– ერთი წლის ნამუშევრები მაქვს აქ გამოფენილი. არ შემიძლია, რომ ერთი და იგივე ვაკეთო. წინა გამოფენებზე სხვა შინაარსის ნახატები წარმოვადგინე, ამჯერად – სულ სხვა. რომელიღაც სერიაზე რომ ვმუშაობ და იგი დასრულდება, სურვილი მაქვს, ახალი გამოფენა მოვაწყო. ნახატების ეს სერია 2024 წელსაა შექმნილი, – აღნიშნა ფრიდონ ბოლქვაძემ.

მანანა ძიძიშვილი

  • No Comments
  • იანვარი 27, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *