19 C ბათუმი
Monday 21st July 2025
ფრიდონ ხალვაში და „ბათუმური ამბები“
By

ფრიდონ ხალვაში და „ბათუმური ამბები“

ქართველი პოეტის, პროზაიკოსის, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაუერატის ფრიდონ ხალვაშის დაბადებიდან 100 წელი შესრულდა. ამ საიუბილეო თარიღს მიეძღვნა აჭარის კულტურის სამინისტროს მიერ ორგანიზებული საღამო „ბათუმური ამბები“, რომელიც ხელოვნების ცენტრში გაიმართა. პროექტის – „ბათუმი – საქართველოს კულტურის დედაქალაქი 2025“-ის ფარგლებში.

საღამოზე ფრიდონ ხალვაშისა და სხვა არაერთი ქართველი პოეტის ლექსი წაგვიკითხეს მსახიობებმა მურმან ჯინორიამ და ბექნუ ქაფიანიძემ. მათი წაკითხული პწკარები სხვაგვარი სითბოთი მოესალბუნა სულს…

ღონისძიებას ხელოვნებათმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე უძღვებოდა, რომელმაც პოეტის შემოქმედებისა და მოღვაწეობის ეპიზოდები გაიხსენა. როგორც ყოველთვის, საინტერესო იყო მის მიერ სცენიდან მოყოლილი, ძალიან ბევრისთვის უცნობები ამბები, რომელიც არა მხოლოდ ბათუმელებმა, არამედ მთელმა საქართველომ უნდა იცოდეს.

საღამო გაალამაზა ნანული აბესაძისა და ლიზა ბაგრატიონის მიერ შესრულებულმა ქართველი კომპოზიტორების გულში ჩამწვდომმა სიმღერებმა, მათ შორის ბათუმზე (კონცერტმაისტერი – ნინო გულიაშვილი).

ნანული აბესაძემ მსმენელს სიმღერის „ბათუმს ქათქათას“ შექმნის ისტორია მოუყვა.

საღამოს დასრულების შემდეგ, კმაყოფილება არ დაფარეს ფრიდონ ხალვაშის ქალიშვილებმა.

მზია ხალვაში:

– ნიკა წულუკიძე ღრმადაა ჩახედული ფრიდონის შემოქმედებაში, დიდი სითბოთი და სიყვარულით წარმოაჩინა მისი პოეზია, მისი მოღვაწეობის სხვადასხვა პერიოდი. სიამოვნებით მოვუსმინეთ.

მერი ხალვაში:

– არაჩვეულებრივი საღამო იყო. მადლობა ორგანიზატორებს და ყველას, ვინც მასში მონაწილეობდა. მინდა ფრიდონის ლექსით დავასრულო: „ღმერთმა ნუ ქნას, სადმე ქართველს, ქართველობა არ უნდოდეს…“ .

– ღონისძიება „ბათუმი – საქართველოს კულტურის დედაქალაქი 2025“-ის პროგრამის ფარგლებში გაიმართა და კიდევ ერთი თბილი ბათუმური საღამოს მონაწილენი გავხდით. იგი მნიშვნელოვანი იყო თავისი შინაარსით, რადგან ჩვენს უსაყვარლეს პოეტს ფრიდონ ხალვაშს მიეძღვნა, – აღნიშნა აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილე ირმა აბულაძემ.

– ყველას, ვინც სცენაზე ვიდექით, შესაძლებლობა მოგვეცა, გვესაუბრა ფრიდონ ხალვაშზე, როგორც ერთ განსაკუთრებულ პოეტზე, როგორც მოქალაქეზე, მოღვაწეზე, რომელმაც თავისი მხარის, აჭარის სევდა და სიხარული ჩვენს დანარჩენ საქართველოში მცხოვრებთა გულამდე მოიტანა, – გვითხრა ნიკოლოზ წულუკიძემ.

 

მანანა ძიძიშვილი

  • No Comments
  • ივლისი 21, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *