„ქალის გზა – ჩემი გზა“
ასეთი იყო იმ გულთბილი შეხვედრის სლოგანი, რომელიც 8 მარტის დღესასწაულთან დაკავშირებით სოროპტიმისტ ინტერნაციონალის კლუბ „ბათუმის“ წევრებმა ქალაქის წარმატებულ ქალბატონებს მოუწყვეს. ამ ადამიანებმა თავისი პროფესიული და საზოგადოებრივი საქმიანობით მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს ქალაქისა და ქვეყნის ცხოვრებაში, მათ შორის იყვნენ სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები: ნინო ნიჟარაძე, ნაზი ყურშუბაძე, გენრიეტა ქუთათელაძე, რუსუდან შავიშვილი, მერი ხალვაში, ნანი კონცელიძე… განსაკუთრებული პატივით შეხვედნენ ყველაზე ასაკოვან სტუმარს – 95 წლის პედაგოგს ლია შანიძეს.
საღამოს ახალგაზრდა პროფესიონალებიც ამშვენებდნენ – ნათია ლაბაძე, რომელიც საქართველოში პირველი ქალია შორეული ნაოსნობის კაპიტნის ტიტულით და ანა ოთიაშვილი, რომელიც სანავსადგურე ამწის ოპერატორის პროფესიას დამოუკიდებელ საქართველოში პირველი დაეუფლა.
მოწვეულმა სტუმრებმა და კლუბის წევრებმა პასუხი გასცეს კითხვას: „ქალად ყოფნა ჩემთვის ნიშნავს…“
საღამო თბილი, გულწრფელი და ემოციური იყო. შეხვედრის ბოლოს მასპინძლებმა სტუმრებს, მადლიერებისა და პატივისცემის ნიშნად, ფასიანი საჩუქრები და თაიგულები გადასცეს, სუფრასთან მიიპატიჟეს.
მანანა ძიძიშვილი