ქალი მეწარმეების ხმა – აჭარაში
By

ქალი მეწარმეების ხმა – აჭარაში

ბათუმმა 2025 წლის ქალ მეწარმეთა ბიზნესფორუმს უმასპინძლა. შეხვედრას, რომელიც უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა, აჭარაში მოღვაწე 200-ზე მეტი ქალი მეწარმე დაესწრო. ფორუმი პანელური დისკუსიების ფორმატში ჩატარდა და მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა, ერთმანეთის გამოცდილება გაეზიარებინათ, ახალი პარტნიორები შეეძინათ და მიმდინარე გამოწვევებზე პრაქტიკული ცოდნა მიეღოთ.
დისკუსიების მთავარი თემები იყო: მეწარმეებისთვის არსებული ფინანსური რესურსები, ხელოვნური ინტელექტის ეფექტური გამოყენება ბიზნესში, პროფესიული განათლების მნიშვნელობა და ინოვაციებზე ორიენტირებული მიდგომები. ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის მინისტრთა კაბინეტის წევრები, ბიზნესსექტორის წარმომადგენლები და სხვადასხვა სფეროს ექსპერტები. ფორუმში მონაწილეობა მიიღო აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა დენის სალუქვაძემ, რომელმაც ღონისძიების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
– მეწარმე ქალთა ბიზნესფორუმი კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ მეწარმე ქალებმა მეტი ინფორმაცია მიიღონ სახელმწიფო სერვისების, დაფინანსების წყაროებისა და იმ პროგრამების შესახებ, რომელსაც სახელმწიფო სპეციალურად ქალბატონებს სთავაზობს. კარგი პლატფორმაა იმისთვის, რომ დაამყარონ საქმიანი ურთიერთობები, გაეცნონ ერთმანეთს და გამოცდილებაც გაუზიარონ. ქალთა ჩართულობა ბიზნესში ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ, განსაკუთრებით სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ ფორუმი საკმაოდ წარმომადგენლობითია, – აღნიშნა მინისტრმა.
ფორუმზე წამყვან ადგილს იკავებდა წარმატებული ქალი მეწარმეების პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება. საუბარი შეეხო უნარების განვითარებას, ფინანსურ განათლებას, პარტნიორობის გაძლიერებასა და ბაზარზე პოზიციონირების გაუმჯობესებას.


განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა იმ გამოწვევებზე, რომლებიც მცირე და საშუალო ბიზნესებს თანამედროვე ბაზარზე აქვს. ამ კონტექსტში გამართული დისკუსიების ერთ-ერთი მნიშვნელოვან ნაწილზე ისაუბრა აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარე გურანდა გოგიტიძემ. მან მადლობა გადაუხადა ფორუმში მონაწილე ყველა სპიკერსა და პარტნიორს და განაცხადა, რომ ერთობლივი შრომით შეიქმნა მომავლისკენ მიმართული ძლიერი ენერგია, სადაც ინოვაცია და თანამშრომლობა ერთიანად აყალიბებს წარმატების ფორმულას.
– ვისურვებ, დღევანდელი ფორუმის შემდეგ ყველა ქალბატონს დაემყარებინოს საქმიანი კონტაქტები, განევითარებინოს თავისი საქმიანობა მარკეტინგისა და გაყიდვების მიმართულებებით. მოვუწოდებ ქალბატონებს, გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტი, შეისწავლონ ის ხელსაწყოები, რომლებზეც დღეს საერთაშორისო ბაზარზე დიდი მოთხოვნაა.
მთავარია, შედეგი მივიღოთ. ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ ფორუმის მონაწილეებმა ახალი პარტნიორები შეიძინონ და სხვადასხვა პროექტში ჩაერთონ. ფორუმს ყოველთვის აქვს კონკრეტული შედეგი, წელს კიდევ უფრო მეტის მოლოდინი მაქვს. აქ შეკრებილი არიან ის ორგანიზაციები, რომლებიც ახორციელებენ საგრანტო და სხვა მხარდაჭერის პროგრამებს, რომელთა შესახებ ბევრს საერთოდ არ აქვს სრული ინფორმაცია.


მეორე მნიშვნელოვანი საკითხია პროფესიული სასწავლებლებისა და ბიზნესის თანამშრომლობა – ეს არ უნდა იყოს განყენებული სფერო. პროფესიული განათლება შეიძლება გადაიქცეს იმ ინსტრუმენტად, რომელიც ბიზნესს მისთვის საჭირო კადრებს მოუმზადებს. დღევანდელი ფორუმის და მსგავსი ტიპის ღონისძიებების საბოლოო მიზანი ძლიერი ეკონომიკის შექმნაა, სადაც მცირე და საშუალო ბიზნესი ისეთივე მნიშვნელოვანი ქვაკუთხედი იქნება, როგორიც მსხვილი კომპანიები, – განაცხადა გურანდა გოგიტიძემ. შეხვედრაზე მონაწილე მეწარმე ქალბატონები აცხადებდნენ, რომ ფორუმი საკუთარი საქმიანობის კიდევ უფრო პოპულარიზაციასა და პროფესიული კავშირების გაფართოებაში ეხმარებათ. ბრენდ „დოდოკას“ დამფუძნებელმა დოდოკა მეფარიშვილმა ღონისძიების პრაქტიკულ მნიშვნელობაზე ისაუბრა.


– მსგავსი ტიპის ფორუმები ძალიან მნიშვნელოვანია – კომპეტენტური სპიკერებისგან ვიღებთ საჭირო ინფორმაციას. პარტნიორული შეხვედრები გვეხმარება, რომ უფრო განვვითარდეთ და სამომავლო გეგმები უკეთ განვახორციელოთ, – აღნიშნა მან. ფორუმის ფარგლებში გამოფენაც მოეწყო, სადაც საკუთარი ნამუშევრები წარმოგვიდგინა მეწარმე ინგა ბალაძემ.
– წარმოდგენილი მქონდა ხელნაკეთი ჩანთები და სურნელოვანი სანთლები. ასეთი გამოფენები ცნობადობის ამაღლებაში გვეხმარება, საზოგადოება ეცნობა ჩვენს ნამუშევრებს, რაც პირდაპირ აისახება გაყიდვებზე და ბიზნესის გაფართოებაზე. დღეს ქალები განვითარების მაღალ ეტაპზე ვართ, ბევრი ნიჭიერი ქალი გვყავს საქართველოში. სოციალური ქსელები კი საშუალებას გვაძლევს, ქვეყნის ნებისმიერი წერტილიდან შევთავაზოთ პროდუქცია მომხმარებელს, რაც დიდი სტიმულია.


ფორუმი, რომელიც აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაციის ორგანიზებით და სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერით ყოველწლიურად იმართება, კიდევ ერთხელ იქცა ქალთა გაძლიერების, გამოცდილების გაცვლისა და ახალი შესაძლებლობების შექმნის მნიშვნელოვან პლატფორმად. მან აჩვენა, რომ ქალ მეწარმეთა შესაძლებლობები და ხედვა ეკონომიკური წინსვლის მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალაა.

ნანა აბულაძე

 

  • No Comments
  • ნოემბერი 10, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *