ქართველიშვილი: საქართველო მოექცა „პრობლემური დემოკრატიების“ კატეგორიაში
„ხალხის ძალის“ წევრი, პოლიტანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში აანალიზებს საქართველოსთან ეუთოს დამოკიდებულებას და ჩვენს წინააღმდეგ „მოსკოვის მექანიზმის“ გამოყენების მცდელობას. გთავაზობთ მის თვალსაზრისს.
„იანვრის ბოლოს 24 სახელმწიფოსგან შემდგარმა ჯგუფმა (მათ შორის, დიდი ბრიტანეთის, კანადის და გერმანიის მონაწილეობით) ოფიციალურად დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ გამოყენება. სახელწოდებიდანაც ჩანს ამ პროცესის „რუსული პარანოია“ – ეს არის საგანგებო პროცედურა, რომელიც საშუალებას აძლევს საერთაშორისო ექსპერტებს, ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესასწავლად ქვეყანაში შევიდნენ იმ სახელმწიფოს თანხმობის გარეშე, რომლის წინააღმდეგაც მექანიზმი ამოქმედდება. ფორმალურად, ეს ნაბიჯი დემოკრატიული სტანდარტების დაცვისკენ არის მიმართული. რეალურად კი – იშვიათი და მკაცრი პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტია, რომელიც შერჩევითად გამოიყენება და თითქმის არასოდეს ეხება დასავლური ბირთვის ქვეყნებს, პრინციპიდან: „აბა, ჩემს შვილს ხომ არ მოვჭრი თავსაო“.
საქართველოს მიმართ „მოსკოვის მექანიზმის“ გააქტიურება არ არის ადამიანის უფლებებზე ზრუნვის ისტორია. ეს არის მისი დაუმორჩილებლობისთვის დასჯის ისტორია. ბოლო წლებში დასავლეთმა ჩამოაყალიბა ქცევის სტაბილური მოდელი: ქვეყნები, რომლებიც ინარჩუნებენ სუბიექტურობას (მათგან განსხვავებით), მარილივით არ იშლებიან ევროატლანტიკურ ბიუროკრატიულ კონსენსუსში და უარს ამბობენ ვასალის როლზე, რის შედეგადაც, ავტომატურად ხვდებიან „პრობლემური დემოკრატიების“ კატეგორიაში. საქართველო სწორედ ამ კატეგორიაში მოექცა. ამჯერადაც ფორმალური საბაბი გახდა, ჩვენთვის კარგად ნაცნობი „ბაიდენიზმები“ – „ადამიანის უფლებების დარღვევების მიმართ აღშფოთებული შეშფოთება“ და „დემოკრატიის უკუსვლა“.
თუმცა, თუ შევადარებთ რეალურ პრაქტიკებს საქართველოში და იმ ქვეყნებში, რომლებიც ჩვენზე ზეწოლას ინიცირებენ, აშკარა ხდება: ჩვენთან არ არსებობს ადამიანის უფლებების დარღვევების არც მასშტაბური და არც ხარისხობრივად მრავალჯერადი უპირატესობა: დემონსტრაციების ძალისმიერი დაშლა, უკიდურესი სისასტიკე, პრევენციული დაკავებები, საპროტესტო აქტივობისთვის სისხლის სამართლებრივი დევნა, საბანკო ანგარიშების გაყინვა, შეკრებების აკრძალვა და სიტყვის თავისუფლებაზე ზეწოლა – ეს ყველაფერი სრულად გვხვდება თავად დასავლურ „დემოკრატიებში“. განსხვავება მხოლოდ ერთია – „მოსკოვის მექანიზმები“ მათზე არ ვრცელდება.
მთავარი განსხვავება დემოკრატიის ხარისხში კი არა, პოლიტიკურ სტატუსშია. დასავლეთის ქვეყნები ინსტრუმენტად იქცნენ „კუკლავოდების“ ხელში, რომლებიც წესებს ადგენენ ურჩი ვასალების სუბიექტურობისა და სუვერენიტეტის ჩასახშობად. საქართველო, მათი ლოგიკით, არის ობიექტი, დანარჩენებს ცუდ მაგალითს რომ აძლევს. როგორც კი თბილისი აჩვენებს სურვილს, აწარმოოს დამოუკიდებელი პოლიტიკა, დააბალანსოს ინტერესები, აირიდოს უცხო კონფლიქტებში ჩათრევა და არ მოაწეროს ხელი ყოველ გარე მოთხოვნას – მის წინააღმდეგ ამოქმედდება ზეწოლის კარგად დამუშავებული ინსტრუმენტები: რეზოლუციები, ანგარიშები, „შეშფოთებები“, მონიტორინგები და საბოლოოდ – კვაზი-სანქციური მექანიზმები.
ამ კონტექსტში „მოსკოვის მექანიზმი“ არის არა იურიდიული, არამედ გეოპოლიტიკური ინსტრუმენტი. მისი მიზანი კონკრეტული დარღვევების გამოსწორება კი არა, პოლიტიკური ნების გატეხვაა. ეს არის ელიტებისა და საზოგადოებისთვის გათვლილი სიგნალი: სუვერენიტეტს აქვს ფასი, რომელიც იზრდება წინააღმდეგობის ზრდასთან ერთად. ამავე დროს, დასავლეთის ქვეყნების შიდა სივრცეში მიღებული ანალოგიური ან უფრო მკაცრი გადაწყვეტილებები, არ ხდება საერთაშორისო გამოძიების საგანი, რადგან იქ მოქმედებს პოლიტიკური იმუნიტეტის დაუწერელი პრინციპი.
უბრალოდ, მორიგ ჯერზე გვაოცებს – ჯიუტად როგორ სცალია ჩვენთვის გაკოტრების გზაზე მყოფ დასავლურ „დემოკრატიას“. თუმცა, მათ ვინღა ეკითხება რამეს… და აქედან გამომდინარე, ვასკვნი – ჩვენ სწორ გზას ვადგავართ!
ირმა ცეცხლაძე