ქართველი კარატისტების ტრიუმფი – ევროპის ჩემპიონატზე
By

ქართველი კარატისტების ტრიუმფი – ევროპის ჩემპიონატზე

უნგრეთის ქალაქ დეპრეცენში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი კონტაქტურ კარატეში, როგორც დიდებში, ისე ახალგაზრდებში. საქართველოს ღირსებას სულ 23 სპორტსმენი იცავდა – როგორც ბიჭები, ისე გოგონები, მათ შორის აჭარიდან 11 კარატისტი იყო. ჩემპიონატზე 25 ქვეყნის 500-ზე მეტი სპორტსმენი ასპარეზობდა.

საუკეთესო ფორმაში იყვნენ ჩვენი კარატისტები, რაც შედეგიდანაც კარგად ჩანს – ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა სპორტსმენებმა სულ 14 სხვადასხვა სინჯის მედალი მოიპოვეს. დიდებში ხუთ წონით კატეგორიაში 4 ოქროს მედალი აიღეს, ასევე, ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და გუნდური პირველი ადგილი დაიკავეს, ახალგაზრდებმა კი კონტინენტის პირველობა სამი ოქროს, სამი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედლით დაასრულეს.

ქართველმა კარატისტებმა ვაჟებში საერთო გუნდური პირველი ადგილი დაიკავეს.

კონტაქტურ კარატეში საქართველოს ნაკრების მათავარი მწვრთნელი გახლავთ ლევან ცინცაძე, რომელიც უნარიანად ხელმძღვანელობს სპორტსმენებს. მას შემდეგ, რაც სპორტის ამ სახეობას ლევანი სათავეში ჩაუდგა, წელი არ არის, რომ ქართველმა სპორტსმენებმა არ გვასახელონ როგორც ახალგაზრდებში, ისე დიდებში.

– ძალიან ბედნიერები ვართ. დიდებში ოთხი გავედით ფინალში და ოთხივე ქართველი ფინალისტი ჩემპიონი გავხდით, – აღნიშნა ევროპის ჩემპიონმა დათა მსხალაძემ.

– თითქოს წარმოუდგენელია, მაგრამ ეს მოხდა – ჩვენივე შარშანდელი შედეგი გავაუმჯობესეთ. ახალგაზრდებშიც ტრიუმფალური შედეგით დაასრულეს ბიჭებმა ასპარეზობა. გუნდურ ჩათვლაში ისევ პირველ ადგილზე გავედით, ჩვენივე რეკორდი, ისევ ჩვენ მოვხსენით. ძალიან ბედნიერი ვარ, მადლობა თითოეულ სპორტსმენს, მათ შეუძლებელი შეძლეს, ვერც კი ვიოცნებებდით შარშანდელი წარმატების გამეორებას. ბიჭებმა ეს შეძლეს. ჩვენ წინა წლის ჩემპიონები ვიყავით, როგორც პირადში, ისე გუნდურში, ძალიან რთული იყო ამ შედეგის გამეორება, მაგრამ მადლობა ბიჭებს ბრძოლისა და თავდადებისთვის, – აღნიშნა ლევან ცინცაძემ.

სხვადასხვა წონით კატეგორიაში დიდებში ჩემპიონები გახდნენ: მინდია მგელაძე, ანდრი ზინჩენკო, ლაშა ობეთელაშვილი, დავით მსხალაძე, ბრინჯაოს მედლებს ლაშა შანთაძე და დათა ფუტკარაძე დაეუფლნენ.

ახალგაზრდულ ნაკრებში ოქროს მედლები გიორგი ძნელაძემ, დავით ძნელაძემ, საბა ჭრელაშვილმა დაისაკუთრეს. ვერცხლის მედლები – დავით შველიძემ, დიმიტრი მსხალაძემ, ავთანდილ პარწიკანაშვილმა, ბრინჯაო – ანანო დათუკაშვილმა, ნინო შუბითიძემ (ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელია ლაშა ხაჭაპურიძე) მოიპოვეს.

აღსანიშნავია, რომ ამ ჩემპიონატზე საერთაშორისო კატეგორიის ქართველმა არბიტრებმა ვლადიმერ შენგელიამ, დავით ცერცვაძემ და ბექა მჭედლიშვილმა იმსაჯეს.

2026 წლის ევროპის ჩემპიონატს კონტაქტურ კარატეში 9-10 მაისს საქართველო, კერძოდ, ბათუმი უმასპინძლებს.

  • No Comments
  • სექტემბერი 29, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *