
ქართული კერძების და ღვინის მასტერკლასები – ლონდონში
ქართულ კულინარიას მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს გასტრონომიულ ფესტივალზე გაეცნენ. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დიდ ბრიტანეთში, ლონდონში, The National Geographic Traveller Food Festival-ზე უკვე მეორედ წარდგა. გამოფენას დაესწრო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.
„საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია წარმოდგენილი იყო ლონდონში The National Geographic Traveller Food Festival-ზე. ჩვენთან ერთად ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ქართული ღვინის პრეზენტაცია გამართა. ორი დღის განმავლობაში ერთობლივად გვქონდა ჩვენი ქვეყნის, ასევე, ქართული კერძებისა და ღვინის პრეზენტაცია. ეს პროდუქტები ტურიზმისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია. ბრიტანეთი ჩვენთვის სამიზნე ბაზარია. ბევრად გავააქტიურეთ მარკეტინგული კამპანიები, რაც პირდაპირი ფრენების დანიშვნის შემდეგ დაიწყო. აღსანიშნავია, რომ პირველ ორ კვარტალში 25%-იანი მატება გვაქვს ბრიტანეთის ბაზრიდან. მსგავსი ტიპის აქტივობები ხელს უწყობს ცნობადობის გაზრდას და ინფორმაციის მიწოდებას ტურისტული პროდუქტის შესახებ, ასევე, საქართველოში ბევრად მეტი ტურისტის მოწვევას“. – განაცხადა მაია ომიაძემ.
The National Geographic Traveller Food Festival-ზე შეფ-მზარეულმა გურამ ბაღდოშვილმა ყველის ვარიაციები, ხინკალი, ლობიანი და სხვა კერძები წარადგინა, ხოლო შეფ-მზარეულმა ვახტანგ გობეჯიშვილმა ფესტივალის მონაწილეებს ხაჭაპური და გებჟალია გააცნო. ქართველმა შეფ-მზარეულებმა ფესტივალზე ერთობლივად მომზადებული კერძებიც წარადგინეს.
The National Geographic Traveller Food Festival-ზე ქართული კერძებისა და ღვინის მასტერკლასები ჩატარდა.
გასტროფესტივალს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 6 000-ზე მეტი ვიზიტიორი დაესწრო.
გალერეა

