ქართული სპორტის ისტორიაში კიდევ ერთი  მნიშვნელოვანი ფურცელი ჩაიწერა – ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა ზამთრის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსნები არიან
By

ქართული სპორტის ისტორიაში კიდევ ერთი  მნიშვნელოვანი ფურცელი ჩაიწერა – ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა ზამთრის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსნები არიან

ეს არის ვერცხლი, რომელიც ოქროს ტოლფასია – საქართველომ სპორტის ისტორიაში პირველად, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ფიგურულ ციგურაობაში  მედალი მოიპოვა,  ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილი ვერცხლის მედალს დაეუფლა.

სპორტულ წყვილებში მოკლე პროგრამის შემდეგ მეტელკინა-ბერულავას წყვილი 75,46 ქულით მეორე ადგილზე იყო და  თავისუფალი პროგრამით მათ გამოსვლას ყველა მოუთმენლად, ამასთან იმედიანად ელოდებოდა.  ისინი მაღალი კონკურენციის პირობებში სერიოზულ შანსს ინარჩუნებდნენ ოლიმპიური მედლებისთვი ბრძოლაში. ასეც მოხდა – ფიგურისტებმა თავისუფალი პროგრამაც მაღალ დონეზე შეასრულეს  და 146, 29 ქულა დაიმსახურეს. წყვილმა ორი პროგრამის ჯამში  221, 75 ქულა დააგროვა და საქართველოს ნანატრი მედლები მოუტანა.
პირველი ადგილი იაპონელებს ერგოთ. მესამე კი გერმანელმა ფიგურისტებმა დაიკავეს. საქართველოს მთავრობა გამარჯვებულ წყვილს –  ვერცხლის მედალოსნებს ფულადი ჯილდოს სახით ნახევარ მილიონ ლარს გადასცემს.


– საქართველოს აქვს პირველი ისტორიული ოლიმპიური მედალი ზამთრის სპორტულ სახეობაში, ეს მხოლოდ დასაწყისია, ეს არის ფიგურული ციგურაობის განვითარების დასაწყისი საქართველოში. ეს გამარჯვება ეკუთვნის არა მარტო სპორტსმენებს, არა მარტო ფედერაციას, არამედ ყველა იმას, ვინც სპორტსმენებს ხელი შეუწყო – სამინისტროს, ოლიმპიურ კომიტეტს, ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ გზაზე ერთი აგური მაინც, სწორად დადო. ასე ერთიანები უნდა ვიყოთ ქართველები ყველგან, – აღნიშნა პირველი არხის ტელევიზიით  საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტმა მაკა გიორგობიანმა.
– მინდა მივულოცო ეს დიდი წარმატება ჩვენს სპორტსმენებს, მათ, ვინც ვგულშემატკივრობდა საქართველოში და აქ, დარბაზშიც. ეს წარმატებები განმეორებულიყოს, მეტი წარმატება ჰქონოდეს ჩვენს გუნდებს, – თქვა  საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა.

„მიხარია, რომ მთელი საქართველო ჩვენს გვერდით დგას. პირველი ოლიმპიური მედალი მოვუტანეთ ჩემს ქვეყანას! ეს არის ჩვენი საერთო გამარჯვება. ყველას დიდი მადლობა – ღმერთს, დედას, მამას, ყველას“, – თქვა უზომოდ ბედნიერმა ლუკა ბერულავამ.

​… გუშინდელი ვერცხლი არ არის უბრალოდ მედალი.  ბევრი ჩვენზე გაცილებით დიდი სახელმწიფო ვერ ახერხებს ზამთრის ოლიმპიურ სახეობებში  ოლიმპიური მედლის მოპოვებას. ჩვენ ეს შევძელით, შეძლეს ჩვენმა ფიგურისტებმა, მადლობა მათ ამ უდიდესი სიხარულისთვის, იმ წუთებისთვის, რომლისთვისაც ნახევარმა საქართველომ მაინც იფხიზლა, რათა საკუთარი თვალით ენახა  ანასტასია მეტელკინას და ლუკა ბერულავას გამოსვლა 25-ე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე. მადლობა და… ახალ წარმატებებს ვუსურვებთ მათ!

 

 

მანანა ძიძიშვილი

  • No Comments
  • თებერვალი 17, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *