„ქართული სული“ – კლასიკური მუსიკის კონცერტების ციკლი
ახალგაზრდა მომღერლებმა გიორგი გობრონიძემ (ბარიტონი), მარიამ შარაშენიძემ (სოპრანო), ერეკლე გურგენიძემ (ბარიტონი), კონცერტმაისტერმა მზეო ჯიჯეიშვილმა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ბათუმის სამუსიკო სასწავლებლის დიდ საკონცერტო დარბაზში მსმენელს მუსიკალური პროექტი „ქართული სული“ შესთავაზეს.
როგორც საღამოს წამყვანმა, ხელოვნებათმცოდნე ნატო ცქვიტინიძემ აღნიშნა, პროექტის მიზანი ეროვნული მუსიკალური მემკვიდრეობის წარმოჩენა, გაცოცხლება და თანამედროვე პრაქტიკაში მისი ორგანულად ჩართვა, ასევე, აუდიტორიისთვის იმ ემოციის მიწოდებაა, რომელიც ქართულ ლექსსა და მელოდიაშია ჩაქსოვილი. მნიშვნელოვანია ისიც, რომ რომანსების ტექსტების ავტორები, როგორც კლასიკოსი, ისე მივიწყებული ლირიკოსი პოეტები არიან, რომელთაც მელოდიამ შთააგონა სიტყვების დაწერა.

რაც შეეხება პროექტს, მისი განხორციელება ახალგაზრდა მუსიკოსებმა ჯერ კიდევ 2019 წელს დაიწყეს და ამისთვის საზოგადოებას „სალონური საღამოები“ შესთავაზეს. მერე იყო პანდემია და ფორმატი შეცვალეს – კონცერტები ფეისბუქისა და ინსტაგრამის პირდაპირი ეთერით გადასცეს. 2020 წელს პირველი ონლაინ საახალწლო კონცერტიც შედგა, რომელმაც მაყურებლის მოწონება დაიმსახურა. 2021 წელს უკვე ინტენსიურად მართავდნენ სალონურ საღამოებს, სადაც ქართულ რომანსებსა და იტალიური რომანტიზმის საოპერო მუსიკას ასრულებდნენ. შეზღუდვების მოხსნისთანავე, ბათუმში პირველი ცოცხალი კონცერტი გაიმართა, რასაც შემდეგ არაერთი სხვადასხვა საინტერესო პროექტი მოჰყვა, რამაც მათი საქმიანობა ახალ სიმაღლეზე აიყვანა. ახალგაზრდები დღეს წარმატებით აგრძელებენ გზას, რომელიც სიყვარულით, მუსიკითა და იდეალებით დაიწყო და რომელსაც „ბათუმური ლირიკა“ ჰქვია.

საღამოს წამყვანმა იმ კომპოზიტორთა შემოქმედება შეახსენა მსმენელს, ვისი ნაწარმოებებიც შეასრულეს პროექტში მონაწილე მომღერლებმა. ეს იყო ოთარ თაქთაქიშვილის, დიმიტრი არაყიშვილის, რევაზ ლაღიძის, ზაქარია ფალიაშვილის, ანდრია ყარაშვილის, სხვათა უკვდავი ნაწარმოებები.
ნატო ცქვიტინიძემ დარბაზს საღამოს მონაწილეები წარუდგინა და ვრცლად ისაუბრა მათ აქტივობაზე სხვადასხვა კონკურსსა თუ პროექტში, მიღწეულ წარმატებებზე.
პროექტის ორგანიზატორი და მონაწილე ერეკლე გურგენიძეა, ფესტივალ „არტ შოუს“ ხელმძღვანელი, საშემსრულებლო ხელოვნების მაგისტრი.
კონცერტის დასასრულს, სამივე მომღერალმა ერთად, იაკობ ბობოხიძის გალაკტიონის ლექსზე შექმნილი სიმღერა „ქარი ქრის“ შეასრულა.
საღამო, რომლის მთავარი მხარდამჭერი აჭარის კულტურის სამინისტროა, მსმენელმა გულთბილად მიიღო.
მანანა ძიძიშვილი