ქართული ცეკვის ხიდი – აჭარასა და ორჰანგაზის შორის
By

ქართული ცეკვის ხიდი – აჭარასა და ორჰანგაზის შორის

აჭარის კულტურის სამინისტროს ორგანიზებითა და მოწვევით, თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ორჰანგაზის კავკასიურ-ქართული კულტურის ასოციაციასთან არსებული ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „ოქრო“ აჭარაში იმყოფებოდა, სადაც ქართული ცეკვის მასტერკლასებში მიიღო მონაწილეობა. ხუთდღიანი საგანმანათლებლო პროგრამა ბათუმის სახელოვნებო სკოლების ფოლკლორულ ანსამბლებთან ერთად გამართული ერთობლივი კონცერტით დასრულდა.

მასტერკლასების ინიციატივა ჩამოყალიბდა აჭარის კულტურის მინისტრ ელისო ბოლქვაძის თურქეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე. პროექტის მთავარი მიზანია თურქეთში მცხოვრები ქართველი ბავშვებისა და მოზარდების ეროვნული იდენტობის გაძლიერება და ქართული ქორეოგრაფიული ტრადიციების სიღრმისეულად გაცნობა.
პროგრამის ფარგლებში, ანსამბლ „ოქროს“ წევრებს მასტერკლასები ჩაუტარდათ აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ „არსიანში“ და აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლაში. სტუმრებმა, ასევე, დაათვალიერეს აჭარის ხელოვნების მუზეუმი და ბათუმის სხვა ღირსშესანიშნაობები. დასკვნით ერთობლივ კონცერტს ესწრებოდნენ მაღალმთიანი აჭარის დელეგატი პარლამენტში ანზორ ბოლქვაძე, აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილე ირმა აბულაძე, სამინისტროს წარმომადგენლები, ქალაქ ბათუმში თურქეთის გენერალური კონსულის მოვალეობის შემსრულებელი ბანუ თერზიოღლუ, ორჰანგაზის კავკასიურ-ქართული კულტურის ცენტრის თავმჯდომარე ირფან შაჰინი, ქალაქ ბურსაში მარმარას რეგიონის კავკასიურ-ქართული ფედერაციის პრეზიდენტი ომერ ფარუქ დემირთაში და მოწვეული სტუმრები.
პროექტი კიდევ ერთხელ გახდა კულტურული კავშირების გაღრმავებისა და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ ახალგაზრდებთან ურთიერთობის განმტკიცების მნიშვნელოვანი პლატფორმა.

  • No Comments
  • მარტი 2, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *