19 C ბათუმი
Tuesday 22nd July 2025
„ქარტია“ მოუწოდებს ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურს, მოხსნას ინკასო „ბათუმელების“ ანგარიშებს
By

„ქარტია“ მოუწოდებს ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურს, მოხსნას ინკასო „ბათუმელების“ ანგარიშებს

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შემოსავლების სამსახურის მიერ შპს „გაზეთი ბათუმელების“ ანგარიშებზე ინკასოს დადებას გამოეხმაურა.

„უკვე წლებია, საქართველოში მედიას უკიდურესად მძიმე პირობებში უწევს მუშაობა, სარეკლამო რესურსების სიმცირის და რეპრესიული კანონმდებლობის გამო. „ბათუმელები“, მზია ამაღლობელის ხელმძღვანელობით, ძალ-ღონეს არ იშურებდა რომ, წინააღმდეგობების მიუხედავად, მკითხველამდე დროულად მიეტანა მისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი, სანდო და გადამოწმებული ინფორმაცია. გამოცემა დაუღალავად ააშკარავებდა კორუფციის ფაქტებს და იცავდა ადამიანების შელახულ უფლებებს. 2025 წლის იანვრიდან მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობაში იმყოფება, რამაც ორგანიზაციის საქმიანობა მნიშვნელოვნად შეაფერხა და მის ფინანსურ მდგომარეობაზეც აისახა.

ინკასოს დასადებად შერჩეული დრო – როცა მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი დასასრულს უახლოვდება, ქარტიას აფიქრებინებს, რომ „ქართული ოცნება“ მის ხელთ არსებულ ფინანსურ ბერკეტს კრიტიკული მედიასაშუალების გასაჩუმებლად და შესავიწროებლად იყენებს.

შემოსავლების სამსახურის გააქტიურება მსგავს ეჭვებს აღძრავს იმის გამოც, რომ უკვე წლებია, პროსახელისუფლებო ტელევიზიებს –

„იმედსა“ და „რუსთავი2“-ს, მილიონობით ლარი აქვთ საბიუჯეტო დავალიანება, რაც მათ მიმართ სააღსრულებო მოქმედების საფუძველი არ გამხდარა.

სახელმწიფოს ვალდებულებაა, ხელი შეუწყოს დემოკრატიული ინსტიტუციების, მათ შორის, მედიის განვითარებას, რომლის როლი დემოკრატიის გამართულად ფუნქციონირებაში შეუფასებელია. სახელმწიფო პოლიტიკა მიმართული უნდა იყოს მედიაბიზნესის, რომელიც განსაკუთრებულად მგრძნობიარეა პოლიტიკური და ეკონომიკური რყევების მიმართ, დაცვისა და ხელშეწყობისკენ და არა გადასახადების ამოღების მოტივით მისი დათრგუნვისა და განადგურებისკენ.

ქარტია მოუწოდებს ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურს, მოხსნას ინკასო „ბათუმელების“ ანგარიშებს, შეუდგინოს მას გრაფიკი დავალიანების გასასტუმრებლად და გამოცემას ნორმალურად ფუნქციონირების საშუალება მისცეს.

 

  • No Comments
  • ივლისი 22, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *