ქედაში მედიკოსებს 2026 წლის პროგრამები გააცნეს
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე მარი ზანაქიძე და მოადგილე ზურაბ თენიეშვილი, ქედის მუნიციპალიტეტის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ და 2026 წლის პროგრამები გააცნეს. სამინისტროს პრიორიტეტი სამედიცინო მომსახურებაზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობა და მიზნობრივი ჯგუფების მხარდაჭერაა.
– ვაგრძელებთ შეხვედრებს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან, რათა მოსახლეობა პროგრამების შესახებ მაქსიმალურად იყოს ინფორმირებული. სამინისტრო, ძვირადღირებულ სერვისებთან ერთად, ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამის ფარგლებში, გარკვეული კატეგორიის მოსახლეობას უფინანსებს ინტენსიური თერაპიის და ქირურგიული მომსახურების თანაგადახდას. ასევე სერვისებს, რომლებიც არ იფარება მოქმედი სახელმწიფო პროგრამებით და თითოეული შემთხვევა განიხილება ინდივიდუალურად, შესაბამისი კომისიის მიერ, – აღნიშნა შეხვედრაზე მინისტრის პირველმა მოადგილემ მარი ზანაქიძემ.
ქედაში ვიზიტის ფარგლებში, მინისტრის მოადგილეებმა ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებთან ერთად, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ქედის სამსახურის მედდა გუგული გათენაძე, 75 წლის იუბილესა და 50 წლიანი პროფესიული საქმიანობისთვის დააჯილდოვეს.