ქვეყანაში გრიპის სამი ტიპი ცირკულირებს – ექიმი მშობლებს გაფრთხილებით მიმართავს
საქართველოში ამ ეტაპზე გრიპის ვირუსის სამი განსხვავებული ტიპი ცირკულირებს, მათ შორის დომინანტურია ე.წ. ჰონგ-კონგის გრიპი (H3N2), რომელიც შემთხვევების დაახლოებით 65%-ს შეადგენს. ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში მკვეთრად გაიზარდა ბავშვების მიმართვიანობა რესპირაციული მედიცინის დეპარტამენტში, სადაც, ხშირ შემთხვევაში, მიზეზი გრიპის გართულება – ფილტვის ანთებაა.
„ამჟამად ქვეყანაში გრიპის სამი ტიპი ვრცელდება: H3N2 ანუ ე.წ. ჰონგ-კონგის გრიპი, H1N1 – ე.წ. ღორის გრიპი და B ტიპის გრიპი. ყველაზე გავრცელებულია სწორედ H3N2. გრიპი წელს გაცილებით ადრე გახდა დომინანტური, რაც მისი მუტაციებითა და მაღალი გადამდებლობით არის განპირობებული,“ – აღნიშნა ჩხაიძემ.
მისივე ინფორმაციით, ვაქცინა, რომელიც ქვეყანაში გამოიყენებოდა, სამივე ტიპის ვირუსის წინააღმდეგ ეფექტურ კომპონენტებს შეიცავდა.
ექიმი განსაკუთრებული ყურადღებისკენ მოუწოდებს მშობლებს და სთხოვს, ნუ დაელოდებიან მაღალი სიცხის 3-4-დღიან პერიოდს და თავიდანვე მიმართონ ექიმს.
„მინდა ვთხოვო 5 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებს – ნუ დაელოდებით მაღალი სიცხის რამდენიმე დღეს. თუ ბავშვს აქვს მაღალი ტემპერატურა, ძლიერი თავის ტკივილი, ყელის ტკივილი, სახსრების ტკივილი ან საკვებზე უარს ამბობს, პირველივე დღიდან მიმართეთ ოჯახის ექიმს. დროულად დაწყებულ ანტივირუსულ მკურნალობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით პირველ 48 საათში“, – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.
მისივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში, ექიმმა უნდა გადაწყვიტოს ბავშვის ჰოსპიტალიზაცია, რათა თავიდან იქნას აცილებული გრიპის გართულებები.