
ქვეყნებს შორის კულტურული დიალოგის გაღრმავებისათვის
აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე, რუმინეთის ქალაქ კონსტანცაში, საქმიანი ვიზიტის ფარგლებში, კონსტანცას მერს ვერგილ ჩიცაკს, სამხარეო ადმინისტრაციის საბჭოს ვიცე-პრეზიდენტ რაზვან ფილიპესკუსა და საბჭოს მრჩეველს კულტურის საკითხებში გაბრიელ კროიტორუს შეხვდა. ოფიციალურ შეხვედრებს ასევე ესწრებოდა რუმინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ ბერუჩაშვილი.
მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს აჭარის კულტურის სამინისტროსა და კონსტანცას რეგიონს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, პრიორიტეტული მიმართულებების ჩამოყალიბებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე.
ელისო ბოლქვაძე კონსტანცას სახელმწიფო თეატრს ეწვია, შეხვდა დირექტორ ერვინ შიმსენსონს, მოინახულა კონსტანცას ხელოვნების მუზეუმი.
ვიზიტის ფარგლებში, მინისტრმა დაათვალიერა კონსტანცას ახლად რეაბილიტირებული ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლი – კულტურულ-საგამოფენო ცენტრი, რომელიც ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა.
– აღნიშნული ვიზიტი მნიშვნელოვანია ბათუმსა და კონსტანცას შორის კულტურული დიალოგის გაღრმავების, გამოცდილების გაცვლისა და ერთობლივი ინიციატივების განვითარების მიმართულებით, – განაცხადა აჭარის კულტურის მინისტრმა.
კონსტანცას მერმა ვერგილ ჩიცაკმა მადლობა გადაუხადა მინისტრს და აღნიშნა, რომ ეს კავშირი ორი ქვეყნის კულტურულ ინსტიტუტებსა და ხელოვანებს შორის თანამშრომლობის დასაწყისია და მნიშვნელოვანია კულტურის სფეროში მომავალი კავშირების გასაღრმავებლად.
გალერეა

