19 C ბათუმი
Sunday 20th July 2025
ქვეყნისა და მათემატიკის სიყვარულში
By

ქვეყნისა და მათემატიკის სიყვარულში

 

გაზეთ „აჭარის“ სტუმარია ცნობილი მეცნიერი, საერთაშორისოდ აღიარებული მათემატიკოსი, პროფესორი ვლადიმერ ბალაძე. თბილისისა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტების ერთგული მსახურის ბავშვობის წლები მშობლიურ კუთხეს – აჭარას უკავშირდება. მან წარჩინებით დაამთავრა სოფელ გეგელიძეების 8-წლიანი სკოლა და ცხმორისის საშუალო სკოლა, შემდეგ კი გახდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტის სტუდენტი. ღვაწლმოსილი მეცნიერი ამბობს, რომ თავისი ქვეყანა მისთვის ყველაზე დიდი საფიცარია. ერთ დროს სოფელ გეგელიძეების სკოლის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე, დღეს უნივერსიტეტის წარმატებული და თავდადებული მოღვაწეა.

ვლადიმერ ბალაძის მთავარ სამეცნიერო მიღწევად ითვლება ბათუმში ტოპოლოგიის სხვადასხვა მიმართულების განვითარება და ამ მიმართულებათა კვლევის სკოლის შექმნა. ის ხელმძღვანელობს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის დეპარტამენტის სამეცნიერო სემინარს ,,ტოპოლოგიურ სივრცეთა და უწყვეტ ასახვათა კლასიფიკაციები და მათი ალგებრული და გეომეტრიული ინვარიანტები“.

პროფესორი ვლადიმერ ბალაძე ტოპოლოგიაში 100-მდე სამეცნიერო შრომის ავტორი და 50-მდე საერთაშორისო მათემატიკური ფორუმის მონაწილეა. განსაკუთრებულია მისი როლი ბსუ-სგანვითარებაში. მისი ხელმძღვანელობით მომზადებული და დაცულია მრავალი დისერტაცია, არის ბათუმის უნივერსიტეტში ჩატარებული არაერთი მათემატიკური კონფერენციის ორგანიზატორი.

ვლადიმერ ბალაძე 2005-2006 წლებში იყო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე სასწავლო-აკადემიურ დარგში, ხოლო 2006-2007 წლებში – რექტორი. როგორც რექტორმა და პრორექტორმა, აირჩია რეფორმების სწორი კურსი, უნივერსიტეტის ღირსეულ პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად იდგა უნივერსიტეტის და სტუდენტების ინტერესების დაცვის სადარაჯოზე, ზრუნავდა სასწავლო-აკადემიური და სამეცნიერო დონის ამაღლებაზე,

გაატარა აუცილებელი ღონისძიებები, საზოგადოებას მედიის საშუალებით გააცნო უნივერსიტეტის განვითარების პროგრამა, ფაკულტეტების დეპარტამენტებში შეიქმნა მიმართულებები, რომლებიც ორიენტირებული იყო კონკრეტული სამეცნიერო დარგების განვითარებასა და შესაბამისი საგნების სწავლებაზე და სხვა.

2008-2022 წლებში ვლადიმერ ბალაძე მათემატიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელია. მისი, ასევე, მისი კოლეგების აქტიური მონაწილეობითა და ძალისხმევით მათემატიკის დეპარტამენტი გადაიქცა ქვეყნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მათემატიკურ ცენტრად.

ღვაწლმოსილი მეცნიერი სხვადასხვა საინტერესო საკითხზე გვესაუბრა.

ბატონო ვლადიმერ, გთხოვთ, ჩვენი გაზეთის მკითხველს უამბოთ თქვენი სტუდენტობის წლების შესახებ.

– 1969 წელს გავხდი ქვეყნის უპირველესი ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტი. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო პირველი დღე, როცა გაიმართა პირველკურსელებთან საზეიმო შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდა უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ილია ვეკუა. მე და ჩემს თანაკურსელებს გვიხაროდა, რომ მოვხვდით იმ ქართულ მათემატიკურ სკოლაში, სადაც ა. რაზმაძის, ნ. მუსხელიშვილის, გ. ნიკოლაძის, ა. ხარაძის, ი ვეკუას, გ. ჭოღოშვილის, ვ. კუპრაძის, ვ. ჭელიძის და სხვათა მიერ განვითარდა მათემატიკის კლასიკური და აბსტრაქტული დარგები. ქართველ მათემატიკოსთა შემდგომმა თაობამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული მათემატიკური სკოლის განვითარებაში. ისინი მოღვაწეობდნენ ცნობილ ქართულ მათემატიკურ ცენტრებში: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში, ნიკოლოზ მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტში, ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში და ლექციებს უკითხავდნენ მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტის სტუდენტებს. მე წილად მხვდა პატივი, ვყოფილიყავი მათი სტუდენტი.
ალგებრა-გეომეტრიის კათედრის გამგემ, აკადემიკოსმა გიორგი ჭოღოშვილმა განსაკუთრებული როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში. უნივერსიტეტმა ალგებრის, გეომეტრიის და ტოპოლოგიის მიმართულებებში კარგი ცოდნა მომცა. მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე ლექციებს მიკითხავდნენ ცნობილი მათემატიკოსები: ა. ხარაძე, გ. ჭოღოშვილი, ვლ. ჭელიძე, ლ. ჟიჟიაშვილი, ი. კიღურაძე, მ. ბაშალეიშვილი, ე. წითლანაძე, ბ. ქარცივაძე, გ. კვინიკაძე, გ. ლომაძე, ა. ჩახტაური, დ. კვესელავა, ნ. ბერიკაშვილი, ხ. ინასარიძე, დ. ბალაძე, ლ. მძინარიშვილი, ლ. ზამბახიძე, ე. ნადარაია და სხვები. აქ ჩამოვყალიბდი მათემატიკოსად. შემდეგ გავხდი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ასპირანტი. შევასრულე საკანდიდატო დისერტაცია ,,სივრცეთა და კომპლექსთა გამოყოფილ კლასებზე დაფუძნებული განზომილების ინვარიანტები“. ჩემი სამეცნიერო ხელმძღვანელები გახლდნენ აკადემიკოსი გიორგი ჭოღოშვილი და პროფესორი ლაზარე ზამბახიძე. სამუშაოდ დავბრუნდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალგებრა-გეომეტრიის კათედრაზე, ვიყავი ასისტენტი, მომენიჭა დოცენტის წოდება, გავხდი პროფესორი. მანამდე კი შევასრულე სადოქტორო დისერტაცია ,,ტოპოლოგიურ სივრცეთა და უწყვეტ ასახვათა რეზოლვენტები და მათი გამოყენებანი სპექტრალურ ჰომოტოპიის თეორიაში“. დაცვაზე ოპონენტებად მოწვეული იყვნენ საქვეყნოდ ცნობილი მათემატიკოსები: იური სმირნოვი (მოსკოვის უნივერსიტეტი), ვიტალი ფედორჩუკი (მოსკოვის უნივერსიტეტი) და ლეონარდ მძინარიშვილი (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი).

– თქვენ ყოველთვის დიდი სითბოთი და სიყვარულით იხსენებთ პროფესორ გიორგი ჭოღოშვილს. გთხოვთ, გაიხსენოთ რამდენიმე საინტერესო მოგონება.

– ბატონ გიორგისთან ჩემი ურთიერთობა იწყება მეორე კურსიდან, როცა ის გვიკითხავდა ლექციების კურსს ტოპოლოგიაში. მას ძალიან მოეწონა ჩემი მომზადების დონე და საგამოცდო ბილეთის ჩანაწერი, რომელიც ყველა სტუდენტს აჩვენა და დასძინა: აი, ასე უნდა წერდეთ და გადმოსცემდეთ ტოპოლოგიის მასალას. დამატებითი კითხვები დამისვა. პასუხით კმაყოფილმა უმაღლესი შეფასება დამიწერა და მირჩია, დამემუშავებინა დამატებითი ლიტერატურა და მევლო დაბალკურსელთა პრო-სემინარზე, რომელსაც ალგებრა-გეომეტრიის კათედრაზე ატარებდნენ ცნობილი ტოპოლოგი და ალგებრაისტი მათემატიკოსები. აი, ასე გავხდი ალგებრა-გეომეტრიის კათედრის მსმენელი სტუდენტი და მათემატიკის ინსტიტუტის ასპირანტი. ყოველთვის ვიყავი ბატონ გიორგის ოჯახის სასურველი სტუმარი. ჩემი გულთბილი მასპინძლები იყვნენ მისი მეუღლე, აღიარებული აღმოსავლეთმცოდნე, აკადემიკოსი მზია ანდრონიკაშვილი, შვილები არჩილი და ლევანი, ცნობილი ბიოფიზიკოსი და მხატვარი. ოჯახში მუდმივად იმართებოდა საუბრები ქვეყნის წარსულზე, მომავალზე და იმჟამად გააქტიურებულ ეროვნულ მოძრაობაზე. ბატონ გიორგის ყოველთვის აინტერესებდა ჩემი აზრი და შეხედულება ისტორიულ საქართველოზე. აღტაცება ვერ დამალა, როცა გაიგო, რომ უზენაესი საბჭოს თავჯდომარე ზვიად გამსახურდიამ მიმიწვია პრეზიდიუმის სხდომაზე ჩემი შეხედულების სათქმელად.

– როგორც თბილისის, ისე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტებში არაერთ სალექციო კურსს უძღვებოდით, რომელს გამოარჩევდით?

– ვკითხულობდი სალექციო კურსებს ტოპოლოგიაში, ალგებრაში, ანალიზურ გეომეტრიასა და გეომეტრიულ-ტოპოლოგიაში. ასევე, მიმყავდა სპეციალური კურსები განზომილების თეორიაში, ჰომოლოგიის თეორიაში, რეტრაქტების თეორიაში, შეიპების თეორიასა და ეკვივარიანტულ ტოპოლოგიაში იმ სტუდენტებისათვის, რომლებიც ირჩევდნენ გეომეტრია-ტოპოლოგიის მიმართულებას. ვფიქრობ, ჩემს ყველაზე დიდ პედაგოგიურ მიღწევად ითვლება წლების განმავლობაში ტოპოლოგიის კურსის წაყვანა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის სპეციალობის სტუდენტებისათვის. აღნიშნული კურსი თავდაპირველად მიჰყავდა საქართველოში ტოპოლოგიური სკოლის ფუძემდებელს, აკადემიკოს გიორგი ჭოღოშვილს. შემდგომში, მისი თხოვნით და ალგებრა-გეომეტრიის კათედრის გადაწყვეტილებით, მომეცა საშუალება, ეს კურსი გამეგრძელებინა.

– თქვენ მოგიხსენიებენ, როგორც ერთ-ერთ წარმატებულ პროფესორს იმათ შორის, ვინც მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ჩვენთან ჩამოდიოდა პედაგოგიური საქმიანობის საწარმოებლად. როგორ ახერხებდით, არ გიჭირდათ?

– თბილისის უნივერსიტეტის პარალელურად, ჩვენი ქვეყნის ისტორიის ყველაზე მძიმე პერიოდში, 15 წლის განმავლობაში, 1990-2005 წლებში, პედაგოგიურ და სამეცნიერო საქმიანობას, აგრეთვე, ვეწეოდი ბათუმის უნივერსიტეტში. დიდი სურვილი მქონდა, ქვეყნისთვის სასარგებლო საქმე ბათუმშიც მეკეთებინა. აქ აღვზარდე კარგი ახალგაზრდა მათემატიკოსები. ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ბათუმის უნივერსიტეტის ცხოვრებაში, დიდი წვლილი შეაქვთ ბათუმში მათემატიკის განვითარებაში. მადლობა ორივე უნივერსიტეტის რექტორებს მხარდაჭერისათვის.

როგორ ფიქრობთ, გრძელდება თქვენ მიერ შექმნილი ტოპოლოგიური სკოლის განვითარება ბათუმში?

– რა თქმა უნდა, გრძელდება. აქ მრავალი ნიჭიერი და დიდი მომავლის მქონე ახალგაზრდა მათემატიკოსი გვყავს და ისინი წარმატებით აგრძელებენ ჩემს დაწყებულ საქმეს. ჩემი მეცნიერული მოღვაწეობაც ამის დასტურია. შევეცადე, ბათუმში შემექმნა სამეცნიერო სკოლა, რომელიც უზრუნველყოფდა ტოპოლოგიის განვითარებას.

– როგორც ვიცით, თქვენ ხართ პირველი ქართულენოვანი სახელმძღვანელოს ავტორი ტოპოლოგიაში. როგორ იქმნებოდა ეს წიგნი?

– სახელმძღვანელო „ტოპოლოგია“ დაეფუძნა იმ ტოპოლოგიურ სალექციო კურსებს, რომლებსაც წლების განმავლობაში ვკითხულობდი თბილისისა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტებში. მიხარია, რომ ჩემი დიდი მასწავლებლის თხოვნა – შემექმნა სახელმძღვანელო ტოპოლოგიაში, შევასრულე. ეს წიგნი მიეძღვნა გიორგი ჭოღოშვილის 100 წლის იუბილეს.

– რას ურჩევთ ახალბედა კოლეგებს?

– ჩემს მოსწავლეებს ვურჩევ აქტიურ სამეცნიერო მუშაობას. დიდი შრომის შედეგად იქმნება საინტერესო სამეცნიერო შედეგები და ვითარდება მათემატიკური თეორიები. ასე ვიყავი მეც, აქტიურმა სამეცნიერო საქმიანობამ და დოქტორანტებთან მუშაობამ მომიტანა წარმატებები.

– დიდი მეცნიერი ილია ვეკუა ახსენეთ. გთხოვთ, გაიხსენოთ მასთან დაკავშირებული მოგონებები.

– ილია ვეკუა მსოფლიოში აღიარებული მათემატიკოსი გახლდათ. მისი რექტორობის პერიოდში უნივერსიტეტი გადაიქცა ცნობილ, საერთაშორისო აღიარების სამეცნიერო კერად. სტუდენტებს გვიხაროდა მისი გამოჩენა ჩვენს ფაკულტეტზე. მახსოვს, მათემატიკის მისაღებ გამოცდაზე მოვიდა, გვერდით ჩაიარა, ჩემს ნამუშევარს შეხედა და გაიღიმა. მოეწონა, როცა დაინახა, რთულ ამოცანას ვხსნიდი კომპლექსური რიცხვების გამოყენებით, რაც სასკოლო პროგრამით გათვალისწინებული არ იყო. მომეცა ძალიან დიდი ძალა და რთული ამოცანაც ამოვხსენი.

– რას ნიშნავს თქვენთვის თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი?

– თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უდიდესი სამეცნიერო ტაძარია. ამ უნივერსიტეტმა მომცა ყოველივე საუკეთესო, რაც ჩემშია, ცოდნაც და ეროვნული სულიც, გამზარდა ქვეყნის პატრიოტ და ეროვნული მრწამსის მქონე მოქალაქედ.

– რამდენიმე ათეული წელია, უმაღლეს სასწავლებლებში სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობას უძღვებით. გთხოვთ, შეადაროთ მაშინდელი და ახლანდელი სტუდენტობა.

– ჩვენს ქვეყანას ყველა დროში ჰყავდა ნიჭიერი ახალგაზრდა თაობა. განათლების სისტემის დაგეგმილმა ადრინდელმა რეფორმამ ახლანდელ თაობას შეუქმნა გარკვეული პრობლემები. ბათუმის უნივერსიტეტს არ მოსწონდა რეფორმების ეს კურსი და ვცდილობდით, მოგვეძებნა ის მიდგომა, რომელიც ხელს შეუწყობდა რეფორმის წარმატებით, უმტკივნეულოდ განხორციელებას. ასეთი ცვლილებების გატარების აუცილებლობაში ჩვენ გვარწმუნებდა თბილისის უნივერსიტეტის ცნობილ რექტორთა მოღვაწეობის ისტორია. ახლა კი მდგომარეობა იცვლება. მჯერა, ყველაფერი გამოსწორდება.

– როგორია პროფესორ ვლადიმერ ბალაძის ერთი სამუშაო დღე?

– ვეცნობი ახალ სამეცნიერო მიღწევებს. საინტერესო ამოცანებს ვაცნობ ჩემს სტუდენტებს და დოქტორანტებს, ვკითხულობ ლექციებს და ვატარებ სპეციალურ სემინარებს.

დღეს, ამდენი წარმატებისა და აღიარების შემდეგ, რას ნიშნავს თქვენთვის მშობლიური გარემო – გეგელიძეები და ბალაძეები ?

– მშობლიური გეგელიძეები და ბალაძეები ჩემთვის ყველაზე მიმზიდველი გარემოა. ძალიან ბევრი სასიამოვნო მოგონება მაკავშირებს როგორც გეგელიძეებთან, ისე – ბალაძეებთან, ჩემი და ჩვენი წინაპრების მშობლიურ სოფლებთან. მეამაყება, რომ ჩემი წინაპრები აქ არსებული თამარის ხიდის მშენებლები იყვნენ, მონაწილეობდნენ ზარზმის ეკლესიის აგებაში, გალობდნენ ამ ეკლესიაში. ბალაძეთა ერთ შტოს, რომელიც გურიაში გადავიდა მგალობლებად, მგალობლიშვილების გვარი მიანიჭეს. მგალობლიშვილების ერთი ნაწილი გურიიდან ქართლში გადასახლდა და იქ ეწეოდა სასულიერო მოღვაწეობას. სწორედ მათი შთამომავალია ცნობილი მწერალი და საზოგადო მოღვაწე სოფრომ მგალობლიშვილი. საამაყო წინაპრები გვყავდა. ამიტომაც ვცდილობ, ღირსეულად ვიარო მათ მიერ გაკვალულ გზაზე. ბევრი სასიამოვნო მოგონება უკავშირდება სკოლას. ერთხელ, კვირა დღეს, სკოლის ეზოში ფეხბურთს ვთამაშობდით. თამაშის შემდეგ დაღლილი ბიჭები ავედით სკოლის შენობის სხვენში. იქ ინახებოდა სასკოლო ჟურნალები. მესამე კლასის ჟურნალში წავიკითხე ქართული ენისა და ლიტერატურის შესანიშნავი პედაგოგის მ. კეკელიძის შეფასება ჩემი წლიური მუშაობის შესახებ, რომელიც მუდამ მახსოვს: ,,სკოლის პედაგოგიური კოლექტივი თვლის, რომ ვლადიმერ ბალაძე უეჭველად გახდება ქვეყნის ცნობილი და წარმატებული მოღვაწე“. ასევე, მახსოვს, თბილისის სკოლების მუშაობის გამოცდილების გასაცნობად მივლენილმა ისტორიის ცნობილმა პედაგოგმა მ. სირაბიძემ ჩვენს კლასს აუწყა: ,,მრავალი სკოლის კლასების მუშაობას გავეცანი, მაგრამ ვერ ვნახე ვლადიმერის დონის მოსწავლე“.
ერთხელ ჩვენმა სკოლამ თანასოფლელთათვის წარმოდგენა გამართა – ილია ჭავჭავაძის „კაკო ყაჩაღი“. წარმოდგენის შემდეგ სიტყვით გამოვიდა ცნობილი პედაგოგი და ჩვენი სკოლის თვალსაჩინო დირექტორი ი. ნიჟარაძე, რომელმაც თქვა: ,,მოხუცის როლის შემსრულებელი ვლადიმერი, დარწმუნებული ვარ, გახდება ცნობილი და აღიარებული პროფესორი“. ისიც მინდა ვთქვა, რომ ი. ნიჟარაძემ დიდი შთაბეჭდილება დატოვა ჩემს უნივერსიტეტელ მასწავლებლებზე. საკანდიდატო დისერტაციის დაცვისას მისმა წარმოთქმულმა სიტყვამ ყველა აღაფრთოვანა, აკადემიკოსმა გიორგი ჭოღოშვილმა კი მას და ჩვენს სკოლას საჩუქრად გამოუგზავნა საინტერესო წიგნები სასკოლო ბიბლიოთეკისთვის. ჩემი სოფელი ცნობილია მთელ საქართველოში. იგი დიდი ქართველი პოეტის, სამშობლოს ერთგული და თავდადებული მსახურის, ფრიდონ ხალვაშის სოფელია. მას ყოველთვის ამშვენებდნენ ღირსეული ოჯახები, სადაც იზრდებოდნენ ნიჭიერი თაობები და ამ თაობებმა დიდი როლი ითამაშეს ქვეყნის ცხოვრებაში. სოფელს ჰყავს ღირსეული მეცნიერები, პედაგოგები, ინჟინრები, ეკონომისტები, ექიმები, კინორეჟისორი და მხატვარი.
ჩემი ცხოვრების გზები და ბილიკები გეგელიძეებიდან დაიწყო. ყველგან, სადაც მივდიოდი, მივდიოდი როგორც ბალაძეების, გეგელიძეების და საქართველოს შვილი. ჩემი დიდი მასწავლებელი ყოველთვის მთხოვდა, რომ ყველა საერთაშორისო მათემატიკურ შეხვედრაზე ვყოფილიყავი ჩემი ქვეყნის ღირსეული დესპანი, ქართველი კაცის საამაყო განსახიერება. კარგად მახსოვს, ერზრუმის უნივერსიტეტში სტუმრობისას, ლექცია წავიკითხე პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტებისათვის ტოპოლოგიაში. ლექცია წარმატებული გამოდგა. ბედნიერად ვიგრძენი თავი, როცა ჩემთან მოვიდნენ ტაო-კლარჯეთელი სტუდენტები და მითხრეს, ჩვენ ვართ ქართველები, გვიყვარს საქართველო, აქ მოდიოდა ულამაზესი ქართველი ქალი თამარი (ალბათ, მეფე თამარი!). ასე იყო 1992 წელს, პარიზის ევროპის მათემატიკოსთა პირველ კონგრესზე, სადაც კონგრესის მუშაობაში მონაწილეობა მივიღეთ სამმა ბალაძემ – დურსუნ და ემზარ ბალაძეებმა და მე. დასამახსოვრებელი იყო ლევილის ქართველთა დასახლებისა და პანთეონის ნახვა, შეხვედრა პარიზელ ქართველებთან ეკლესიაში, წირვაზე, პარიზის ქართველთა სახლში – ცნობილ ანსამბლთან ,,ქართული ხმები“, ტაო-კლარჯეთიდან ემიგრირებულ ქართველებთან და კონგრესის მონაწილე მათემატიკოსებთან. გაოცებული ვიყავით მოწვეული ფრანგი სტუმრების საქართველოსადმი დიდი ინტერესით. ცნობილმა სოლისტმა გურამ თამაზაშვილმა სიხარული ვერ დამალა, როცა გაიგო, მისი მშობლიური კუთხიდან სამი მათემატიკოსი მონაწილეობდა კონგრესის მუშაობაში.
სამშობლოსადმი, საქმისა და ერთმანეთისადმი დიდი სიყვარული გადაარჩენს ჩვენს ქვეყანას. ეს ნათლად გამოჩნდა იმ საღამოს და ასეა დღესაც. განსაკუთრებით დამამახსოვრდა ჩვენს უპირველეს ეროვნულ უნივერსიტეტში, მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე, ტოპოლოგიაში ძირითადი კურსის წაკითხვა. პირველ ლექციაზე შესვლის წინ მღელვარება დამეუფლა. ლექციაზე შევდიოდი 202 აუდიტორიაში, რომლის კარები პირველად შევაღე 1969 წლის სექტემბერში, როგორც უნივერსიტეტის სტუდენტმა, ახლა კი შევდიოდი როგორც უნივერსიტეტის პროფესორი. ჩემს თავს შევუძახე: იყავი მშვიდად, შენ უკან გეგელიძეებიდან მომავალი წარმატებული გზაა. ეს იყო ჩემი ყველაზე სამახსოვრო და სასიამოვნო ლექცია იმ ფაკულტეტზე, სადაც მოღვაწეობდნენ აღიარებული ქართველი მათემატიკოსები.
ვცდილობ, თავისუფალი დრო სოფელში გავატარო. მეამაყება, რომ მშობლიური სკოლები და პედაგოგები მთვლიდნენ ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მოსწავლედ, შემდგომში კი – ჩემს ქვეყანას ვემსახურე როგორც თბილისის უნივერსიტეტიდან, ისე ბათუმის უნივერსიტეტიდან. ბედის საძიებლად უცხოეთში არ წავსულვარ, პირიქით, დავბრუნდი მშობლიურ კუთხეში. უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს ის ფაქტი, რომ ჩემს ქვეყანას ვემსახურები უძველესი ქართული მხარიდან, აჭარიდან. როგორც იტყვიან, აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს.

– როგორია პროფესორ ვლადიმერ ბალაძის სამომავლო გეგმები და მიზნები?

– არჩეულ გზას ვერ ვუღალატებ. ყოველთვის იქ ვიქნები, სადაც ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ახალგაზრდა თაობას სჭირდება. ასე ვიარე და ასე ვივლი ჩემი ცხოვრების გზაზე. უდიდესი ბედნიერებაა, შენს ქვეყანას და შენს საკეთებელ საქმეს ემსახურო დიდი სიყვარულით. ასეა ამ სურათებიდან მომზირალ პიროვნებათა ცხოვრება და მოღვაწეობა.

 

ხატია იაშვილი

  • No Comments
  • ივლისი 15, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *