19 C ბათუმი
Wednesday 2nd July 2025
ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების და თვითუზრუნველყოფისთვის აკვაკულტურას მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია
By

ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების და თვითუზრუნველყოფისთვის აკვაკულტურას მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია

საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსა და სამოქალაქო კომიტეტის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, აკვაკულტურის დარგში არსებული გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს ქობულეთში, თევზის მწარმოებელ ფერმერებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე. შეხვედრის ორგანიზატორებია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ინიციატორი -აკვაკულტურის განვითარების ასოციაცია „ფორეჯი.“

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე, აღნიშნული სამინისტროების, დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლები და რეგიონის თევზის მწარმოებელი ფერმერები ესწრებოდნენ.

თენგიზ ნასარიძემ აღნიშნა:
„ქვეყანაში აკვაკულტურის განვითარება და ამ მიმართულებით საქმიანობის გააქტიურება ერთ-ერთი პრიორიტეტია. უკვე მივიღეთ კანონი აკვაკულტურის შესახებ და შევიმუშავეთ ნორმატიული ბაზა, რაც ხელს შეუწყობს დარგის ეფექტიან განვითარებას. ქვეყანას აქვს როგორც მტკნარი წყლის, ასევე საზღვაო სივრცეში აკვაკულტურის განვითარების რესურსი. უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების და თვითუზრუნველყოფისთვის აკვაკულტურას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს, ამასთან მას კარგი საექსპორტო პოტენციალიც გააჩნია.“

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრ ზაზა შავაძის თქმით, მნიშვნელოვანია სახელმწიფო უწყებებსა და დარგობრივ ფერმერებს შორის აქტიური კომუნიკაცია, რათა ზუსტად მოხდეს აკვაკულტურის დარგში არსებული საჭიროებების იდენტიფიცირება, პოტენციალის განსაზღვრა და არსებული გამოწვევების დაძლევისთვის ეფექტიანი ღონისძიებების შემუშავება. ეს მნიშვნელოვნად წაადგება ქვეყანაში აკვაკულტურის მდგრად განვითარებას.

შეხვედრაზე დარგში არსებული საკანონმდებლო სიახლეები, აკვაკულტურის განვითარების პერსპექტივები და გამოწვევები განიხილეს. საუბარი შეეხო

აკვაკულტურის დარგის მდგრადი განვითარების უზრუნველყოფისთვის ყველა ჩართული მხარის (სახელმწიფო, კერძო სექტორი და ბიზნესი) აქტიური თანამშრომლობის და დარგის განვითარების ერთიანი ხედვის ჩამოყალიბების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ საქართველოში აკვაკულტურას დიდი პოტენციალი გააჩნია და დარგის სწრაფი განვითარებისა და ეკონომიკური საქმიანობის სტიმულირებისთვის იგი მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ.

  • No Comments
  • აგვისტო 17, 2023

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *