
„ღამის სერენადების“ ბათუმური საღამოები
ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალ „ღამის სერენადების“ წლევანდელი ბათუმური საღამოები დასრულდა. სამივე კონცერტმა, როგორც ყოველთვის, შესანიშნავად ჩაიარა, მასში მონაწილე მუსიკოსების მაღალი პროფესიონალიზმიც კიდევ ერთხელ გამოვლინდა.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის სამინისტრო, აჭარის კულტურის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია, ქალაქ ბათუმის მერია…
„ღამის სერენადები“ 20 აგვისტოს ბორჯომში გალა კონცერტით გაიხსნა (დამფუძნებელი – ლიანა ისაკაძე, დირექტორი – ნინა ცაგარელი, სამხატვრო ხელმძღვანელი – გიორგი ისაკაძე). ფესტივალში მსოფლიოში აღიარებული ქართველი და უცხოელი ვარსკვლავები მონაწილეობენ, მათ გარდა, ტრადიციულად – ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსებიც რაც საღამოს გამორჩეულად საინტერესოს ხდის.
ბათუმური საღამოები (22, 24, 26 აგვისტო) საინტერესო და მნიშვნელოვანი პროგრამით იყო დატვირთული.
პირველ კონცერტზე, რომელსაც „მორიკონე – კინოს ლეგენდა“ ეწოდა, უდიდესი კომპოზიტორის ენიო მორიკონეს მუსიკა ჟღერდა კინოფილმებისთვის: „ერთხელ ამერიკაში“, „სიცილიური კლანი“, „ეჭვგარეშე მოქალაქისთვის საქმის გამოძიება“, „კალიფა“, „მალენა“, „ერთხელ ველურ დასავლეთში“, „ახალი კინოთეატრი პარადიზო“, „ლეგენდა პიანისტზე“. ასევე, შესრულდა ქართული ნაწარმოებები. კონცერტში მონაწილეობდნენ: ნელლო სალცა (საყვირი, იტალია), სოფო ხალვაში (ვოკალი), გიორგი შიოლაშვილი (ფორტეპიანო), ფესტივალის საბაზო ორკესტრი – „საქართველოს ვირტუოზები“ (ლელა მჭედლიძე – პირველი ვიოლინო).
„ღამის სერენადების“ პირველ ბათუმურ საღამოზე მაყურებელს გიორგი ისაკაძე მიესალმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ფესტივალი წელს მეჩვიდმეტედ იმართება და ის წლების წინ დაწყებულ ისტორიას კიდევ არაერთ წელს ღირსეულად გააგრძელებს.
– თითოეული კონცერტი დიალოგია ეპოქებსა და ჟანრებს შორის. ენიო მორიკონეს კლასიკად ქცეულმა კინოსამყარომ და ვივალდის ემოციურმა ბაროკოს მუსიკამ, პიაცოლას ტანგოს ენერგიამ და ბრამსის საკომპოზიტორო აზროვნების სიღრმემ, ასევე, მრავალი სხვა კომპოზიტორის მუსიკამ ერთ სივრცეში მოიყარა თავი და მსმენელს ხელოვნების ენით ესაუბრა, – აღნიშნა გიორგი ისაკაძემ.
ნელლო სალცას „იტალიური კინოს საყვირს“ უწოდებენ. 30-წლიანი აქტიური საშემსრულებლო კარიერის განმავლობაში მან არაერთი დაუვიწყარი თემა შეასრულა, რომელთაგან მრავალი კინოსა და ტელევიზიების წამყვანი კომპოზიტორების მიერ სპეციალურად მისთვის შეიქმნა. ის ხშირად სტუმრობს იტალიურ სატელევიზიო გადაცემებს, გამოშვებული აქვს მრავალი დისკი – კლასიკიდან პოპულარულ მუსიკამდე, არის მრავალი კონკურსის ლაურეატი, ასევე, ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას. აღსანიშნავია, რომ ის შეკვეთილში „ბლექსი არენაზე“ გამართულ დაუვიწყარ კონცერტზეც უკრავდა, რომელშიც თვით ენიო მორიკონე მონაწილეობდა. ბათუმურ საღამოზე მან არა მარტო საყვირით, არამედ მხატვრული სტვენითაც შეასრულა მუსიკალური ნაწარმოებები ამავე დროს თითოეულის შესახებ გვიყვებოდა, რასაც იტალიურიდან აჭარის კულტურის სამინისტროს წარმომადგენელი თეა ჭანტურიშვილი გვითარგმნიდა.
– 35 წელია ენიო მორიკონეს მუსიკის შემსრულებელი ვარ, თავად მორიკონემ კარიერა, როგორც მესაყვირემ დაიწყო და ალბათ ამიტომ ამირჩია მე. ვიცით, რომ ენიო არა მხოლოდ კომპოზიტორი იყო, არამედ სერიოზულ კომპოზიციებსაც ქმნიდა… მის შემოქმედებას პატივი ამ შესანიშნავ მუსიკოსებთან ერთად მივაგე, საქართველოში მეორედ ვარ, პირველად მორიკონესთან ერთად გამოვედი, – აღნიშნა ნელლო სალცამ.
ფესტივალის მეორე საღამოზე – „ვივალდის ციებ-ცხელება“ – ბრწყინვალედ წარსდგნენ ანდრეს გაბეტა (ვიოლინო, საფრანგეთი) და მორის შტეგერი (ბლოკ-ფლეიტა, შვეიცარია), ფორტეპიანოზე დაუკრა ახალგაზრდა პიანისტმა გიორგი შიოლაშვილმა.
– ჩემთვის დიდი პატივია ამ ფესტივალზე გამოსვლა, ეს დიდი პასუხისმგებლობა იყო და ძალიან ბედნიერი ვარ. შევასრულე როგორც მორიკონეს, ისე ქართული – გია ყანჩელის, გიორგი შავერზაშვილისა და ქართული ფოლკლორული ნაწარმოებები, რომლებიც სპეციალურად ამ ფესტივალისთვის მოვამზადე, – გვითხრა გიორგი შიოლაშვილმა.
ბათუმური ფესტივალის მესამე დღემ მსმენელი ისევ გააოცა, მონუსხა და უდიდესი სიამოვნება მიანიჭა. ამ წუთებს არასოდეს დაივიწყებს ის, ვინც იმ დღეს დარბაზში იჯდა. მსმენელის წინაშე ბათუმელთათვის უკვე ცნობილი იტალიელი მარიო სტეფანო პიეტროდარკი (ბანდენეონი) და ბრწყინვალე პიანისტი თამარ ლიჩელი წარსდგნენ. სასიამოვნო იყო ბათუმელი ახალგაზრდა ფლეიტისტის ნიკოლოზ ვადაჭკორიას გამოსვლა, მის წარმატებებს უკვე არაერთი წელია თვალს ადევნებენ ბათუმელი (და არა მხოლოდ) მუსიკის მოყვარულები. „ტანგოს სული“ – ასე ეწოდა ამ საღამოს, სადაც შესრულდა ისააკ ალბენისის/ლეოპოლდ გოდოვსკის, ანხელ ვილოლდოს, მარტინ პალმერის, რობერტო დი მარინოს, ასტორ პიაცოლას ნაწარმოებები.
– ეს ფესტივალი ყოველ წელს ვითარდება, უფრო და უფრო საინტერესო ხდება როგორც მსმენელთათვის, ისე შემსრულებლებისთვის, რადგან განებივრებული ვართ არაჩვეულებრივი სოლისტებით, მუდმივი სიახლეებით, რომლებიც ამ მუსიკალური აღტაცების მომენტებს არ გვაკლებენ და ჩვენც მთელი არსებით ვართ ჩართული ამ შემოქმედებით პროცესში, – გვითხრა პირველმა ვიოლინომ ლელა მჭედლიძემ.
– სასიამოვნოა იმ ფესტივალში მონაწილეობა, რომელიც უდიდესი მევიოლინის ლიანა ისაკაძის მიერაა დაარსებული, ეს დიდი სიამოვნებაა. ქალბატონი ლიანა მუდამ ემახსოვრება ყველას. მან ბევრი გააკეთა ასეთი შესანიშნავი ფესტივალის დაარსებით. ნელ-ნელა ჩვენი ოჯახი იზრდება, ეს ადამიანები გამორჩეულ მსოფლიო საფესტივალო ღონისძიებებში წარმატებით მონაწილეობენ. განსაკუთრებული მადლობა თამარ ლიჩელს, მსოფლიო დონის პიანისტს, – აღნიშნა მარიო სტეფანო პიეტროდაკიმ.
– ძალიან კარგი გარემოა, ფესტივალი მაღალი ხარისხის მუსიკას სთავაზობს მსმენელს… „ღამის სერენადები“ ყოველთვის გამორჩეულია, მას ყოველთვის ახასიათებს მაღალი თამასა და არც წელს იყო გამონაკლისი, – თქვა სოფო ხალვაშმა.
– ჩვენ აქ შეგვკრიბა ხელოვნების და ლიანა ისაკაძის სიყვარულმა. ის გენიალური ხელოვანი გახლდათ. როგორც ითქვა, ის იყო ადამიანი, რომელიც თავისი შემოქმედებით ყოველდღე ღმერთებს ესაუბრებოდა. მისი შესრულება იყო გამორჩეული. ეს ფესტივალი დიდხანს უნდა გაგრძელდეს, მას შორს გააქვს საქართველოს სახელი და აკისრია როგორც ქვეყნის ცნობადობის ამაღლების, ისე ახალგაზრდა მუსიკოსების ხელშეწყობის მისია, – აღნიშნა აჭარის კულტურის მინისტრმა ელისო ბოლქვაძემ.
9 ოქტომბერს ფესტივალის მორიგი კონცერტი თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში, ხოლო დასკვნითი საღამო ალ.გრიბოედოვის სახელობის თბილისის დრამატულ თეატრში გაიმართება, სადაც პირველად საქართველოში პროექტი – „ასტორი“ იქნება წარმოდგენილი, რომელიც მუსიკასთან ერთად ვიზუალური სილამაზითა და სენსაციური ქორეოგრაფიითაა გამორჩეული.
მანანა ძიძიშვილი
გალერეა


