
ღვაწლმოსილ პედაგოგთა დაჯილდოება – აჭარის მთიანეთში
***
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ინიციატივით, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, ღვაწლმოსილ პედაგოგთა დაჯილდოება ყველა რეგიონში 10 ოქტომბრის ჩათვლით იმართება, დასკვნითი ღონისძიება კი 27 ოქტომბერს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართა.
აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, ქედის მუნიციპალიტეტის სკოლებში მომუშავე ხუთი ღვაწლმოსილი პედაგოგი დაჯილდოვდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მადლობის სიგელით მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის. სიგელი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა გადასცა ძენწმანის, ვაიოს, ცხმორისის, დაბა ქედისა და ხარაულას საჯარო სკოლების პედაგოგებს: ნარგული ბარამიძეს, შუქრი ლორთქიფანიძეს, გრიშა აბაშიძეს, გულნაზ შარაბიძესა და თამაზ აბულაძეს.
პედაგოგებს დამსახურებული ჯილდო მიულოცეს აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, ქედის მერმა როლანდ ბერიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძემ და რესურსცენტრის წარმომადგენლებმა.
ქედის რესურსცენტრი აგრძელებს მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ციკლს. დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა და კონკურსი როგორც მასწავლებელთა, ასევე მოსწავლეთა ჩართულობით.
***
შუახევის მუნიციპალიტეტის სკოლებში მომუშავე ხუთი ღვაწლმოსილი პედაგოგი დაჯილდოვდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მადლობის სიგელით მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის. სიგელები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა დაბა შუახევის, დღვანის, ბარათაულის, შუბნის საჯარო და საქართველოს საპატრიარქოს ხიჭაურის სკოლების პედაგოგებს: თეიმურაზ დავითაძეს, ცისანა ბერიძეს, დავით ქათამაძეს, ტარიელ ფუტკარაძესა და თალიკო მიქელაძეს გადასცა.
გარდა ამისა, მომავალი თაობის აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, რამდენიმე პედაგოგი დაჯილდოვდა სხვადასხვა სიგელით. მათ სიგელები გადასცეს აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ომარ ტაკიძემ, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებმა ანზორ ბოლქვაძემ, ფრიდონ ფუტკარაძემ, შუახევის საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძემ, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ ჯემალ სურმანიძემ, საქართველოს მეცნიერთა და პედაგოგთა თავისუფალი პროფკავშირის შუახევის რაიონული საბჭოს თავმჯდომარე ლევან ნატარიძემ.
ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა ხელოვნებისა და მოსწავლე- ახალგაზრდობის სკოლასთან არსებული გოგონათა ბენდი ,,117“ და ხიჭაურის საჯარო სკოლის ბენდი ,,School of rock“.
***
ხულოში ღვაწლმოსილ პედაგოგთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ დაბა ხულოს, ქვედა ვაშლოვანის, განახლების, უჩხოს საჯარო და საქართველოს საპატრიარქოს ხულოს სკოლების პედაგოგები: დალი აბაშიძე, არჩილ აბაშიძე, ემზარ, ირაკლი დეკანაძეები და გუგული ბოლქვაძე. 50 პედაგოგი კი აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტრომ დააჯილდოვა სიგელებით. ცერემონიაში მონაწილეობდნენ: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ვახტანგ ბერიძე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ჯამბულატ მელაძე, საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძე და რესურსცენტრის უფროსი რამაზ გელაძე.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა პედაგოგებს მიღწეული წარმატებები მიულოცეს, მადლობა გადაუხადეს განათლების სფეროში გაწეული მრავალწლიანი შრომისთვის.
ოთარ ცინარიძე
გალერეა



