
ღვიძლის ტრანსპლანტაციის ახალი ეტაპი საქართველოში და საერთაშორისო პარტნიორობა
ღვიძლის ტრანსპლანტაციის 10 წელი, მიღწევები, არსებული რეალობა და პერსპექტივები – ბათუმის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში საზეიმო ღონისძიება გაიმართა. შეხვედრას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე მარი ზანაქიძე დაესწრო.
– მადლობა ღონისძიების ორგანიზატორებს მნიშვნელოვანი და საჭირო შეხვედრისთვის. ასევე, მადლობა ჩვენს ტრანსპლანტოლოგებს, რომ გვაქვს ამ მიმართულებით წინ გადადგმული ნაბიჯები. მოგეხსენებათ, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ღვიძლის ტრანსპლანტაციას 2016 წლიდან აფინანსებს. ჩვენი მაღალკვალიფიციური ექიმებისა და პროგრამის ხელშეწყობით, დღემდე 46 პაციენტის სიცოცხლე გადარჩა. სამინისტროს პროგრამის ფარგლებში ღვიძლის ტრანსპლანტაცია პაციენტს 125 000 ლარით უფინანსდება. წელს, ასევე, დავიწყეთ ორგანოთა ტრანსპლანტაციის შემდგომი აუცილებელი კვლევების დაფინანსებაც, – აღნიშნა მარი ზანაქიძემ.
ღონისძიების ფარგლებში ოფიციალურად გაიხსნა ბელგიელი ტრანსპლანტოლოგის, პროფესორ იან ლერუტის სახელობის სივრცე. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა ღვიძლის ტრანსპლანტაციის ახალი ეტაპი საქართველოში და საერთაშორისო პარტნიორობა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ჯანდაცვის სფეროს, ადგილობრივი და საერთაშორისო სამედიცინო საზოგადოების, აკადემიური წრეების წარმომადგენლები,
ქირურგიული და ტრანსპლანტაციული პროფილის კლინიცისტები.
გალერეა

