
ღია ტურნირი – ქართულ ჭიდაობაში
ფარმაციის დოქტორი, პროფესორი, აბუსერისძე ტბელისა და ზურაბ გორგილაძის პრემიების ლაურეატი, აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ბიზნესმენი და ქველმოქმედი – ასეთია ვლადიმერ მახარაძის რეგალიები. რამდენიმე წლის წინ აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციამ სპორტის ამ სახეობაში, მისი სახელობის ღია ტურნირს დაუდო სათავე, რომელიც ყოველწლიურად იმართება. ამჯერად მას შუახევის სპორტული ცენტრის დარბაზმა უმასპინძლა.
ღია ტურნირში 2008-2009 წლებში დაბადებული ჭაბუკები მონაწილეობდნენ ბათუმიდან და აჭარის რაიონებიდან, ასევე, ცაგერელი, ქუთაისელი, ოზურგეთელი და ხაშურელი ახალგაზრდა ფალავნები.
დამსწრეთ მიესალმნენ და ვლადიმერ მახარაძეს წარმატებები უსურვეს, აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა ჯემალ წულუკიძემ, რომელმაც ვლადიმერ მახარაძეს გაწეული ღვაწლისთვის ფედერაციის მადლობის სიგელი და სიმბოლური საჩუქარი გადასცა, შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე, „ქართული ოცნებიდან“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი იაგო დავითაძე, ქუთაისელი არჩილ მამულაიშვილი, აჭარის მამულიშვილთა საგვარეულო კავშირის გამგეობის თავმჯდომარე ბიჭიკო ბოლქვაძე, აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი გელა ზოიძე.
ვლადიმერ მახარაძემ ტურნირის ორგანიზატორებს, მოჭიდავეებსა და გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.
სანახაობრივად ლამაზი და დაძაბული შეხვედრების შემდეგ, 5 წონით კატეგორიაში ტურნირის პრიზიორები გამოვლინდნენ.
55-კილოგრამიან წონით კატეგორიაში პირველი ადგილი ქუთაისელ საბა ბოჭორიშვილს ერგო, მეორე და მესამე ადგილებზე ქობულეთელები ლუკა სურმანიძე და ზაზა ბერიძე გავიდნენ. 60 კილოგრამში – თეიმურაზ შველიძე (ხაშური) იყო პირველი, მიშიკო მაღლაკელიძე (ქუთაისი) და ლუკა სვანიძე (ხაშური) – მეორე და მესამე ადგილები. 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ადგილები ასე განაწილდა: ლადო სანიკიძე (ქუთაისი), მიშიკო ლომიძე (ხაშური), ლუკა მაღლაკელიძე (ხაშური); 73 კგ-ში – მირიან ლურსმანაშვილი (ხაშური), გიორგი ბუკავაძე (ოზურგეთი), ლერი შაინიძე (ქობულეთი); 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში – პირველი, გიორგი ხვადაგიანი (ქუთაისი) იყო, რომელსაც აჭარის მამულიშვილთა საგვარეულო კავშირის მიერ დაწესებული სპეციალური თასი და დიპლომი გადაეცა, როგორც ტურნირის საუკეთესო ტექნიკური შედეგების მქონე სპორტსმენს. მას ჯილდოები ბიჭიკო ბოლქვაძემ გადასცა. ამ წონით კატეგორიაში მეორე და მესამე ადგილებზე საბა შავაძე (ქობულეთი) და ლუკა ფუტკარაძე (შუახევი) გავიდნენ.
აბსოლუტურ წონით კატეგორიაში უძლიერესი ქუთაისელი ოთარ ჯაფარიძე იყო. მომდევნი ადგილები ბონდო გელაშვილმა (ხაშური) და საბა აფაქიძემ (ცაგერი) გაიყვეს.
საპრიზო ადგილებზე გასული სპორტსმენები აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციამ მედლებით, თასებით, სიგელებით და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა.
ტურნირი აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციის ორგანიზებითა და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.
– ყველაფერი მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული. საამაყოა, რომ ტურნირმა რესპუბლიკური მასშტაბი შეიძინა. მონაწილე 60-მდე სპორტსმენიდან, უმრავლესობა აჭარის ფარგლებს გარედან ჩამოვიდა, რამაც ასპარეზობას მეტი დატვირთვა შესძინა. მადლობა ორგანიზატორებსა და მონაწილეებს. იმედია, ტურნირი მომავალშიც ჩატარდება, – თქვა ვლადიმერ მახარაძემ.
ოთარ ცინარიძე
გალერეა

