ღირსეულ ბათუმელთა ხსოვნის უკვდავსაყოფად
By

ღირსეულ ბათუმელთა ხსოვნის უკვდავსაყოფად

ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩა  #6-ში მდებარე სახლზე, სადაც წლების განმავლობაში ბათუმელების – ლამარა ბოლქვაძისა და სერგო მოსესოვის ცნობილი ოჯახი ცხოვრობდა, ბათუმის მერიისა და საკრებულოს ერთობლივი გადაწყვეტილებით, მემორიალური დაფა გაკეთდა. ცოლ-ქმარმა ცხოვრების ბოლო წლები მოსკოვში, შვილებთან ერთად გაატარა, იქ გარდაიცვალნენ  და იქვე არიან დაკრძალულნი…

აჭარამ, ბათუმმა არ დაივიწყა ამ ოჯახის მიერ გაკეთებული არაერთი  შესანიშნავი საქმე, რომელმაც მათი სახელი უკვდავყო. მემორიალური დაფის გახსნაზე  მერიისა და საკრებულოს, კულტურის სამინისტროს, განათლების სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ, მოვიდნენ ის ადამიანები, რომლებიც პირადად იცნობდნენ მათ და პატივს სცემდნენ.

ოჯახი მართლაც გამორჩეული იყო.  ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატი ლამარა ბოლქვაძე სხვადასხვა მნიშვნელოვან თანამდებობაზე მუშაობდა. იყო აჭარის კულტურის მინისტრი, აჭარის ტელევიზიის დაფუძნების ერთ-ერთი ინიციატორი და ამავე ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე. ამასთან, იგი სამაგალითო დედა და მეუღლე გახლდათ.

სერგო მოსესოვი, პროფესიით ინჟინერი,  თავის სფეროში ძალიან ცნობილი პიროვნება იყო. იგი ხელმძღვანელობდა ბათუმის ხის დამამუშავებელ კომბინატს, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო საწარმო იყო არა მხოლოდ აჭარაში.

ცერემონიაზე ბევრი თბილი სიტყვა ითქვა იმ ადამიანების შესახებ, ვინც დიდი წვლილი შეიტანა აჭარის როგორც კულტურის, ისე მრეწველობის განვითარებაში. სიტყვით გამოვიდნენ ბათუმელები: თამაზ ნიკოლაიშვილი, ჩიტო ომერაძე, ლევან ცხოიძე, ნატალია ზოიძე, ელგუჯა მეძმარიაშვილი, ინგა გოგიბერიძე, ბადრი ნაკაშიძე, ოჯახის ახლობლები…

– ამ პიროვნებებმა სათანადოდ  წარმოაჩინეს ჩვენი ქალაქი. აუცილებელია, თაობებმა იცოდნენ მათი სახელები, ვინც  რეგიონის ცხოვრებაში დიდი კვალი დატოვა.  წინა თაობები ყოველთვის ცდილობდნენ იმ ღირებულებების და ფასეულობების შენარჩუნებას, რომლებიც ტრადიციების სახით გადმოგვეცემოდა. ახლაც ასე უნდა იყოს. ქალბატონ ლამარას და ბატონ სერგოს დიდი წვლილი აქვთ შეტანილი როგორც კულტურის, ისე მრეწველობის განვითარებაში, – აღნიშნა ნატალია ზოიძემ.

– ქალბატონი ლამარა  მუდამ ჩემი გზამკვლევი იყო, მისგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, მასთან ურთიერთობის უდიდესი ბედნიერება მხვდა წილად.  ის დიდი ქართველი ქალბატონი გახლდათ, რომელსაც არცერთ ქართულ საქმეში არაფერი შეშლია, არც ახალგაზრდობასთან მუშაობის დროს, არც კულტურის სამინისტროში. ტელევიზიის დაარსებაში მას  დიდი წვლილი მიუძღვის, ქალთა საბჭოშიც  ერთად ვიყავით, სადაც ასევე, დიდი ქართული საქმეები აკეთა. ბატონი სერგო ჩემი გაჭირვების ტალკვესი იყო, ბევრ რამეს  მისი თანადგომით ვაკეთებდი. იყო პროფესიონალი, პრინციპული. შვილებს ასეთი დიდი მშობლებით შეუძლიათ იამაყონ. მიხარია, დღეს ამ  უდიდესი ადამიანების უკვდავსაყოფად რომ ვართ შეკრებილები, რომ  წარსულს არ ვივიწყებთ,- აღნიშნა ჩიტო ომერაძემ.

– ამ ორმა ღირსეულმა პიროვნებამ დიდი ღვაწლი დასდო ჩვენს ქვეყანას,  პასუხისმგებლობით გაიარა ცხოვრების გზა. დიდია მათი დამსახურება ბათუმის, აჭარის წინაშე. ქალბატონი ლამარა მოღვაწე პიროვნება გახლდათ, განსაკუთრებით დიდია მისი ღვაწლი ტელევიზიის წინაშე. ის იყო მისი პირველი ხელმძღვანელი. ასევე, დიდია მისი წვლილი აჭარის კულტურის განვითარებაში.  ეს დაფა აუცილებლად უნდა გაკეთებულიყო, – აღნიშნა ელგუჯა მეძმარიაშვილმა.

– ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი მშობლების სახლზე იქნება – მოგონება, მემორიალური დაფა. ჩვენთვის ეს არის წმინდა და დიდი დღე. დედა და მამა არის ის საფუძველი, რომელზეც მყარად ვდგავართ და გვინდა მათი საქმე ღირსეულად გავაგრძელოთ. მადლობა ყველას, ვინც  ეს სიხარული გაიზიარა, – აღნიშნეს შვილებმა ოთარ და ნინო მოსესოვებმა.   ოჯახმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მონაწილეობდა პანოს შექმნასა და  მემორიალური დაფის გაკეთებაში.

მანანა ძიძიშვილი

  • No Comments
  • სექტემბერი 23, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *