„ყველა მათგანმა მოიხადა ვალი სამშობლოს წინაშე“
By

„ყველა მათგანმა მოიხადა ვალი სამშობლოს წინაშე“

2024-2025 სასწავლო წელს აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი: „პროექტი ჩემს გაკვეთილზე“. 100 გამარჯვებულს შორის იყო კვატიის საჯარო სკოლის პროექტი „ლიტერატურა და ტექნოლოგიები“, რომელიც მე-7 კლასში განხორციელდა. გთავაზობთ ინტერვიუს მასწავლებელ სოსლან სურმანიძესთან.

– ჩვენს სოფელს ჰყავს შინდისის გმირი თეიმურაზ ბერიძე. სხალთის ხეობის მეზობელი სოფლებიდან არიან 2008 წლის აგვისტოს ომის გმირები ასლან შაინიძე და მალხაზ აბაშიძე. პროქტის ფარგლებში, ბავშვებს გაუჩნდათ – ჩვენი ხეობის გმირების შესახებ საგაზეთო სტატიის დამუშავება-გამოქვეყნების იდეა.

გვიამბეთ მათ შესახებ. . .

– საქართველო გმირების ქვეყანაა. ღმერთი ყოველი გაჭირვების დროს გამოუგზავნიდა ხოლმე გმირებს ჩვენს ტანჯულ სამშობლოს, რათა დაეცვა ის მტრებისაგან, რომლებიც, სამწუხაროდ, ყოველი მხრიდან ბარბაროსულად გვესეოდნენ, მაგრამ ყოველთვის „მუმლი წყდებოდა, მუხა რჩებოდა“. უფლის წყალობის, სამშობლოს სიყვარულის, ჩვენი წინაპრების ერთიანი სულისკვეთების, თავდადების დამსახურებაა, რომ დღეს ქართული სიტყვა გვესმის და ჩვენს ტერიტორიებს ვინარჩუნებთ. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომში სხალთა-ხიხანის ისტორიული ხეობიდან მრავალი ჯარისკაცი მონაწილეობდა, ერთ-ერთი იყო კვატიელი თეიმურაზ ბერიძე. იგი 1974 წლის 17 მაისს დაიბადა ხულოს რაიონის სოფელ კვატიაში, 1986 წელს ოჯახი გადავიდა საცხოვრებლად კახეთში, ფიროსმანში. თეიმურაზმა მანანა ფუტკარაძესთან ერთად შექმნა მშვენიერი ოჯახი. ჰყავდა მეუღლე და ორი შვილი. 2006 წელს დაიწყო გმირის სამხედრო კარიერა. იგი კონტრაქტით გამწესდა სენაკში, მეორე ქვეით ბრიგადაში, წოდებით კაპრალი იყო. 2008 წლის 7 აგვისტოს, ქობულეთში დასასვენებლად მყოფი, ოჯახს დაეშვიდობა და სამსახურში წავიდა.

შემდეგ მოვლენები როგორ განვითარდა?

– ოჯახის წევრების ნაამბობით, 8 აგვისტოს სატელეფონო ზარი იყო, 9 აგვისტოს ვერ დაუკავშირდნენ. თურმე ამ დროს შინდისის გმირი ცხინვალში იყო, 10-ში საღამოს დაურეკა მეუღლეს, სამშვიდობოს ვარო. დარეკა 11 აგვისტოსაც. . . კარგად ვარო, მეუღლეს დაუბარა, ოჯახს და პატარებს მიმიხედეო, თურმე დაჭრილი ალყაში იყო მოქცეული 16 თანამებრძოლთან ერთად. მას მერე ოჯახმა ვეღარ დაამყარა მასთან კონტაქტი. 16 აგვისტოს, როცა უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე შინდისში ცხედრების გადმოსასვენებლად იმყოფებოდა, მაშინ გადმოასვენეს თეიმურაზის ცხედარიც.

მოსწავლეებთან როგორ მიიტანეთ თეიმურაზის გმირობის ამბავი?
– შინდისის გმირების, მათი ლეგენდარული ბრძოლის შესახებ მტერიც კი საუბრობდა. როგორც ცნობილია, სამალავში ჩასაფრებულმა მტერმა 5 ბიჭი კოლონის პირველივე მანქანაში ჩაცხრილა, სხვები თითქმის საათი და ოცი წუთი განუწყვეტლივ უტევდნენ ოკუპანტებს. მტერს ეგონა, ბატალიონი თუ არა, უთუოდ ასეული ებრძოდა. ვინ არიან, ადამიანები თუ ქაჯები, ვერ გაგვიგიაო, ღმუოდნენ თურმე რუსები, სანამ დაფლეთილი თორმეტი ვაჟკაცის ცხედარი არ ნახეს. თეიმურაზ ბერიძე სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა. მოსწავლეები გმირის მეუღლეს ესაუბრნენ, რათა საფუძვლიანად გარკვეულიყვნენ მისი ომამდე ცხოვრების ცალკეულ დეტალებში.

მეუღლის ნათქვამს თუ გაიხსენებთ?

– „სულით მებრძოლი იყო, მისი სამომავლო გეგმებიც ქართული ჯარის მომავალს უკავშირდებოდა. უყვარდა სამშობლო. მე ყოველთვის გვერდით ვედექი. უღალატო, ხალისიანი, სიცოცხლით და იუმორით სავსე პიროვნება იყო. უყვარდა სწავლა, სპორტი, მშობლების დახმარება და ფრაზა: ,„იბრძოლე, არ დანებდე!“ არასდროს გაურბოდა სირთულეებს, როცა ცხოვრება გამოცდას უწყობდა. არ უჩიოდა ბედს. დუმილსა და სიმშვიდეში ეძებდა გამოსავალს. მისი საქციელით და მოქმედებით იგრძნობოდა, როგორი მტკიცე ადამიანი იყო. არასდროს დაიწუწუნებდა, ამბობდა: „გავუძლებთ“, და მართლაც, გავუძელით მისი ძალით, მისი მაგალითით. დიდია ის ტკივილი, რაც მის გარეშე ცხოვრებას ახლავს. ბედნიერი არა, მაგრამ ამაყი ვარ, რომ გმირის მეუღლე მქვია“, – გვითხრა გმირის მეუღლემ.

შვილები რა გზას ადგანან?

– დათო და ქრისტინა მამის გზას ღირსეულად აგრძელებენ. დათო 25 წლისაა, ქრისტინა -22-ის. დედა მათ მზრუნველობას არ აკლებს, ღირსეულ მამულიშვილებად აღზარდა.

აგვისტოს ომის გმირის უკვდავსაყოფად რა გაკეთდა?

– თეიმურაზ ბერიძე დაჯილდოებულია მედლით მხედრული მამაცობისთვის, ვახტანგ გორგასლის I და III ხარისხის ორდენებით. მის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნებულია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდზე. მოვიძიეთ მრავალი ვიდეორგოლი და სტატია შინდისის გმირების შესახებ. მოკლე ინფორმაცია და ჩამონათვალი გვაქვს მე-5 კლასის სასკოლო სახელმძღვანელოში „ჩვენი საქართველო“. თეიმურაზისა და შინდისის გმირების შესახებ გადაღებულია ფილმი „შინდისის გმირები“, რომელიც 96 წუთის განმავლობაში დეტალურად გადმოსცემს მათ თავგანწირულ ბრძოლას. გვაქვს 675-გვერდიანი წიგნი „გმირი“, რომელშიც ყველა ქართველი მებრძოლის შესახებ არის სრული ინფორმაცია. სადაც გმირის სახლია, ქუჩას მიენიჭა მისი სახელი, სოფელ კვატიაში გვაქვს თეიმურაზ ბერიძის მემორიალი.

რუსეთსაქართველოს აგვისტოს ომის მსხვერპლია სხალთის ხეობის კიდევ ერთი მკვიდრი, წაბლანელი ასლან შაინიძე. მისი გმირობის თაობაზე მოსწავლეებს რა ინფორმაცია მიაწოდეთ?

– ასლან შაინიძე 1985 წლის პირველ მაისს დაიბადა სოფელ წაბლანაში, 3 წლის იყო, როცა ოჯახი საცხოვრებლად ბოლნისის რაიონის ახლად აღორძინებულ ქართულ სოფელ დისველში გადავიდა საცხოვრებლად. ასლანს არასდროს გაუწყვეტია კავშირი მშობლიურ სოფელთან, ძალიან უყვარდა მაღალ მთებში ყოფნა და მემთეურების გულის გახარება. საშუალო განათლება წაბლანის სკოლაში მიიღო. სკოლის დამთავრების შემდეგ, ნიკო ნიკოლაძის სახელობის ინსტიტუტის ბოლნისის ფილიალში ჩაირიცხა საბაჟო-ეკონომიკურ ფაკულტეტზე. ისწავლა 4 წელი. მან მომავალი მეუღლე რუსუდანი აჭარაში სწავლისას გაიცნო. სტუდენტობისას შეუღლდნენ. ჯარში კონტრაქტით როცა წავიდა, შინ ორი მცირეწლოვანი გოგონა დატოვა. ვაზიანში, პირველ ბრიგადაში მსახურობდა, შემდეგ პირველი ბრიგადა გორში გადავიდა. ასლანს უყვარდა თავისი საქმე და დიდ ინტერესს იჩენდა იარაღისა თუ ტექნიკის მიმართ. მამის გადმოცემით ვიცით გმირის წუხილი – პენსიაში როცა გავალ, სახლში ვერ გავძლებო. გმირს ორი ძმა ჰყავს. სამივენი ჯარისკაცები იყვნენ და გმირულად იბრძოდნენ 2008 წლის აგვისტოს ომში.

ასლანი ომს რა ვითარებაში შეხვდა?

– 2008 წლის 5 აგვისტოს ასლანი დისველში იყო, როცა გამოიძახეს. გმირის მამა იხსენებს: „გუმანით ხვდებოდა, რაც ელოდა, ყველა გადაგვკოცნა, მთელი სოფელი შემოირბინა, ყველას დაემშვიდობა. მობილური ტელეფონი მეუღლეს დაუტოვა. ჩემს უმცროს ბიჭს ჰქონდა ტელეფონი, მაგრამ ომის დროს ვერც მას ვუკავშირდებოდით, კავშირი არ იყო. ტელევიზიით გავიგეთ ომის დაწყების ამბავი, შევშფოთდით, სამივე ბიჭი ომში გვყავდა. შუათანა კოდორში იყო, ასლანი და უმცროსი – ცხინვალში. ერთად არ უბრძოლიათ, ცხინვალის შესასვლელთან შეხვედრიან ერთმანეთს, 2-3 წუთი ულაპარაკიათ, შემდეგ უმცროსი ბიჭის ნაწილი წინ წავიდა. ასლანი მეკავშირე იყო, ცხინვალის მისადგომებთან იბრძოდა. 8 აგვისტო რომ გათენდა, ცხინვალში წასვლა გადავწყვიტე, ბიჭები ომში მყავდა და შინ რა გამაჩერებდა. ყველა თვალს მარიდებდა, გამირბოდა, თურმე უკვე მოსული იყო ამბავი, რომ იმ დილით, 11 საათისთვის, ასლანი დაღუპულა და მოასვენებდნენ“.

ასლანთან დაკავშირებით რა გაიგეთ?
– ასლან შაინიძე ჯერ ფეხში დაჭრილა, ექიმებს არ გაჰყოლია სამშვიდობოს, ფეხსაცმლის თასმით გადაუკრავს ჭრილობა და ჩართულა ომის ქარ-ცეცხლში, რათა მისი ასმეთაური გამოეყვანა. დაბომბვაში მოჰყვნენ. ასმეთაური გადარჩა, ასლანს კი ნამსხვრევებმა ხერხემალი დაუზიანა, რაც საბედისწერო გამოდგა. სამი ძმა იყო ბრძოლის ველზე, უფროსმა თავი შეაკლა მტერს, შუათანამ, რომელიც კოდორის ბაზაზე იმყოფებოდა, თავის მძიმე დაზიანება მიიღო, კომაში ჩავარდა, წლების განმავლობაში გადიოდა რეაბლიტაციის კურსს საქართველოსა და ისრაელში. იყო პერიოდი, როცა მისი გამოჯანმრთელების იმედი თითქმის გადაეწურათ, მაგრამ გმირი ბიჭების მამა არასდროს შეჰგუებია ამ აზრს, შეუძლებელი შეძლო და დღეს გვერდით ჰყავს უკვე რეაბილიტირებული, ვეტერანი ჯარისკაცი. გმირების გმირ მამას, რომელსაც გარდა პირადი ოჯახური ტრაგედიისა ბევრი ჭირი გადაუტანია ცხოვრების გზაზე, თავი ამაყად უჭირავს. ომის დამთავრების შემდეგ თავისი შვილების ცხოვრების გზას დაადგა და სამშობლოს სამსახურში ჩადგა როგორც რიგითი ჯარისკაცი. მას ახლობლები „რკინის კაცს“ ეძახიან. ჯემალ შაინიძის სახით საქართველის ახალი, რეალური „ჯარისკაცის (ამ შემთხვევაში ჯარისკაცების) მამა“ ჰყავს. ასლან შაინიძის შვილები ახლა სტუდენტები არიან, საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობენ. მათ ჰყავთ არანაკლებ გმირი დედა, რომელმაც ოთარაანთ ქვრივივით უერთგულა თავის პატარებს და ისეთ მოქალაქეებად აღზარდა, რომლებითაც მამა ნამდვილად იამაყებდა. ასლან შაინიძე დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით. ხულოში, სოფელ წაბლანაში, სკოლას მიენიჭა მისი სახელი, ასევე, ბოლნისში, დისველის საჯარო სკოლა ატარებს ასლან შაინიძის სახელს. აქ არის მისი სახელობის ქუჩა და სკვერი. ასლან შაინიძის მემორიალი დგას სხალთის თემის ცენტრში, შერიფ ხიმშიაშვილის სახლ-მუზეუმთან.

მალხაზ აბაშიძის შესახებაც გვიამბეთ. . .

– ოცდამეერთე საუკუნეში მსოფლიოში ყველაზე დიდ სახელმწიფოსთან ომში დავკარგეთ ჩვენი ხეობის კიდევ ერთი გმირი მალხაზ აბაშიძე. იგი 1975 წლის 12 იანვარს ხულოს რაიონის სოფელ ვერნებში დაიბადა, ოჯახის შექმნა ვერ მოასწრო, სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ, 2005 წელს კონტრაქტს მოაწერა ხელი. იყო სენაკის მეორე ქვეითი ბატალიონის ჯარისკაცი კაპრალის ჩინით. გამოირჩეოდა მხედრული სულისკვეთებით, ომის პერიოდში ამხნევებდა თანამებრძოლებს და მშობლებს. მოსწონდა თავისი საქმე. აპირებდა სამხედრო სამსახურს გაჰყოლოდა მთელი ცხოვრება. ოჯახში მყოფი მალხაზი 2008 წლის 5 აგვისტოს გამოუძახებიათ სამსახურში, ოჯახს გამოეთხოვა, დედას სთხოვა, მისი გამომცხვარი ხაჭაპური გაეტანებინა, რაც დედამ აუსრულა კიდეც. 7 აგვისტოს ოჯახში დაურეკავს, „ნუ გეშინიათ, მალე დავბრუნდებითო!“, მას შემდეგ მისი ხმა აღარ გაუგიათ. მალხაზ აბაშიძე 2008 წლის 8 აგვისტოს ცხინვალში დაიღუპა, საჰაერო დაბომბვისას ბომბის ნამსხვრევებმა იმსხვერპლა. 9 აგვისტოს ის დაღუპულთა სიაში შეიყვანეს. . . მალხაზი გამოირჩეოდა ოჯახის წევრებისა და ახლობლების სიყვარულით, მალე დაოჯახებასაც აპირებდა. . . ბოლოს ოჯახი ხონში ცხოვრობდა. მალხაზ აბაშიძის სახელს ატარებს ხულოს რაიონის სოფელ ვერნების საჯარო სკოლა. სოფლის ცენტრში დგას გმირის მემორიალი.
ისტორიული სხალთა-ხიხანის ხეობა ყოველთვის გამოირჩეოდა ღირსეული პიროვნებების სიმრავლით, არც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს შეგვიქცევია ზურგი მტრისთვის, უამრავი ახალგაზრდა წავიდა ჩვენი ხეობიდან სამშობლოს დასაცავად. ყველა მათგანმა ღირსეულად მოიხადა ვალი სამშობლოს წინაშე. სამწუხაროდ, ზოგი მათგანი ოჯახში ვეღარ დაბრუნდა. ოჯახებს და ახლობლებს ვერაფერი დაავიწყებს ომით მიყენებულ დიდ ტკივილსა და ტრაგედიას, მაგრამ ისინი ყოველთვის იამაყებენ გმირი შვილებით. აქვე მსურს, ვისარგებლო თქვენი გაზეთით და მადლობა გადავუხადო დიმიტრი ხოზრევანიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ კვატიის საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეებს ნია სურმანიძეს, ნიკოლოზ ბერიძეს, ცოტნე ხოზრევანიძეს პროექტში აქტიური ჩართულობისთვის.

ესაუბრა ოთარ ცინარიძე

 

  • No Comments
  • აგვისტო 7, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *