18 C ბათუმი
Monday 16th June 2025
„ყოველი საქმე ლოცვით, იმედით და რწმენით უნდა დაიწყო“
By

„ყოველი საქმე ლოცვით, იმედით და რწმენით უნდა დაიწყო“

პროზაიკოსი, პოეტი, მხატვარი, სახალხო მკურნალი – ეს ჩვენი თანაქალაქელი ნანული ყურშუბაძე-გვარიშვილის წარმატებული საქმიანობის ქრონიკაა. ამასთან, ქალბატონი ნანული შესანიშნავი ოჯახის დიასახლისი, საუკეთესო დედა და ბებია, ტრადიციების ერთგული და დამფასებელია. შეიძლება თამამად ითქვას, რომ მან იპოვა ბავშვების სულის გასაღები და ახლა თავის ზღაპრებსა და იგავ-არაკებს მათ უძღვნის, ბავშვებიც ინტერესდებიან მისი წიგნებით. ნანული ყურშუბაძე-გვარიშვილი ჩვენი გაზეთის სტუმარია.

– ქალბატონო ნანული, რა სიახლეებია თქვენს შემოქმედებასა და პირად ცხოვრებაში, რის გასაჯაროებასაც ისურვებდით?

– ყოველი გათენება და დაღამება ჩემთვის და ყველა ჩვენგანისთვის, ვფიქრობ, სიახლეა… არ მინდა დრო უქმად დავხარჯო. ვიცი, რომ ყოველ წუთს ოქროს ფასი აქვს. ძილში გაფანტული დრო მენანება. ბოლო დროს გამოვეცი საბავშვო წიგნები: „ფერადი სამყარო“ და „საბავშვო ზღაპრები“. მალე გამოვა ჩემი რიგით მე-9 წიგნი, სადაც უფრო ფართოდ იქნება გაშუქებული როგორც ჩემი შემოქმედება, ასევე, პირადი ცხოვრება (დაბადებიდან დღემდე). წიგნი არის მრავალფეროვანი, სადაც მკითხველს გავუზიარებ ჩემს გამოცდილებას, საჭირო და სასარგებლო რჩევებს. მისი სახელწოდებაა „ჩემი თვალით დანახული სამყარო“, იგი დაყოფილია ქვესათაურებად.

– ზღაპარები, ლექსები, გამოცანები, იგავ-არაკები, ნოველები და სხვა წიგნებად შესთავაზეთ მკითხველს. მათ დიზაინზე, რას გვეტყვით და განსაკუთრებით რომელ ჟანრზე ამახვილებთ ყურადღებას?

– წიგნების შინაარსთან ერთად ჩემთვის მნიშვნელოვანია მათი გარეგნული სახე. ყველა ჟანრს აქვს სიღრმე და სილამაზე, თუმცა განსაკუთრებული ადგილი ჩემს შემოქმედებაში ზღაპრულ-დიდაქტიკურ ჟანრს უკავია. ბავშვებს სჭირდებათ ვიზუალურად შთაგონებული ტექსტები, ამიტომ ჩემს წიგნებში ხშირად შეხვდებით ფერად ილუსტრაციებს, რომლებიც ტექსტთან ერთად სიუჟეტურ ერთობას ქმნიან. ვცდილობ, ყოველი წიგნის თითოეული გვერდი იყოს მოსაწვევი ზღაპრულ სამყაროში, სადაც ბავშვი, მშობელი და მასწავლებელი ერთად იმოგზაურებენ.

– ხატვა – ბუმბულებით. როცა ამ იშვიათ ხელოვნებას დაეუფლეთ, რა იყო თქვენი ინსპირაციის წყარო?

– ერთ ღამეს უჩვეულო ხილვა მქონდა – ცაზე უზარმაზარი ნახატი გამოჩნდა – ულამაზესი ირმით. დილით სიზმარი რომ გავაცნობიერე, ნახატი ტილოზე გადმოვიტანე. შემდეგ იდუმალმა ხმამ მიმანიშნა, რომ ნახატი ბეწვით უნდა შემემოსა, ვცადე სხვადასხვა ცხოველის ბეწვით, მაგრამ არ მომეწონა. ბოლოს ქათმის ბუმბულს მივაგენი და… გამოვიდა, ასევე, ფერად ძაფებში ვიპოვე ხელოვნება… ჩემი ინსპირაციის წყარო ხშირად ბუნებაა მისი ანკარა წყაროებით, ზღვებითა და ოკეანეებით, მცენარეებით, მთა-გორებით და ასე შემდეგ, რომელიც უპირობოდ მიყვარს. სწორედ ეს მაწერინებს წიგნებს და მაძლევს ხატვის უნარს.

– თქვენი მრავალმხრივი ინტერესების გამო, მუდამ მკითხველთა ყურადღების არეალში ხართ. ბოლოს ჩატარებული შეხვედრებიდან რომელს გამოარჩევდით?

– ყველა შეხვედრა ჩემთვის სასიხარულო და შთამბეჭდავია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბავშვები სიყვარულით მეხვევიან, კითხულობენ ჩემს ლექსებს, მღერიან და ცეკვავენ. მათ რომ ვუცქერ, თითქოს ფრთები მესხმება და ცამდე ვმაღლდები. ყველაზე დაუვიწყარი იყო ჩემთვის 2022 წლის 14 აპრილი, როცა მშობლიური სოფლის საჯარო სკოლაში ჩემი საბავშვო წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება დაიწყო თუ არა, უცებ სხვა სამყაროში აღმოვჩნდი – მოვარდა უხილავი, უძლიერესი ძალა და სულით ცისკენ გამაქროლა. ეს ტრანსცენდენტური ხილვა იყო, ეზოთერული… ბევრი რამ გაცხადდა და ეს მისტერია ჩემთვის შთაგონების წყაროდ იქცა. ასეა, შთაგონება მადლია ზენაარის. ამ თემაზე დაწერილი მაქვს 200-გვერდიანი წიგნი, რომელსაც უახლოეს მომავალში შევთავაზებ მკითხველს. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ყოველდღიური რეჟიმით მივყვები მის დინებას. ვმადლობ უფალს, რომ პირადი საქმეებით ვარ დაკავებული. ხან ვხატავ, ხან ვწერ, ხან ახალ-ახალ პაციენტებს ვმკურნალობ, ვეცნობი და ვაკონტროლებ მათ ჯანმრთელობას. მინდა ჩემი ხმა მივაწვდინო ადამიანებს, ვისაც აწუხებს ნევროზი, შაკიკი, სამწვერა ნერვის ანთება, ეპილეფსია, ოჯახური უთანხმოება, შიშები, ბავშვებში უნებლიე შარდვა და სხვა, დავეხმარები, ვუმკურნალებ.

– ამასწინათ, სახლში პატარა მკითხველები გესტუმრნენ. რა თქვეს პატარებმა?

– პატარა სტუმრები თავიანთ პედაგოგებთან ერთად მესტუმრნენ, სიხარულით დაათვალიერეს ჩემი ნახატები, წაიკითხეს ლექსები, გამოცანები, ანდაზები და იგავ-არაკები. მათმა ყურადღებამ დიდი სიხარული მომიტანა და ახალი სტიმული მომცა, კიდევ უფრო გამიძლიერდა სურვილი, რომ უფრო მეტი საბავშვო წიგნი შევქმნა.

– ხშირად გსტუმრობენ საინტერესო და სახელოვანი ადამიანები, რატომ მოუხარიათ თქვენთან?

– ჩემთან სტუმრობა არა მარტო კითხვებზე პასუხების მიღებაა, ეს არის სივრცე, სადაც ადამიანი სითბოს, გულწრფელობას და გულისხმიერებას გრძნობს. ისინი ინტერესდებიან ჩემი მკურნალობით, შემოქმედებით. მოჰყავთ ნევროზით დაავადებული შვილები, ზოგჯერ კი თავად არიან ამის მსხვერპლნი. მე ყოველთვის მზად ვარ, დავეხმარო.

– სიყვარულით სავსე ოჯახი, თქვენი ძლიერების და წარმატების სათავე…

– გვერდით მყავს ძვირფასი მეუღლე, ადამიანი, რომელიც ჩემი ცხოვრების ყოველი დღის თანაზიარია. მე მას ვენდობი ნებისმიერ საქმეში, რადგან ვიცი, რომ არაფერი ეშლება. ოჯახში მთავარი საყრდენი სწორედ ის არის, მე კი 48 წელია სიყვარულით ვუდგავარ მხარში. იმდენად მჯერა მისი, თეთრზე რომ მითხრას შავიაო, დავეთანხმები. იმ წუთში არ ვიწყებ კამათს, რადგან ოჯახში კონფლიქტის სასტიკი წინააღმდეგი ვარ. შესაძლებელია, კონფლიქტი სერიოზულობაში გადაიზარდოს, რასაც მოჰყვება ოჯახის ნგრევა. ჩემთან საშველად მოსულ ქალბატონებს, რომელთა ოჯახები დანგრევის ზღვარზეა მისული, ასე ვმოძღვრავ: თვალები იმისთვის არ გაქვთ – ყველაფერი დაინახოთ, ყურები იმისთვის არ გაქვთ – ყველაფერი გაიგონოთ, ენა იმისთვის არ გაქვთ – ყველაფერი თქვათ, თუ ამ წესებს დაიცავს ორივე მხარე, არასოდეს ექნებათ კონფლიქტი. გვყავს ქალიშვილი მირანდა და ვაჟი გიორგი. გიორგი მეზღვაურია, ამავე დროს პოეზიის მოყვარულიც. წერს საუკეთესო ლექსებს. ამ ბოლოს რეჟისორობითაც დაინტერესდა. იღებს ისტორიულ ფილმს, რომელსაც, უფლის ნებით, მალე იხილავს მაყურებელი. ჩვენი რძალი, პროფესიით პედაგოგი, ოჯახში სითბოს მომტანია, ბედნიერი ვარ, რომ საუკეთესო რძალი შემხვდა, თუმცა მე არ ვდედამთილობ, ვმეგობრობ მასთან. ყველას ერთად კი გვყავს ჩვენი ოჯახის შუქურა – 12 წლის ბეშქანი, უსაყვარლესი შვილიშვილი, რომელიც ცხოვრებას გვილამაზებს. ოჯახი ჩემთვის არის მადლიანი სივრცე, სადაც სიტყვა არ იკარგება და სიყვარული არ ქრება.

– თქვენი შვილიშვილი თურმე ძალიან კარგად ხატავს…

– არ ვიცი, რამდენად გამოირჩევა ჩემი ბეშქანის ნახატები თანატოლების ნახატებისგან, მაგრამ ის კი ვიცი, სკოლა `იმედს~ რომ ასეთი ნიჭიერი მხატვარი ჰყავს, სწორედ პედაგოგის დამსახურებაა. სხვა ბავშვებიც კარგად ხატავენ. მიხარია, რომ ბეშქანმა ამიხდინა ბავშვობის დროინდელი ოცნება – მინდოდა მხატვრობა მესწავლა, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოხერხდა. მართალია, ბუმბულით ვქმნი ნახატებს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. რომ მის ნახატებს ვუცქერ, ვტკბები და მთლიანად ვიძირები მათში.

– თქვენი ანდაზები, რჩევები, რომელთაც ხშირად ასაჯაროებთ და მიგაჩნიათ, რომ ადამიანებს დაეხმარება სულიერ სრულყოფაში…

– ცოდნა განძია, თავში ინახება, თუკი არ გასცემ, უქმად იკარგება. ანთებ სანთლებს და ინახავ მარხვას, პირჯვარს იწერ და ხატის წინ დგახარ, თუკი მოკეთეს შურით სცემ ლახვარს, ყველა სიკეთეს მიწაში მარხავ! სხვისი ზურგით ტვირთის თრევა იოლია – საკუთარი ზურგით თქვი შენ. უზომო ფული კაცს ზომიერებას აკარგვინებს. ყველაზე სამართლიანი მსაჯული ბუნების ძალაა. დედამიწა უზარმაზარი ოჯახია, სადაც არავითარი საიდუმლო არ იმალება.

– მეგობარი სულის ნაწილია…

– მეგობარი ის ადამიანია, რომელსაც ენდობი და ყველა საიდუმლოს ამოთქვამ მასთან. ჩემთან წლების განმავლობაში მოდიან ადამიანები და შველას ითხოვენ. ისინი ბოლომდე იხსნებიან, ანუ ყველა საიდუმლოს ამბობენ. მე მათ არასოდეს გავცემ და რაც შემიძლია, ვეხმარები. ამიტომ მეგობრად მთვლიან. პირადად მე, არაფერი მაქვს დასამალი… თუ რამე, ჩემი მესაიდუმლე ბრძანდება უფალი, შემდეგ საკუთარი თავი და მეუღლე. თუ სადმე შეცდომას ვუშვებ, უფალი მიმანიშნებს და ვცდილობ ისე მოვიქცე, როგორც დამარიგებს. მეგობარი ერთი სჯობს, თუ შეარჩევ მჯობნის-მჯობნს!

– რას ურჩევთ ადამიანებს ამ ციფრულ რეალობაში?

– მოზარდებმა და ზრდასრულებმა იკითხონ წიგნები. ყველა წიგნში აუცილებლად აღმოაჩენენ მათთვის საინტერესო ბრძნულ აზრებს. ადამიანისთვის სასარგებლოა ტკბილი მუსიკა, გალობის სახით. ეს ყველაფერი მის დამშვიდებას უწყობს ხელს. დღეში, მინიმუმ, 2-3 საათით უნდა დავისვენოთ კომპიუტერის და ტელეფონის გარეშე. სიმშვიდის მოსაპოვებელად კარგია ხატვაც, გასეირნება ბუნებაში… ყველა ადამიანისთვის საჭიროა სულიერი სიმშვიდე, თვითონ უნდა აირჩიოს გზა, რომელიც ამ სიმშვიდეს მოუტანს.

– ვინც ახლა გამოდის ასპარეზზე, მათ რას ურჩევდით?

– ყოველი საქმე ლოცვით, იმედით და რწმენით უნდა დაიწყო. არასოდეს თქვა: `მე ამას ვერ შევძლებ~. გახსოვდეს, შეუძლებელი არაფერია! მთავარია მონდომება… ადამიანი, რომელსაც უყვარს თავისი საქმე, უდიდეს სასწაულს ახდენს. არ შეუშინდე შეცდომებს, შეცდომები წარმატების საწყისია, რწმენით გადადგმული პატარა ნაბიჯები მალე დიდ გზად გადაიქცევა. ოცნებები რომ აგიხდება, სულიერად გამდიდრდები და დიდ შვებას და სიძლიერეს მოიპოვებ.

– თავად დასვით შეკითხვა უპასუხეთ…

– ჩემი შეკითხვა: ხართ თუ არა კმაყოფილი დღევანდელი საუბრით? პასუხი: უპირველესად, მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ დაინტერესდით ჩემი შემოქმედებითი საქმიანობით და საჯაროდ მათქმევინეთ ის, რაც ფართო საზოგადოებისთვის უნდა მეთქვა. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო იმ გამოჩენილ ადამიანებს, ვინც მხარში მედგა და მიდგას დღემდე, რომლებმაც გამიყვანეს ცხოვრების ასპარეზზე. კეთილი ადამიანები რომ არა, ვერაფერს მივაღწევდი ცხოვრებაში. მეც, შესაბამისად, რაიმე თუ შემიძლია, უკან არ დავიხევ ადამიანების წარმატებისთვის. დიდი სიამოვნებით ჩამოვთვლიდი აქ მათ სახელ-გვარებს, მაგრამ ვშიშობ, ვინმე არ გამომრჩეს, არ მინდა შევრცხვე მათ წინაშე… შემხვდნენ გულღვარძლიანი ადამიანებიც, რომლებსაც არ ახარებთ სხვისი წარმატება. და მაინც, ცხოვრების გზაზე ერთი კეთილი ადამიანის გამოჩენაც გავიწყებს წყენას და სიხარულით გავსებს. ასეა, მოყვასის სიყვარული გვაძლიერებს.

ლაშა ხომერიკი

  • No Comments
  • ივნისი 16, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *