
ყოველწლიური ანგარიში – საზოგადოებას
ბათუმის საზაფხულო თეატრში აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლა 2024-2025 სასწავლო წლის საანგარიშო კონცერტით წარსდგა. მსგავსი ღონისძიება 2020 წლიდან ტარდება და მისი მიზანი სასწავლო შემოქმედებითი პროცესის თავმოყრა და ფართო აუდიტორიისთვის გაცნობაა.
კონცერტში მონაწილეობა მიიღეს ხალხური მუსიკისა და ქორეოგრაფიული განყოფილებების პირველი და მეორე კურსის, ასევე, ტრადიციული რეწვის განყოფილების მოსწავლეებმა, პროფესიული მომზადება/გადამზადების მოკლევადიანი პროგრამების: „ფოტოგრაფია“, „ქართული ეროვნული სამოსი და მისი სასცენო გადაწვეტა“, „ქორეოგრაფიული ანსამბლის მოცეკვავე-მსახიობი“ და „ფოლკლორულ ინსტრუმენტალური ანსამბლის აკომპანიატორ-მსახიობი“ კურსდამთავრებულებმა.
საღამოზე წარმოდგენილი იყო: ქართული ხალხური, თანამედროვე, სამეჯლისო და მსოფლიო ხალხთა ცეკვები, ქართული ხალხური და ქალაქური სიმღერები.
კონცერტის პარალელურად, თეატრის ფოიეში გამოიფინა ტრადიციული რეწვის მოსწავლეების ნაქარგობები, ნაქსოვები და ხელნაკეთი ნივთები. კურსდამთავრებულების მიერ შექმნილი ეროვნული სამოსი, ასევე, ფოტონამუშევრები.
ღონისძიებას აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილე ზაურ ახვლედიანი, კულტურის დეპარტამენტის უფროსი ნათია ბლაგიძე, სამინისტროს სხვა წარმომადგენლები, ხალხური ხელოვნების სკოლის დირექტორი ვახტანგ ბერიძე და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
– ტრადიციად დავამკვიდრეთ საანგარიშო კონცერტის ჩატარება, რაც მთელი წლის საქმიანობის ერთგვარი შეჯამებაა. ახალგაზრდებს სწავლის პროცესშივე ეძლევათ მაყურებელთან შეხვედრის საშუალება. ხელოვანს განათლებასთან, ნიჭთან და შრომისმოყვარეობასთან ერთად, აყალიბებს მაყურებელი, ცოცხალი ემოციები. მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის ერთადერთი აქტივობა, რომელსაც ვატარებთ წლის განმავლობაში. ჩვენი მოსწავლეები განებივრებულები არიან ხელოვნების სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან შეხვედრებით, საჯარო ლექციებით, პოეზიის საღამოებით, მასტერკლასებით. ყოველმხრივ ვცდილობთ, რომ მათ ბევრი საჭირო ინფორმაცია მივაწოდოთ. სკოლამ ბოლო ექვსი წლის განმავლობაში არაერთ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. განახლდა სკოლის მატერიალურ ტექნიკური ბაზა, შეიცვალა სასწავლო პროგრამები, მოვიპოვეთ ათი პროფესიულ მომზადება/ გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლება. იზრდება კურსდამთავრებულთა დასაქმების სტატისტიკა აჭარის აკადემიურ და მუნიციპალურ ანსამბლებში, კულტურის ცენტრებში, სკოლებში, ბაღებში. სკოლაში მომართვიანობა გაიზარდა გურიის, სამეგრელოს რეგიონებიდან. ჩვენი ერთი კურსდამთავრებული დასაქმდა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასში… ყოველივე ეს არა მარტო ჩვენი სკოლის, არამედ რეგიონის წარმატებად მიმაჩნია. აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლის მისიაა, განათლების მეშვეობით, არამატერიუალური კულტურის ძეგლის – ქართული ფოლკლორის დაცვა, განვითარების ხელშეწყობა, რასაც ის ზედმიწევნით ასრულებს – აღნიშნა ვახტანგ ბერიძემ.
ცნობისთვის: დაინტერესებულ პირებს, აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლაში სამ სასკოლო გრძელვადიან და ათ მოკლევადიან მომზადება/გადამზადების პროგრამაზე უფასოდ შეუძლიათ სწავლა.
სკოლაში 2025-2026 სასწავლო წლისთვის მიღება 20 ივნისამდე გრძელდება.
ნანა აბულაძე