ყურადსაღები ნაშრომი – ,,თურქეთის საშინაო პოლიტიკის ძირითადი პრობლემები 2000-2024 წლებში’’
საზოგადოებამ მიიღო პროფესორ ემზარ მაკარაძის ნაშრომი ,,თურქეთის საშინაო პოლიტიკის ძირითადი პრობლემები 2000-2024 წლებში“.
XXI საუკუნის დასაწყისში თანამედროვე თურქეთის საშინაო პოლიტიკა განსაკუთრებით საინტერესოა, რადგანაც სწორედ ამ პერიოდში, ქვეყნის ცხოვრებაში აქტიურად იჩინა თავი საერო და რელიგიური მიმართულების წრეთა დაპირისპირებამ. მოვლენათა ამგვარმა განვითარებამ შოკური ეფექტი მოახდინა როგორც თვით თურქეთზე, ასევე დასავლეთზე.
ავტორი სწორ აქცენტებს აკეთებს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე. აღსანიშნავია ე. წ. ,,თურქული მოდელი“ არაბული და სხვა ისლამისტური ქვეყნებისათვის. ეს მოდელი არის ევროპული ფასეულობების და ,,ზომიერი ისლამის’’ ერთიანობა, რომელიც თითქოსდა იდეალურად უნდა მორგებოდა პოსტრევოლუციურ ახლო აღმოსავლეთს, თუმცა 2014 წელს? განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად აჩვენა, რომ თურქეთი არც ისე დემოკრატიულია, როგორადაც მას მიიჩნევდნენ დასავლეთში.
ნაშრომში საინტერესოდაა განხილული ქვეყანაში მოქმედი პოლიტიკური პარტიების საქმიანობა, მათი პროგრამები და ამ პროგრამების განხორციელების მცდელობები, საყურადღებოდაა წარმოჩენილი ის ცვლილებები, რომლებიც განხორციელდა ქვეყანაში მეოცე საუკუნის ოთხმოციანი წლებიდან. ავტორმა განიხილა პარტიების დამოკიდებულება თურქეთის საგარეო და საშინაო პოლიტიკისადმი. ზოგიერთი პარტია რადიკალურად ისლამისტურ პოზიციაზე იდგა, ზოგიერთი კი ცდილობდა ზომიერი პოლიტიკის გატარებას, საინტერესოა ისიც, რომ რამდენიმე პარტიას თავისი რადიკალიზმის გამო თურქეთის სასამართლომ შეუჩერა საქმიანობა.
ნაშრომში ავტორი საინტერესოდ წარმოაჩენს თურქეთში ჩატარებულ ყველა არჩევნებს მეოცე საუკუნის ოთხმოციანი წლებიდან, კონკრეტულად განიხილავს მათ, პარტიების რეიტინგებს და ხალხის დამოკიდებულებას პარტიებისადმი, პროგრამებს, ძალთა გადანაწილებას პარლამენტში. უაღრესად საინტერესოდაა წარმოჩენილი კონსტიტუციური ცვლილებები, რომლებიც თურქეთში განახორციელა მოქმედმა „სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ“ 2017 წელს. ეს ცვლილებები ეხებოდა თურქეთის როგორც საპარლამენტო რესპუბლიკის საპრეზიდენტო რესპუბლიკად გადაქცევას და ეს კარგად მოახერხა მოქმედმა პარტიამ პრეზიდენტ ერდოღანის მეთაურობით.
ავტორი ნაშრომში საუბრობს 2014 წელს თურქეთში მომხდარ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე და შემდეგ განვითარებულ მძიმე მოვლენებზე. საინტერესოდაა გაანალიზებული ავტორის მიერ თანამედროვე თურქეთის ორი ძირითადი პოლიტიკური დოქტრინა. როგორც მეოცე, ისე ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში დღის წესრიგში დადგა ჯერ ახალი სახელმწიფო მმართველობის სისტემის დაარსების და შემდეგ შეცვლის საკითხი, რომელმაც სამეცნიერო ლიტერატურაში ,,ქემალიზმისა“ და ,,ერდოღანიზმის“ დოქტრინის სახელები მიიღო.
ავტორი სვამს კითხვას – რა არის ,,ქემალიზმისა“ და ,,ერდოღანიზმის“ დოქტრინა? პასუხები ასეთია: ,,ქემალიზმი“ იგივე ,,ათათურქიზმი’’ არის პოლიტიკური, კულტურული, სოციალური და რელიგიური მიმართულებით რეფორმების ვესტერნიზაცია, დემოკრატიის ჩამოყალიბება, ქალთა უფლებების დაცვა, სკოლებიდან რელიგიური სწავლების ამოღება და სხვა, ,,ერდოღანიზმი“ კი არის რელიგიურად შთაგონებული ძლიერი ცენტრალიზებული ხელმძღვანელობა, რომელიც დაფუძნებულია, ძირითადად, საარჩევნო თანხმობაზე და ნაკლებად ძალაუფლების გამიჯვნაზე, ასევე, ინსტიტუციურ კონტროლსა და წონასწორობაზე. ასეთი შეფასებები, ვფიქრობ, სწორია. ავტორი ნაშრომის ბოლოს საუბრობს სადისკუსიო საკითხებზე, რაც ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია.
ემზარ მაკარაძის ნაშრომი დაწერილია საყურადღებოდ, საკითხები გაშუქებულია ავტორისეული შეხედულებებიდან გამომდინარე. იგი კარგად იკითხება და საინტერესო შენაძენია საზოგადოებისათვის.
ოთარ გოგოლიშვილი
პროფესორი