
შავი ზღვის წყლის ხარისხი საქართველოს სანაპიროს მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია
„გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ამ დრომდე ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი საქართველოს სანაპიროს მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია“, – ამის შესახებ ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში. მათივე ცნობით, გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს. „კვლევები ყოველთვიურად 12 წერტილში ტარდება და განსაზღვრავს ზღვის წყლის პარამეტრებს: 13 მძიმე მეტალს, ნავთობის ჯამურ ნახშირწყალბადებს, 16 პოლიარომატულ ნახშირწყალბადს, ასევე სხვა ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრის კონცენტრაციას. შავი ზღვიდან აღებული სინჯები გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის აკრედიტებულ ლაბორატორიაში იგზავნება, რომელიც მაღალი სიზუსტის ხელსაწყოებით არის აღჭურვილი და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს. სააგენტოს მიერ ამ დრომდე ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი საქართველოს სანაპიროს მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია. აღსანიშნავია, რომ გარემოს ეროვნული სააგენტო, ევროკავშირის საზღვაო სტრატეგიის ჩარჩოდირექტივის შესაბამისად, აქტიურად აგრძელებს მუშაობას მონიტორინგის სისტემის გაუმჯობესებაზე. გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის შედეგები სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.