შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი – მასშტაბური კულტურული მოვლენა საქართველოში
By

შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი – მასშტაბური კულტურული მოვლენა საქართველოში

საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ღონისძიება – 2025 წლის ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი, ხუთ დღეს მიმდინარეობდა და ხუთივე დღეს დრამატული თეატრის დარბაზი მაყურებლით იყო სავსე.

ეს ფესტივალი ქვეყანაში ერთადერთია, რომელმაც მეცხრედ დაიმსახურა იუნესკოს მაღალი პატრონაჟი, რასაც, წელს პირველად, საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟიც დაემატა. ეს, რა თქმა უნდა, ისტორიული ეტაპია, რომელმაც ღონისძიების საერთაშორისო სტატუსი კიდევ უფრო აამაღლა. ფესტივალი აერთიანებს კლასიკური მუსიკის ვარსკვლავებს, აღმოაჩენს ახალგაზრდა მუსიკოსებს, დიდ ადგილს უთმობს ქართველ კლასიკოსებს და ფოლკლორულ ანსამბლებს. წლების განმავლობაში, მსოფლიო მასშტაბით აღიარებულ თუ ამომავალ ვარსკვლავთა მონაწილეობით, 80-ზე მეტი უნიკალური კონცერტი გაიმართა. ახალგაზრდა ტალანტებისთვის საერთაშორისო პლატფორმა ჩამოყალიბდა, ნიჭიერი ქართველი პიანისტები ფონდ `ლირას~ სისტემატური მხარდაჭერით მსოფლიო მასტერკლასებსა და რჩეულ გალა კონცერტებში მონაწილეობენ. ამ შესანიშნავ ტრადიციას, ასევე, საქველმოქმედო ფონდ `ლირას~ დამფუძნებელმა, პიანისტმა, საერთაშორისო და სახელმწიფო ჯილდოების ლაურეატმა, იუნესკოს მშვიდობის არტისტმა, აჭარის კულტურის მინისტრმა ელისო ბოლქვაძემ 2012 წელს დაუდო სათავე.

ფესტივალის პირველი დღე სახელმწიფო ვოკალური ანსამბლის `ბათუმი~ გალა კონცერტით გაიხსნა, რომელიც მსმენელის წინაშე ახალი საიუბილეო პროგრამით წარსდგა. გაზეთი `აჭარა~ ამ საღამოს შესახებ უკვე წერდა. მას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მეუღლესთან ერთად დაესწრო.

შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის მეორე დღეს მსმენელთა წინაშე იაპონელი პიანისტი ტოშიკი უსუი წარსდგა, რომელიც დამსწრე საზოგადოებას უფრო ახლოს ფესტივალის დამფუძნებელმა ელისო ბოლქვაძემ გააცნო.

მაესტრო ტოშიკი მსოფლიოში აღიარებულია არა მხოლოდ როგორც გამორჩეული პიანისტი, არამედ მუსიკის მეშვეობით საქველმოქმედო საქმიანობითაც. Aმის მაგალითია საქველმოქმედო კონცერტი, რომელსაც ის სიღნაღში ატარებს. მას მინიჭებული აქვს სიღნაღის საპატიო მოქალაქის წოდება. ბატონი ტოშიკი ასევე, ზედამხედველობს ვაჟა აზარაშვილის პროექტს იაპონიაში. სწორედ ამის შედეგია, რომ ერთ-ერთმა იაპონურმა მუსიკალურმა კომპანიამ ჩვენი კომპოზიტორის ცხრა კომპოზიცია გამოსცა, რომელიც წარმატებით სარგებლობს როგორც იაპონიაში, ისე მსოფლიოში. პიანისტი ვაჟა აზარაშვილთან მეგობრობდა და მასთან ერთად კონცერტის გამართვასაც გეგმავდა. სამწუხაროდ, ბატონი ვაჟა კონცერტამდე რამდენიმე დღით ადრე გარდაიცვალა. ცნობილია პიანისტის განსაკუთრებული სიყვარული და პატივისცემა ვაჟა აზარაშვილის შემოქმედებისადმი, ის შესანიშნავად ასრულებს კიდეც ქართველი კომპოზიტორის ნაწარმოებებს და მთელი მსოფლიოს მოწონებას იმსახურებს. ამაში დარწმუნდა ყველა, ვინც ბათუმში გამართულ კონცერტს დაესწრო. მსმენელი ფეხზე წამოუდგა პიანისტს, რომელმაც როგორც ცნობილი უცხოელი კომპოზიტორების, ასევე, იაპონური და ვაჟა აზარაშვილის ნაწარმოებები შეასრულა. ღონისძიების ფარგლებში, წარმოდგენილი იყო იაპონელი ქართველოლოგისა და ტოკიოს მეტროპოლიტენის უნივერსიტეტის პროფესორის ჰიროტაკე მაედას ფოტოგამოფენა `კავკასიისა და კავკასიური სამყაროს შესწავლა – 1995-2015~.

საინტერესო საღამო მიეძღვნა ქართველ მუსიკოსს, ფოლკლორისტს, ხელოვნების მუშაკს, საგუნდო დირიჟორს, ხალხური სიმღერების შემკრებს, საქართველოს ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეს, თბილისის საპატიო მოქალაქე ანზორ ერქომაიშვილს, რომელიც ანსამბლ `რუსთავის~ სამხატვრო ხელმძღვანელს მიშო ჯავახიშვილს მიჰყავდა. მასში ანსამბლები `ბათუმი~ და `არსიანი~ მონაწილეობდნენ. ფესტივალის ფარგლებში, ანზორ ერქომაიშვილის უდიდესი სამტომეულის – `საქართველო – ისტორია, კულტურა, ეთნოგრაფია~ პრეზენტაცია გაიმართა, რომლის შედგენა თითქმის 15 წელი გრძელდებოდა. ანზორ ერქომაიშვილის შესახებ ბევრი ითქვა, ეკრანზე ვიდეორგოლითაც გაიხსენა დარბაზმა ბრწყინვალე შემოქმედი.

საღამოს შემდეგ კომენტარები ჩავწერეთ მათთან, ვინც პირადად იცნობდა ანზორ ერქომაიშვილს.

გიორგი დონაძე, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, დირიჟორი, მომღერალი, პედაგოგი:

– ბატონი ანზორი დიდი ადამიანი, საოცარი ქართველი, განსაკუთრებული თვისებებით გამორჩეული, მადლიერების გრძნობით დაჯილდოებული შემოქმედი იყო. უყვარდა წინაპრები, მომავალი თაობა, ბავშვები, ფანატიკურად იყო შეყვარებული ქართულ მრავალხმიანობაზე და ღმერთმა ინება, რომ სწორედ მას შეექმნა ეს სამტომეული და არა სხვას. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ახლოს ვიცნობდი, ჩემი მასწავლებელი იყო.

მანანა ხვედელიძე, პროექტის გენერალური აღმასრულებელი პროდიუსერი:

– ძალიან მნიშვნელოვანი გამოცემაა, რომელშიც ქართული კულტურის ყველა დარგის გამოჩენილი მეცნიერია ჩართული. სამწუხაროა, რომ ბატონი ანზორი ვერ მოესწრო. თუ ეს წიგნები ხელთ ექნებათ იმ ადამიანებს, ვინც მას თავიდან ბოლომდე წაიკითხავს, მაშინ ანზორ ერქომაიშვილის სული გაიხარებს. მართლაც უნიკალური გამოცემაა, მეხსიერებაზე (`ფლეშკაზე~) თანდართულია თითქმის 3 000-მდე ჩანაწერი, რომელიც ქართულ-ხალხურ სიმღერას, საგალობლებს და ვიდეომასალას მოიცავს. თავმოყრილია ყველაფერი ქართულ კულტურაზე, ისტორიაზე, ეთნოგრაფიაზე, ეთნომუსიკოლოგიაზე… ეს არის უდიდესი ნაშრომი, რომელშიც დაინტერესებული ადამიანი ყველა კითხვაზე იპოვის პასუხს.

მიშო ჯავახიშვილი, ანსამბლ `რუსთავის~ სამხატვრო ხელმძღვანელი:

– დღეს, ფესტივალის ფარგლებში, უმნიშვნელოვანესი საღამო გაიმართა – ანზორ ერქომაიშვილის უდიდესი სამტომეულის პრეზენტაცია. მასში თავმოყრილია ქართული კულტურა, ისტორია, ეთნოგრაფია. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მუსიკალური მხარე – გამოცემაში 2500-მდე ვიდეო და აუდიოჩანაწერია შესული. ეს არის ისტორიული პროექტი, ბატონ ანზორ ერქომაიშვილის შემოქმედების გვირგვინი. მადლობა ქალბატონ ელისო ბოლქვაძეს, რომ მნიშვნელოვანი სამტომეულის პრეზენტაცია სწორედ ამ ფესტივალის ფარგლებში შედგა. ძალიან რთულია, როცა ჩემი პედაგოგის შემდეგ, ანსამბლ `რუსთავის~ სამხატვრო ხელმძღვანელობა მე მხვდა წილად. ეს დიდი სიხარული და ბედნიერებაა, მაგრამ უდიდესი პასუხისმგებლობაც. ჩვენ, ანზორის აღზრდილები, ვცდილობთ, ღირსეულად გავაგრძელოთ მისი გზა, ქართული ხალხური სიმღერა მომავალ თაობას გადავცეთ.

გიორგი გაბუნია, საქართველოს პარლამენტის წევრი, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე:

– ეს სამტომეული ყველა ქართულ ოჯახში უნდა ინახებოდეს. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო აჭარის კულტურის მინისტრ ელისო ბოლქვაძეს, საქართველოს კულტურის სამინისტროს, ქალბატონ თინათინ რუხაძეს, ფონდ `ქართუს~ და ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო ამ უნიკალური წიგნის გამოცემაში. იგი სრულად ასახავს მატერიალურ და არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობას, მოიცავს ჩვენი ისტორიის, ეთნოლოგიის, ფოლკლორის შესახებ არსებულ უნიკალურ ინფორმაციას. ნიშანდობლივია, რომ გამოცემას თან ახლავს ასობით აუდიო-ვიდეო ჩანაწერი. პრაქტიკულად, ეს ქართული მრავალხმიანი მუსიკის ოქროს ფონდია. ქართული ტრადიციული ხელოვნების ყველა გულშემატკივარს მინდა, ამ გამოცემის პრეზენტაცია მივულოცო. სამწუხაროა, რომ ამას ვერ მოესწრო ბატონი ანზორი, მაგრამ იმათთვის, ვინც ანზორ ერქომაიშვილს შემოქმედებით კვალს მიჰყვება, ეს წიგნი საუკეთესო გზამკვლევია.

თემურ დოლიძე, ლოტბარი, აჭარის სახელმწიფო ანსამბლ `ბათუმის~ სამხატვრო ხელმძღვანელი:

– ვამაყობდი, რომ ჩვენ ერთი სოფლიდან, მაკვანეთიდან ვიყავით, ვმეგობრობდით კიდეც ოჯახებით. როცა აქ ჩამოდიოდა, სულ ჩვენთან იყო. ძალიან მაკლია. ერისთვის, ჩვენი მეგობრობისთვის შეუფასებელი საქმე აქვს გაკეთებული, ჩვენი მასწავლებელი იყო, არასოდეს დაგვავიწყდება, ნათელი და სანთელი მის სულს.

ლალი სეთურიძე, ანზორ ერქომაიშვილის მეუღლე:

– ამ დღეს ყოველთვის მადლიერებით გავიხსენებ. ანზორს ძალიან უყვარდა ბათუმი და პრეზენტაცია რომ აქ შედგა, მიხარია. მადლიერი ვარ ქალბატონი ელისო ბოლქვაძის, რომლის მამასთან, ზაურ ბოლქვაძესთან, ანზორს გამორჩეული ურთიერთობა ჰქონდა. რამდენიმე წლის წინ, ბათუმის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭეს, რამაც უზომოდ გაახარა. ბაქოს ქუჩაზე კი, სადაც ცხოვრობდა, მემორიალური დაფაც გახსნეს, რომელზეც არტემ და ანზორ ერქომაიშველების სახელებია ამოტვიფრული. ბათუმი სხვანაირი ქალაქია, სხვა გულის და სულის, კულტურის მექაა. დალოცვილები ყოფილიყვნენ ბათუმელები. მადლობა ყველას, ანსამბლებს `ბათუმსა~ და `არსიანს~.

ფესტივალის ფარგლებში არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ჩამოსული პიანისტის აჰმედ ალ ჰაშენის სოლოკონცერტი შედგა, რომელიც გულთბილად მიიღო მსმენელმა. შემდეგ საერთაშორისო კონკურსის French Riviera-ს გრან პრის მფლობელის ბარბარე თათარაძის სოლოკონცერტი გაიმართა. ბარბარე პირველად არ გამოდის ბათუმის სცენაზე და ყოველ ჯერზე თავისი ნიჭიერებით მსმენელს იპყრობს. ამჯერადაც ასე იყო.

– მიხარია, რომ ბათუმში ვიმყოფები, ვისურვებდი, რომ აქ კიდევ ერთხელ დავბრუნდე, ისიც მიხარია, რომ კარგი კონცერტი შედგა, – გვითხრა ახალგაზრდა პიანისტმა აჰმედ ალ ჰაშენმა.

– ამ ფესტივალზე არაერთხელ გამოვსულვარ. ჩემთვის ბათუმელი მსმენელის წინაშე დაკვრა ძალიან დიდი სიხარულია, მათი მხრიდან ყოველთვის დადებით ემოციებს ვგრძნობ. ვფიქრობ, დღესაც მსმენელი ნასიამოვნები დარჩა, – გვითხრა ბარბარემ, რომელმაც ბათუმში პირველად 9 წლის ასაკში დაუკრა.

– გვიხარია, რომ აქ ყოფნის შესაძლებლობა მოგვეცა, ეს შესანიშნავი პროექტია, ვფიქრობ, იგი მნიშვნელოვანია როგორც არაბთა გაერთიანებული საამიროებისთვის, ისე საქართველოსთვის. ორ ქვეყანას შორის კულტურული თანამშრომლობა ჩვენი ურთიერთობის მთავარი საყრდენია, – თქვა პრესასთან არაბთა გაერთიანებული საამიროების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში აჰმედ ალ ნიუაიმიმ.

– ფესტივალის ფარგლებში გზა გავუხსენით ინკლუზიურ მუსიკალურ განათლებას – არაბეთიდან ახალგაზრდა პიანისტი ჩამოვიდა. ეს გადასაწყვეტად რთული სოციალური თემა იყო, რადგან ფესტივალი მაღალი დონისაა და ექსპერიმენტების ჩატარება ადვილი არ იყო, მაგრამ დღეს ჩვენმა მსმენელმა პიანისტი კარგად მიიღო. 15 წლის ბავშვმა შეძლო, მოეხერხებინა და გადაელახა ძნელი ეტაპი და ძალიან არტისტულად წარმოჩენილიყო, – აღნიშნა ელისო ბოლქვაძემ.

დასკვნით საღამოზე ლეგენდარული `ქართული ხმები~ გამოვიდა, რომელიც მსმენელთა წინაშე სპეციალური პროგრამით წარსდგა. იმ დღეს ქართული ნიჭისა და ეროვნული სულის ზეიმი იყო დარბაზში. საღამოს ანსამბლის ხელმძღვანელი ჯემალ ჭკუასელი უძღვებოდა, რომელიც თითოეულ სიმღერასა და სოლისტს წარადგენდა. სოლისტები კი ნამდვილად არ აკლია ამ ანსამბლს, თითოეული მომღერალი უნიკალური ხმითაა გამორჩეული. შესრულდა არაერთი ქართული ხალხური თუ ქალაქური სიმღერა. იმ დღეს სიმღერები ქართული კინოფილმებიდან სჭარბობდა, ჩვენთვის ასე ნაცნობი და საყვარელი. კონცერტის დასასრულ, ფეხზე ამდგარი მაყურებელი დიდხანს უკრავდა ტაშს ლეგენდარულ ანსამბლს.

– ბათუმში კონცერტი პირველად 34 წლის წინ ჩავატარეთ. მას შემდეგ აქ ყოველი ჩამოსვლა ჩვენთვის ბედნიერებაა, ეს არ არის პათეტიკური სიტყვები, ჭეშმარიტებაა, – გვითხრა ანსამბლ `ქართული ხმების~ დამფუძნებელმა და სოლისტმა თემურ ჭკუასელმა.

ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურის სამინისტრო, სსიპ `შემოქმედებითი საქართველო~, აჭარის მთავრობა, ბათუმის მერია, ბათუმის დრამატული თეატრი, იაპონიის საელჩო საქართველოში, არაბთა გაერთიანებული საამიროების საელჩო საქართველოში, ბანკი ,,ქართუ~, ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრი.

 

მანანა ძიძიშვილი

  • No Comments
  • ნოემბერი 11, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *