
შავი ზღვის ჯაზფესტივალი იწყება
სამი დღით ბათუმი ჯაზ-საღამოების მთავარ ეპიცენტრად გადაიქცევა. 11-13 ივლისს ბათუმი მეთვრამეტედ უმასპინძლებს შავი ზღვის ჯაზფესტივალს. ზღვისპირეთის სავიზიტო ბარათად წოდებული ფესტივალი ტრადიციულად, ბათუმის კორტებზე გაიმართება და როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, მელომანებს წინ განსაკუთრებული საღამოები ელოდება.
წლევანდელი პროგრამა სამ, ერთმანეთისგან განსხვავებულ მუსიკალურ დღეს გააერთიანებს, რომლის ფარგლებშიც ქალაქს ოთხი შემსრულებელი ეწვევა.
11 ივლისს ფესტივალს R&B-სა და სოულის ამერიკელი ავტორ-შემსრულებელი ლედისი გახსნის. ლედისი თოთხმეტჯერაა წარდგენილი „გრემიზე“. 2021 წელს კი ის „გრემის“ მფლობელი გახდა.
12 ივლისის საფესტივალო დღე ორ შემსრულებელს დაეთმობა. თავდაპირველად, სცენას შვეიცარიული ფანკ სოულ ბენდი The Next Movement-ი დაიკავებს, შემდეგ კი მსმენელის წინაშე ესპანელი ბასისტი ვინსენ გარსია წარდგება. დღესდღეობით გარსია თანამედროვე ჯაზისა და ფანკის სცენის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ბასისტადაა აღიარებული.
ჯაზფესტივალს 13 ივლისს ყველასთვის ცნობილი ლეგენდარული ჯგუფი Sister Sledge დახურავს. დების მიერ შექმნილმა კვარტეტმა საერთაშორისო წარმატებას დისკოს ეპოქის ზენიტში მიაღწია. ჯგუფი ბათუმს პროექტ Sledgendary-ს ფარგლებში ეწვევა, რომელშიც ოჯახის სხვა წევრებიც მონაწილეობენ.
„წელს გვაქვს სიახლეც, სამი დღით, 11,12 და 13 ივლისს, ბათუმში ბრუნდება ყველასთვის ცნობილი და საყვარელი კლუბი Take 5, სადაც ყოველ ღამე, კონცერტების შემდეგ, წარდგება The Next Movement-ი და „ჯემ სეიშენებს“ გამართავს. და კიდევ, ტრადიციულად, 11 ივლისს 10:50 საათზე, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით დაიძვრება ჯაზმატარებელი, რომლის მგზავრების მუსიკალურ განწყობაზე იზრუნებენ კატო კვარაცხელია, ლუკა თოფურია და ნიკალა ზუბიაშვილი,“- ვკითხულობთ შავი ზღვის ჯაზფესტივალის ოფიციალურ გვერდზე.
ნანა აბულაძე