შალვა პაპუაშვილი: ბურთი ბრიუსელის მოედანზეა – ევროკავშირმა თავად უნდა აღადგინოს საქართველოსთან ურთიერთობა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ევროკავშირს კარგად აქვს გააზრებული, რა ნაბიჯებია გადასადგმელი საქართველოსთან ურთიერთობის აღსადგენად. მისი თქმით, სწორედ ბრიუსელმა შეაფერხა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და ახლა პასუხისმგებლობაც მას ეკისრება.
პაპუაშვილის კომენტარი უკავშირდება ნიკოლ ფაშინიანის განცხადებას, რომელიც მან ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. „ჩვენ მოველით და ვითხოვთ, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის კონსტრუქციული პროცესი განვითარდეს, საქართველო ჩვენთვის ევროკავშირისკენ მიმავალი გზაა“, – თქვა ფაშინიანმა ევროპარლამენტში.
პაპუაშვილის განმარტებით, „ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრია, რომელიც სომხეთის ინტერესებიდან გამომდინარე საუბრობდა. ჩვენ ჩვენი ინტერესები გვაქვს“.
პაპუაშვილის შეფასებით, ევროკავშირმა საქართველოსთან ურთიერთობა „თვითნებურად და არაპროვოცირებულად შეაფერხა“, ამიტომაც, მისივე თქმით, „ბურთი ბრიუსელის მოედანზეა, მათ უნდა გამოასწორონ მათივე გაფუჭებული. ჩვენ მათ გაფუჭებულს ვერ გამოვასწორებთ“.
პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე განმარტა, რა ნაბიჯებია საჭირო ურთიერთობის ნორმალიზებისთვის. მისი თქმით, ბრიუსელმა უნდა შეწყვიტოს საქართველოში ხელისუფლების არადემოკრატიული გზით ცვლილების წახალისება და უარი თქვას ფარულ ფინანსურ სქემებზე, რომლებიც, მისი შეფასებით, არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით მოქმედებს.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ევროკავშირმა, ასევე, უნდა შეწყვიტოს საქართველოს წინააღმდეგ მიმართული რიტორიკა და პროპაგანდის დაფინანსება, რომელიც ორმხრივი ურთიერთობებისთვის დამაზიანებელია.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველო მზად არის თანამშრომლობის აღსადგენად და სამუშაო პროცესის გასაგრძელებლად, თუმცა ამისთვის აუცილებელია, ევროკავშირმა თავად გადადგას შესაბამისი ნაბიჯები. „მარტივი ნაბიჯებია გადასადგმელი და ბრიუსელმა იცის, რა აქვს გასაკეთებელი, რათა საქართველოსთან ურთიერთობა აღადგინოს“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.