შალვა პაპუაშვილი: გამოვხატავ გულწრფელ თანაგრძნობას ამერიკელი ხალხის, განსაკუთრებით კი ჩარლი კირკის ოჯახისა და ახლობლების მიმართ
By

შალვა პაპუაშვილი: გამოვხატავ გულწრფელ თანაგრძნობას ამერიკელი ხალხის, განსაკუთრებით კი ჩარლი კირკის ოჯახისა და ახლობლების მიმართ

ჩარლი კირკის სასტიკი მკვლელობა ზიზღის, დეჰუმანიზაციისა და შეუწყნარებელი რიტორიკის პირდაპირი, არაორაზროვანი შედეგია. ვგმობ ძალადობის ამ წარმოუდგენელ და მხეცურ აქტს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ X-ზე წერს და ჩარლი კირკის ოჯახს თანაგრძნობას უცხადებს.

„სიტყვებს მძიმე შედეგები შეიძლება ჰქონდეს, ხოლო ზიზღის ენის დაუფიქრებელ მხარდაჭერას შეიძლება, წინასწარ განუჭვრეტელი მოვლენები მოჰყვეს. ჩვენ მიერ უამრავჯერ გაკეთებული მოწოდება და გაფრთხილება ზოგიერთი უცხოელი ოფიციალური პირის მიმართ, თავი შეიკავონ ძალადობრივი ენის მხარდაჭერისაგან, რომელიც თითქოსდა ევროკავშირის, ლიბერალიზმისა და დემოკრატიის სახელით ხდება, მიმართულია იქითკენ, რომ ამგვარი არაპროგნოზირებადი ძალადობრივი აქტები საქართველოს თავიდან ავარიდოთ. გამოვხატავ გულწრფელ თანაგრძნობას ამერიკელი ხალხის, განსაკუთრებით კი ჩარლი კირკის ოჯახისა და ახლობლების მიმართ“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

კონსერვატორი კომენტატორი ჩარლი კირკი, რომელსაც იუტა ველის უნივერსიტეტის ღონისძიებაზე ესროლეს, დაიღუპა. გავრცელებული ცნობით, კირკი პრეზენტაციას ატარებდა, როცა ესროლეს. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. კირკი, რომელიც დონალდ ტრამპის მოკავშირედ მიიჩნეოდა, კონსერვატიული სტუდენტური მოძრაობის ხელმძღვანელი იყო.

  • No Comments
  • სექტემბერი 11, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *