შალვა პაპუაშვილი ევროინტეგრაციაზე, კონსტიტუციურ წესრიგსა და უცხოურ ჩარევაზე
By

შალვა პაპუაშვილი ევროინტეგრაციაზე, კონსტიტუციურ წესრიგსა და უცხოურ ჩარევაზე

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლება მზად არის დებატებისთვის ნებისმიერ ჯგუფთან, რომელიც აღიარებს საქართველოს სახელმწიფოსა და კონსტიტუციურ წესრიგს. მისი თქმით, ევროინტეგრაცია ქვეყნის კონსტიტუციური ამოცანაა, თუმცა პროცესმა არ უნდა დააზიანოს სახელმწიფოებრიობა.
პაპუაშვილის განცხადებით, „ევროკავშირში წევრობა იმიტომ არ გვინდა, რომ უბრალოდ მოინიშნოს საქართველო როგორც წევრი და ევროკავშირის წევრი საქართველო დანგრეული იყოს“, ხოლო თუ ვინმე ევროინტეგრაციაში რისკებს ხედავს, „პრობლემა არის არა ევროკავშირსა და ევროპულ ინტეგრაციაში, პრობლემა არის ბრიუსელში, რომელიც დღეს აბსოლუტურად ამოვარდნილია ევროკავშირის ღირებულებისგან“.
პაპუაშვილის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ „ევროინტეგრაცია არ აგვერიოს მორჩილებაში“ და ქვეყანამ არ დაუშვას, რომ „ბრიუსელმა ხელი აფათუროს ჩვენს კონსტიტუციურ ორგანოებში“.
პარლამენტის თავმჯდომარე ასევე გამოეხმაურა კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების საკითხს და აღნიშნა, რომ ეს ეხება არა კონკრეტულ პირებს, არამედ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს. მისი თქმით, „კონსტიტუციური წესრიგის პატივისცემა ნებისმიერი სახელმწიფოს საფუძველთა საფუძველია“, ხოლო ვინც მას არ აღიარებს, „დემოკრატიის მიღმა აყენებს საკუთარ თავს“. პაპუაშვილის განმარტებით, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები მიზნად ისახავს უცხოური ჩარევის აღკვეთას და არა ცალკეული ჯგუფების დასჯას.
ამავე კონტექსტში, პაპუაშვილმა მკაცრად გააკრიტიკა სალომე ზურაბიშვილი და მისი ლეგიტიმურად წარმოჩენა აბსურდად შეაფასა. მისი თქმით, „სალომე ზურაბიშვილი არის თვითმარქვია ექსპრეზიდენტი“, ხოლო შექმნილი ვითარება „ჰოლივუდის თუ არა, ბოლივუდის ფილმს ნამდვილად მოუხდებოდა“.

  • No Comments
  • თებერვალი 6, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *