შალვა პაპუაშვილი: ევროპელი ბიუროკრატები ქართველ ხალხს უსამართლოდ ეპყრობიან და ევროკავშირი, როგორც გლობალური ძალა, აღარ არსებობს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ევროკავშირის ბიუროკრატების მხრიდან საქართველოს მიმართ უსამართლო დამოკიდებულება და ანტიქართული რიტორიკა გრძელდება. მისი შეფასებით, განცხადებები, თითქოს საქართველო ჩამორჩება უკრაინასა და მოლდოვას, შეურაცხმყოფელია და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.
„ყველა ევროპელი ბიუროკრატი, რომელიც ამბობს, რომ საქართველო ჩამორჩება უკრაინას და მოლდოვას, დასცინის ქართველ ხალხს. საუბრობენ უსამართლობებს და არ ადარდებთ, რომ თვალში ნაცარს აყრიან ხალხს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ბრიუსელი არაერთხელ ჩაერია საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში, მათ შორის საარჩევნო პერიოდშიც.
„ვხედავდით ბრიუსელის ჩარევას, რომ საქართველოში გარედან შეეცვალათ ხელისუფლება… ამის სანაცვლოდ ბოდიში არავის მოუხდია“, – აღნიშნა მან.
პაპუაშვილის შეფასებით, უკრაინა და მოლდოვა „წინ არიან მხოლოდ ბრიუსელის ბიუროკრატიასთან ჩახუტებაში“, ხოლო საქართველო ეკონომიკური და სხვა პარამეტრებით მათ აღემატება.
„ვჯობივართ ყველა პარამეტრით – ეკონომიკური განვითარებით და ყველა სხვა მაჩვენებლით“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის საერთაშორისო როლსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ორგანიზაციამ გლობალური ძალის სტატუსი დაკარგა.
„ევროკავშირი, როგორც გლობალური ძალა, დღეს აღარ არსებობს და, როგორც ჩანს, ვეღარასდროს გახდება“, – განაცხადა მან.
მისი თქმით, ევროკავშირის ეკონომიკური და პოლიტიკური დასუსტება ბრიუსელის ბიუროკრატების არასწორი პოლიტიკის შედეგია.
„ნულის გარშემო ტრიალებს მისი ეკონომიკური ზრდა, არის ეკონომიკური სტაგნაცია… ეს არის მათი თავქარიანი პოლიტიკის შედეგი“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირი გლობალურ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესშიც აღარ არის ჩართული.
„მაგიდასთანაც კი არ ეპატიჟებიან… ეს დამართა ბრიუსელმა თავის თავს“, – თქვა მან.
შალვა პაპუაშვილის თქმით, გარე ძალებს საზოგადოებაში მიზანმიმართულად შემოაქვთ უთანხმოება. „ყველაფერს აკეთებენ, რომ ხალხი ვერ შეთანხმდეს – 25 დეკემბერი თუ 7 იანვარი, 8 მაისი თუ 9 მაისი“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე განცხადებით, ძალადობასა და დაპირისპირებასთან ხშირად ასოცირდება ევროკავშირის სიმბოლიკა.
„სადაც არის ძალადობა, იქ ფრიალებს ევროკავშირის დროშა… ეს არის სამარცხვინო“, – აღნიშნა მან.
პაპუაშვილი შეეხო საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემის კრიზისსაც და განაცხადა, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბებული წესრიგი, ფაქტობრივად, აღარ არსებობს.
„დღეს არ არის კანონის უზენაესობა, არის ძალის უზენაესობა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისი შეფასებით, საქართველოსთვის მიუღებელია ისეთი ევროკავშირი, რომელიც საკუთარ ღირებულებებს ღალატობს.
„არ გვინდა ჩვენ ასეთი ევროკავშირის წევრობა. გვინდა დემოკრატიული, სუვერენიტეტსა და ევროპულ, ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებული ბრიუსელი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა