
შალვა პაპუაშვილი – ეს ევროკავშირის საელჩოს მიერ დაფინანსებული და წახალისებული ქსენოფობიაა
„არანაირი „რუსეთი ომს აწარმოებს“ არ ამართლებს ქსენოფობიას. ბევრ ქვეყანას უწარმოებია ომი და ბევრი დღესაც აწარმოებს, სადაც ადამიანები კვდებიან, მაგრამ ეს არავის აძლევს იმის უფლებას, ეროვნებები გამოარჩიოს და ისინი ზიზღის ობიექტად აქციოს“ – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და დასძინა, რომ „პროევროპული ქსენოფობიის ახალი ტალღის მიზანი ზიზღის გაღვივება და ძალადობის წაქეზებაა“.
შალვა პაპუაშვილი აღნიშნული განცხადებით ბაია პატარაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსს გამოეხმაურა.
ცნობისთვის, ბაია პატარაია სოციალურ ქსელში წერს, რომ „რუსები საქართველოში „ქართულმა ოცნებამ“ „გააბლატავა“ და მათ კომფორტი შეუქმნა“. როგორც ის აღნიშნავს, „ქართული ოცნება“ აგვისტოს ომის წინ, რუსი სამხედროების ჩამოყვანით, საზოგადოებას სპეციალურად უწყობს პროვოკაციას, რომ შემდეგ „რუსი ღორების გამო, ისევ ქართველი პატრიოტები დაიჭიროს“.
პატარაიას აღნიშნულ განცხადებაზე შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ: „რა თქმა უნდა, ეს ევროკავშირის საელჩოს მიერ დაფინანსებული და წახალისებული ქსენოფობიაა. და, რა თქმა უნდა, ევროკავშირის საელჩო მის მიერ დაფინანსებულების ქსენოფობიას არც დაგმობს და არც გაემიჯნება, ხოლო ბრიუსელის პრესსპიკერი იტყვის, რომ ეროვნების გამო ვინმესთვის „ღორის“ წოდების ქსენოფობიად მოხსენიება დეზინფორმაციაა. რა დაუშლის?“