შალვა პაპუაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა
By

შალვა პაპუაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ პერე ჟოან პონს სამპიეტროს შეხვდა. პარლამენტის ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილი მიესალმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისა და მისი თანმხლები დელეგაციის ვიზიტს საქართველოში და მადლიერება გამოხატა ღია და კონსტრუქციული დიალოგის წარმართვის მზაობისთვის. მან აგრეთვე, ხაზი გაუსვა ეუთო/ოდირის ობიექტური ანგარიშის მნიშვნელობას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. პაპუაშვილის თქმით, საქართველო ეუთოს ერთგული და აქტიური წევრია და შემდგომშიც დაუჭერს მხარს ორგანიზაციის საქმიანობას.

პერე ჟოან პონს სამპიეტრომ განაცხადა, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა საერთო პლატფორმაა დიალოგისთვის და მნიშვნელოვანია, რომ გამოწვევებით აღსავსე სამყაროში, ეუთომ შეინარჩუნოს რელევანტურობა, შეძლოს საქმიანობის ეფექტიანი განხორციელება. მან აღნიშნა, რომ დელეგაციის ვიზიტი საქართველოში საოკუპაციო ხაზთან ჩასვლით დაიწყო და დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერა. მხარეებმა ისაუბრეს ბოლო წლებში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და პარლამენტის საკანონმდებლო საქმიანობაზე.

შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველოს პარლამენტი იღებს კანონებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების საპასუხოდ და აქტიურად მუშაობს ქართული დემოკრატიის დაცვაზე. მან, აგრეთვე, დაადასტურა ქართული მხარის მზაობა, გააგრძელოს მუშაობა ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესრულებაზე. ამ კუთხით, შალვა პაპუაშვილმა ახსენა პარლამენტის მიერ გასულ წელს, ახალი საარჩევნო კოდექსის მიღება. მხარეებმა დაადასტურეს დიალოგის გაგრძელების მზაობა. შეხვედრაში, აგრეთვე, მონაწილეობდნენ თავმჯდომარის მოადგილე ილია ინჯია, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე, აღნიშნული დელეგაციის წევრი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, დელეგაციის წევრი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილი.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ​პერე ჟოან პონი აცხადებს, რომ მრავალი თვის თანამშრომლობის შემდეგ, საქართველოში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციამ შეხვედრები გამართა ყველა მხარესთან. მისივე თქმით, საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია შეხვდა როგორც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, ასევე, ოპოზიციის წევრებს. „ვისაუბრეთ 2024 წლის ანგარიშის შედეგებზე, იმ ყველა გამოწვევაზე, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას. გაიმართება პრესკონფერენცია, სადაც უფრო მეტ დეტალს გაგაცნობთ“, – განაცხადა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.

 

  • No Comments
  • მარტი 9, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *