
შალვა პაპუაშვილი: ვინც ცდილობს, ძალადობით შეცვალოს ხელისუფლება, მას პასუხს გასცემს კანონმდებლობა
ხელისუფლების ძალადობრივ შეცვლას ვინც აორგანიზებს, 5 ოქტომბერს საკადრის პასუხს მიიღებს ქართველი ხალხისგან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილს „მშვიდობიან რევოლუციასთან“ დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებზე დაუსვეს კითხვა. შალვა პაპუაშვილის თქმით, ვინც ცდილობს, ძალადობით შეცვალოს ხელისუფლება, მას პასუხს გასცემს კანონმდებლობა.
„გაცხადებულია, რომ მათ სურთ ხელისუფლების ძალადობრივად შეცვლა. ეს ყველაფერი გარედან არის მართული. ვხედავთ შეხვედრებს მათთან, ვიზიტებს. დააანონსეს კიდეც, რომ ამ დღეებშიც აპირებენ საზღვარგარეთ წასვლას. ეს კიდევ ერთი გამწვავებაა. ზოგადად, გამწვავებები ემართებათ ხოლმე გაზაფხულზე, მაგრამ ჩვენს გარემოპირობებში შემოდგომაზე არის ხოლმე გამწვავებები, არჩევნების წინ და ეს ერთ-ერთი ასეთი გამწვავებაა. ამისი შედეგი იქნება 5 ოქტომბერი. დადგება 5 ოქტომბერი და ხალხი, რომელიც ახლა აორგანიზებს ხელისუფლების ძალადობრივ შეცვლას, საკადრის პასუხს მიიღებს ქართველი ხალხისგან. ვინც ცდილობს, ძალადობით შეცვალოს ხელისუფლება, მას პასუხს გასცემს კანონმდებლობა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.