შალვა პაპუაშვილი : ითხოვენ პოლიტიკურ დიალოგს კონსტიტუციის დამრღვევები და სისხლის სამართლის დამნაშავეები
„პრობლემა არის არა ის, რომ პოლიტიკური დიალოგი არ არსებობს, პრობლემა ის არის, რომ ითხოვენ პოლიტიკურ დიალოგს კონსტიტუციის დამრღვევები და სისხლის სამართლის დამნაშავეები“, – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ლელოს“ განცხადებას. მისი თქმით, თუკი რადიკალებმა რამეზე უნდა ისაუბრონ, ეს არის საქართველოს კონსტიტუცია, რომელსაც ისინი უხეშად არღვევენ.
„რადიკალურ ჯგუფებს პრობლემა არ აქვთ საქართველოს ხელისუფლებასთან, მათ პრობლემა აქვთ საქართველოს კონსტიტუციასთან. ამიტომ, თუკი რამესთან დაკავშირებით მათ უნდა ილაპარაკონ, უნდა ილაპარაკონ კონსტიტუციისა და სისხლის სამართლის კოდექსზე, საკითხებზე, რომელიც მათ ასე უხვად აქვთ დარღვეული. „ლელოს“ რაც შეეხება, მათ ჩვენთან ან ჩვენ მათთან არაფერი სალაპარაკო არ გვაქვს. ელაპარაკონ საკონსტიტუციო სასამართლოს და მათმა ზოგიერთმა წევრმა ელაპარაკოს სისხლის სამართლის სასამართლოს, სადაც მათთან დაკავშირებით საქმეები არის. პრობლემა არის არა ის, რომ პოლიტიკური დიალოგი არ არსებობს, პრობლემა ის არის, რომ ითხოვენ პოლიტიკურ დიალოგს კონსტიტუციის დამრღვევები და სისხლის სამართლის დამნაშავეები“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
„ლელო“ ოპოზიციას და „ქართულ ოცნებას“ მოლაპარაკებების დაწყებას სთავაზობს. პარტიის წევრების განცხადებით, საუბრის თემა რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა უნდა იყოს.