19 C ბათუმი
Monday 7th July 2025
შალვა პაპუაშვილი: ის „ენჯეოები“, რომლებიც თავს ესხმიან ცესკოს და არჩევნებს, ევროკავშირის ბიუჯეტიდან ფინანსდებიან
By

შალვა პაპუაშვილი: ის „ენჯეოები“, რომლებიც თავს ესხმიან ცესკოს და არჩევნებს, ევროკავშირის ბიუჯეტიდან ფინანსდებიან

ევროკავშირის საელჩოს მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები ემზადებიან თვითმმართველობის არჩევნების ჩაშლისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ევროკავშირის ბიუჯეტის ფული არჩევნების ჩაშლისთვის იხარჯება.

„ამ ცრუ, ყალბი კამპანიის შემდეგ, რომელიც, მათ შორის, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების ხელით იყო წარმოებული, მოვისმინეთ ეუთოს გენერალური მდივნის განცხადება, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები ასახავს ამომრჩევლის ნებას. ეს არის პასუხი ყველა იმ ქვეყნის ხელისუფლების, ბრიუსელის ბიუროკრატების, ზოგიერთი ელჩის, საქართველოში მოქმედი ელჩის მიმართ, რომლებიც შეურაცხყოფას აყენებდნენ ქართველ ხალხს იმით, რომ მის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ რაღაც ცივ დამოკიდებულებას აჩვენებდნენ, თითქოს ეს არჩევნები ხინჯიანი იყო.

მას შემდეგ, რაც ეუთოს გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ სრულად ასახულია ხალხის ნება ამ არჩევნების შედეგებში, ვფიქრობ, ამ ხელისუფლებებმა – ბრიუსელმა, ზოგიერთმა ელჩმა ბოდიში უნდა მოუხადონ ქართველ ხალხს, რადგან აბრალებდნენ, თითქოს ქართულ დემოკრატიას არ აქვს იმის უნარი, ქართველმა ხალხმა თავად აირჩიოს ხელისუფლება. ეს განცხადება, მათ შორის, ეხება ზოგიერთი „ენეჯეოს“ მიერ წარმოებულ კამპანიას. კერძოდ, ნინო ლომჯარიას „ენჯეოს“ – „ჩემი ხმა“. 2024 წლის არჩევნების წინაც, თუ არ ვცდები, წარმოებაც კი იყო მათზე საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად გამოცხადებასთან დაკავშირებით, რამდენიმე „ენჯეოზე“. მაშინ ვამბობდით, რომ ევროკავშირის საელჩო აფინანსებს სააგიტაციო კამპანიას და, მათ შორის, ეს ორგანიზაცია „ჩემი ხმა“, რომელიც რამდენიმე „ენჯეოს“ აერთიანებდა, ჩართული იყო პირდაპირ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ აგიტაციაში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ის „ენჯეოები“, რომლებიც თავს ესხმიან ცესკს და არჩევნებს, ევროკავშირის ბიუჯეტიდან ფინანსდებიან მას შემდეგ, რაც აშშ-ის დაფინანსება აღარ არის ამ სფეროში.

 

 

  • No Comments
  • ივლისი 7, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *