შალვა პაპუაშვილი: იქ შედგა სახელმწიფო ღალატის კოლექტიური აქტი
By

შალვა პაპუაშვილი: იქ შედგა სახელმწიფო ღალატის კოლექტიური აქტი

ყველამ კარგად იცოდა, როგორც იტყვიან, ბავშვმაც კი, რა ხდებოდა ოთხში, 16:00 საათზე, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ყველა მიდიოდა ხელისუფლების დასამხობად.
„ახლა უნდათ, თავი მოისულელონ ზოგიერთმა მოფარფატე აქტივისტმა, თითქოს არაფერი იცოდნენ, ყველამ ყველაფერი იცოდა, კერძოდ, რომ ოთხში ოთხ საათზე მიდიოდნენ ხელისუფლების დასამხობად. ვგულისხმობ იმ რამდენიმე ათას ადამიანს, ვინც თავისუფლების მოედანზე იდგა, იმ ჩვენს თანამოქალაქეებს. არა სცენაზე მყოფ ლიდერებს და არა პოლიტიკოსებს, მათ შორის, არა „ენჯეოს“ ხელმძღვანელებს, არამედ მოქალაქეებს, რომლებიც იქ მივიდნენ ოთხში, 16:00 საათზე. ისინი იქ მივიდნენ ხელისუფლების დასამხობად და იქ შედგა სახელმწიფო ღალატის კოლექტიური აქტი ამ რამდენიმე ათასი ადამიანისგან, რომლებსაც საზოგადოება ხედავს პერიოდულად, ქვეყნის წინააღმდეგ მტრობაში. ეს იგივე რამდენიმე ათასი ადამიანია, ვინც ჩვენ ვიხილეთ 2022 წლის მარტში, პარლამენტთან რომ ითხოვდა მეომრების გაგზავნას უკრაინაში. ეს იგივე ხალხია, ჩვენი თანამოქალაქეები, ზოგი -ბიზნესში, ზოგი – „ენჯეოში“ და ზოგი – სად. იგივე მოქალაქეები ჩვენს ქვეყანას ითრევდნენ ომში. ეს ის რამდენიმე ათასი ადამიანია, ვინც 2022 წლის ივნისში პარლამენტთან იდგა და „ენჯეოებისთვის“ ხელისუფლების გადაცემას ითხოვდა. ეს იგივე რამდენიმე ათასი ადამიანია, რომელიც პარლამენტის წინ იდგა და საქართველოს ისტორიაში პირველად გასროლილ „მოლოტოვის კოქტეილს“ ტაშს უკრავდა. ეს იგივე რამდენიმე ათასი ადამიანია, რომელიც 2024 წლის არჩევნებში დამარცხდა და ნაცვლად იმისა, ეს მარცხი მიეღო, ქვეყნის გადატრიალება მოინდომა. ეს იგივე ხალხია, რომელიც დღესაც დგას რუსთაველზე. ეს ის ხალხია, ნენსი ვოლანდები, ნანა ნანუ სანდერები და პოკემონის ფორმაში გამოწყობილი ზრდასრული ადამიანი რომ არის, ადამიანები, რომლებიც საკუთარ ცხოვრებაზე, საკუთარ ქვეყანაზე გაბოროტებული არიან. ხომ ვხედავთ, რა სახეებია, ემოციურად დაზიანებული ადამიანები, რომლებიც პერიოდულად გამოდიან ქვეყნის სამტროდ. თქვას თითოეულმა მათგანმა, იდგნენ, თუ არა 2022-ში რუსთაველზე და ითხოვდნენ თუ არა მეომრების გაგზავნას. ეს ის ხალხია, ერთი და იგივე ჯგუფი, რომელიც ახლა კვამლში დარბოდა. ეს არიან ადამიანები, რომლებსაც აშკარად აქვთ პრობლემები და ემოციურ დაზიანებას აფრქვევენ საზოგადოებაზე. დღესაც ვნახეთ რუსთაველის გამზირზე, რომ ხან ავტობუსს მივარდნენ, ხან – მანქანას, ხან – რომელ მოქალაქეს და ხან – რას. ასე, რამდენიმე ასეულ ადამიანს, რომელიც რუსთაველზე არის და რამდენიმე ათასს, რომელიც შეიძლება, შეკრიბოს ხოლმე ასეთ ღონისძიებებზე, უნდა უყუროს ოთხმა მილიონმა ადამიანმა?!“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

  • No Comments
  • ოქტომბერი 8, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *