შალვა პაპუაშვილი: ნახევრად ფეხმძიმობა არ არსებობს, ან არიან საქართველოს პარლამენტის წევრები, ან არ არიან
„გახარიას პარტიის დეპუტატებს ვურჩევ, უარესად სასაცილო მდგომარეობაში ნუ ჩაიგდებენ თავს განცხადებებით, რომ „პარლამენტი არ არის ლეგიტიმური, მაინც შევდივარ და ჩემი 8% არის ლეგიტიმური“ – ნახევრად ფეხმძიმობა არ არსებობს, ან არიან საქართველოს პარლამენტის წევრები, ან არ არიან“ – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, თუ გახარიას პარტიის წევრებმა გადაწყვიტეს, რომ პარლამენტში იმუშაონ, მაშინ „ნება იბოძონ და პატივი სცენ ქართველ ხალხს“.
„არაფერი გვითამაშია, რა დამოკიდებულებაც გვქონდა გახარიასა და მისი გუნდის მიმართ წინა მოწვევის პარლამენტში, იგივე გვაქვს, რამეთუ გაუარესდა, თორემ გაუმჯობესებისკენ არაფერი წასულა. ამის შემდეგ იყო არჩევნების არაღიარება, ბოიკოტი, პარლამენტში ნახევარი ფეხით შემოსვლა. ასე რომ, ახლა არ უნდა ელოდონ საპარლამენტო უმრავლესობისგან ისე მოქცევას, თითქოს არაფერი მომხდარა. ამიტომ, საკუთარი შეფასებები გვექნება. ერთადერთს, რასაც მათ ვურჩევ, „პარლამენტში ნახევრად შემოსვლა-არშემოსვლებით და ახლა შემოსვლებით“, უარესად სასაცილო მდგომარეობაში ნუ ჩაიგდებენ თავს.
სისულელეს მიღმა მყოფი სასაცილო განცხადებებია, ვხედავთ საზოგადოებისგან რა რეაქციაა, აშკარად დასცინიან. თუ მათი გადაწყვეტილებაა, რომ იმუშაონ საქართველოს პარლამენტში, ნება იბოძონ და პატივი სცენ ქართველ ხალხს, არა მარტო თავის ამომრჩეველს, არამედ ყველას. ნუ იგდებენ თავს სასაცილო მდგომარეობაში.
გუშინ, რუსთავში მერობის კანდიდატი გახარიას პარტიიდან, საუბრობდა რაღაც ლეგიტიმურობა-არალეგიტიმურობაზე. რუსთავში, მან პირადად, 2 500 ხმა აიღო და ჩვენ, მილიონ 107 ათასი ხმა მივიღეთ ქვეყნის მასშტაბით. 2 500 ხმის პატრონი, მილიონ 107 ათასი მხარდამჭერის მქონე პარტიას გველაპარაკება ლეგიტიმაცია-არალეგიტიმაციაზე. მათივე იმიჯისთვისაა უკეთესი, დასერიოზულდნენ, პოლიტიკურ კრიტიკაზე გადავიდნენ და ამ არაადეკვატურ ხაზს შეეშვან“,- განაცხადა პაპუაშვილმა.