
შალვა პაპუაშვილი ჟენევაში პარლამენტების თავმჯდომარეთა მსოფლიო კონფერენციაში მონაწილეობს
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჟენევაში იმყოფება, სადაც პარლამენტების თავმჯდომარეთა მსოფლიო კონფერენციაში (IPU) მონაწილეობს.
უწყების ცნობით, შალვა პაპუაშვილი კონფერენციის ფარგლებში გამართულ გენერალურ დებატებში მიიღებს მონაწილეობას და სიტყვით გამოვა.
„ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში შესაძლებლობა მექნება კოლეგებთან შეხვედრის, კომუნიკაციის და ჩვენი სახელმწიფოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე საკითხების განხილვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, კონფერენციაში 100-ზე მეტი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე მონაწილეობს.
„ამ დონის ღონისძიება ხუთ წელიწადში ერთხელ ტარდება. 100-ზე მეტი ქვეყანა პარლამენტის თავმჯდომარეების დონეზეა წარმოდგენილი და უნიკალური შესაძლებლობაა კოლეგებთან შეხვედრების, კომუნიკაციის და ჩვენი სახელმწიფოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე საკითხების განხილვის. როგორც კოლეგებთან ორმხრივი შეხვედრების, ასევე, კონფერენციის ფარგლებში საუბრის შესაძლებლობა მექნება. ასევე, კოლეგების წინაშე სიტყვით გამოვალ იმ თემატიკაზე, რაზეც კონფერენცია ტარდება. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩვენი მხრიდან, ქართული გადმოსახედიდან იქნება წარმოდგენილი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
კონფერენციასა და შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებს საპარლამენტო დელეგაციის წევრი, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე.