შალვა პაპუაშვილი: რა გაუხარდა გახარიას პარტიას ამ გადაწყვეტილებაში?
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს პროკურატურამ დაიწყო დამატებითი გამოძიება, რის შედეგადაც გახარიას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა – ის ახლა თავს ევროკავშირს აფარებს, ამიტომ კითხვები ევროკავშირს მიემართება, მგონი, ბრიუსელი და სტრასბურგი ერთმანეთში უნდა გაერკვნენ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარ ემჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის ის გადაწყვეტილება შეაფასა, რომელიც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებს ეხება.
„საბოლოოდ, ეს დიდი პალატის გადაწყვეტილება იყო, რომელმაც დაადასტურა მანამდე გამოსული გადაწყვეტილება. ამიტომ, ამ მხრივ რამე განსაკუთრებული სიახლე არ ყოფილა. სწორედ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დაიწყო დამატებითი გამოძიება საქართველოს პროკურატურამ. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე წარმოებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოვლენილი ყველა გარემოებების გათვალისწინებით, გიორგი გახარიას წარედგინა ბრალი და წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ის დღეს თავს აფარებს ევროკავშირის ტერიტორიას. ახლა კითხვები ევროკავშირს მიემართება და გერმანიას, ამ შემთხვევაში, სადაც ის იმყოფება. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ნათელია. პროკურატურამ თავისი ვალდებულებები პირნათლად შეასრულა, მიდის გამოძიება და სხვა გარემოებები შეიძლება გამოიკვეთოს. მგონი, ბრიუსელი და სტრასბურგი ერთმანეთში უნდა გაერკვნენ – აღიარებს თუ არა ბრიუსელი სტრასბურგის გადაწყვეტილებებს და ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გამოძიების წარმოების აუცილებლობას.
გუშინ გამოხმაურებებიც ვნახე, მე არ ვიცი, გახარიას პარტიას რა გაუხარდა ამ გადაწყვეტილებაში. რაღაც ძალით, კარგი პოზიციის შენარჩუნება სურთ. ციტატები მოჰყავდათ, თითქოს, უმაღლესი თანამდებობის პირებს არ გაუციათ ბრძანება სპეციალური საშუალებების გამოყენებაზეო. საუბრობდნენ, რომ გახარიას არ გაუცია ბრძანება, ეს წერია გადაწყვეტილებაშიო. ეს არ წერია. სასამართლომ კი არ დაადგინა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში არის ქართული გამოძიების, ასე ვთქვათ, ფაქტები კონსტატირებული. მანამდე, გახარიას ხელში წარმოებული გამოძიება რაც იყო, ზუსტად იქ იყო, რომ ის არაფერ შუაში იყო. სტრასბურგის სასამართლომ სწორედ ეს დარღვევა დაადგინა, რომ არ იყო სათანადოდ გამოძიებული ეს საკითხი და საქართველოს გამოძიება დაავალა. ამ გამოძიებამ დაადგინა ზუსტადაც და გამოარკვია, რომ მანამდე დადგენილი ზოგიერთი ფაქტი არ შეესაბამება სიმართლეს. ამიტომ, ის, რაც მათ მოჰყავთ მაგალითად, რომ, თითქოს, გახარია ამ საკითხში უბრალოა… პირიქით, ეს არის დასტური, რომ მისი მონაწილეობით, მათ შორის, წარმოებული გამოძიების შედეგად, ხელი დააფარეს გარკვეულ გარემოებებზე და ამის გამო დარღვევა დადგინდა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ე.წ. გავრილოვის ღამის საქმეზე გამოტანილი განაჩენის ფარგლებში, სახელმწიფოს 26 ადამიანის მიმართ კომპენსაციის გადახდა დააკისრა.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, საქმეში „ცაავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ სახელმწიფომ ორ განმცხადებელს მატერიალური ზიანის ანაზღაურების მიზნით 75,000 ევრო უნდა გადაუხადოს, ხოლო კიდევ ორს – 85,000 ევრო.
გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ საქართველომ ყველა მომჩივანს არამატერიალური ზიანის ანაზღაურებისთვის სხვადასხვა რაოდენობის თანხა უნდა მისცეს. კერძოდ, 22 მომჩივანს ხარჯების ასანაზღაურებლად 38,414.99 ევრო უნდა გადაუხადოს და მომჩივნებს ზარალი გადაწყვეტილების გამოტანიდან სამი თვის ვადაში უნდა აუნაზღაუროს.