შალვა პაპუაშვილი: ფარისეველი მხილებულ იქნა
ევროპელი ლიდერები უნდა გამოფხიზლდნენ, ისინი ასცდნენ საკუთარ ხალხს, ევროპელი ხალხის ნებას, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა. შალვა პაპუაშვილის თქმით, ევროპული იდენტობის დაკარგვა არის ის ბოლო წერტილი, სადაც ევროპელი ლიდერების მმართველობა ევროკავშირს მიიყვანს.
„საზოგადოება ნათლად ხედავს, თუ რამდენად მართალი, სწორი პოლიტიკა ჰქონდა „ქართულ ოცნებას“, განსაკუთრებით, ბოლო წლების განმავლობაში. ყველაფერი, რაზეც ვსაუბრობდით, სიმართლე აღმოჩნდა. ყველა რისკი, რომელზეც ვაქცენტირებდით – გაცხადდა და ფარისეველი მხილებულ იქნა. რაც შეეხება ჩვენს ხედვას საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით, რომელსაც საზოგადოებას ვთავაზობდით, მათ შორის წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ყველა ეს საკითხი დღეს ერთი-ერთში ახდა. ამ მხრივ, „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ დაადასტურა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო იმ უდიდესი წნეხის გაძლება, რაც მოდიოდა, მათ შორის, ევროკავშირის და ბრიუსელის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მიმართ მათი ხელქვეითი არასამთავრობოების თუ პარტიების ხელით. სად ვიქნებოდით დღეს, ამ წნეხისთვის რომ არ გაგვეძლო? აი, იქ ვიქნებოდით, სადაც დღეს უკრაინა არის, როდესაც აღარც მშვიდობის დამყარება შეუძლიათ და ვეღარც ომობენ. ამ მდგომარეობაში ჩააყენეს ამ ფარისეველმა პოლიტიკურმა ლიდერებმა უკრაინა და ისევ აგულიანებენ, რითაც უარეს მდგომარეობაში შეჰყავთ უკრაინელი ხალხი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას სიმართლის მთქმელის განსაკუთრებული როლი ენიჭება: „მაგალითად, უთხრას, რომ სინამდვილეში, ამ ფსევდოევროპულობის საფარქვეშ ევროკავშირი იქცა სიტყვის თავისუფლების, დემოკრატიის შეზღუდვის, უმცირესობების მართვის და არა უმრავლესობების ნების გაზიარების, კონფლიქტის და არა მშვიდობის ტერიტორიად“.