
შალვა პაპუაშვილი : ჩვენ ამ პრიზით კიდევ ერთხელ დაგვანახეს, რომ ჩვენსას არც სახელმწიფოს, არც სუვერენიტეტს და არც მის წესრიგს პატივს არ სცემენ
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მზია ამაღლობელისთვის სახაროვის პრიზის გადაცემას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ პრიზის ქართველისთვის გადაცემა „ქვეყნის მტრობაში მისი მხილება უფროა, ვიდრე მისი დაჯილდოება“. მისივე თქმით აღნიშნული პრიზით კიდევ ერთხელ დაინახეს მათ, რომ „ჩვენსას არც სახელმწიფოს, არც სუვერენიტეტს, არც დემოკრატიას და არც მის წესრიგს პატივს არ სცემენ“.
„პირველ რიგში, დავიწყებ იმის აღნიშვნით, რომ უკვე 19 დღეა ბრიუსელი უარს ამბობს დაგმოს 4 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე განხორციელებული ძალადობრივი შტურმი და ხელისუფლების დამხობის მცდელობა.
ამასთან, სამწუხაროა, რომ ზუსტად ისე, როგორც 2024, 2021, 2020 წლის და კიდევ არაერთ არჩევნებზე, ჩვენ კვლავ ვხედავთ გარედან წამოსულ გამამხნევებელ სიგნალებს, რომელიც დამარცხებულ და გაკოტრებულ ძალებს წინააღმდეგობისთვის აქეზებს.
სწორედ ასეთ წამქეზებლობად უნდა განვიხილოთ ამბავიც, როდესაც ევროპარლამენტმა მზია ამაღლობელს სახაროვის პრიზი გადასცა. დღეს მზია ამაღლობელი არის დამარცხებული და შერცხვენილი პროტესტის მძევალი, რომელსაც მოეთხოვება შეესაბამებოდეს მისგან გამოძერწილი გმირის ცრუ ხატს. ადამიანის და მისი ბედის მიმართ ასეთი დამოკიდებულება მართლაც სავალალოა.
უფრო ზოგადად რომ შევხედოთ, ჩვენ ამ პრიზით კიდევ ერთხელ დაგვანახეს, რომ ჩვენსას არც სახელმწიფოს, არც სუვერენიტეტს, არც დემოკრატიას და არც მის წესრიგს პატივს არ სცემენ, ღირებულებების საბაბად მოყვანით კი ახალისებენ ანტისახელმწიფოებრივ და დესტრუქციულ აქტივობას ნებისმიერ დონეზე.
სწორედ ამგვარი ორუელისეული ახალმეტყველებით ცდილობენ ამობრუნებული რეალობის დამკვიდრებას, როდესაც ევროპარლამენტის ხელით ქვეყანაზე მოძალადეს გმირად აცხადებენ, ხოლო ქვეყნის პატრიოტს – მტრად.
ყველაფერთან ერთად, ამაღლობელისთვის სახაროვის პრიზის გადაცემამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ბრიუსელში არ გააჩნიათ მგრძნობელობა ქართველი ხალხის მიმართ. მათ არ ესმით საქართველოს ნამდვილი ხმა, ვინ ვართ, საიდან მოვდივართ, რა გვაწუხებს და რა გვახარებს. ბრიუსელში ეს რომ ესმოდეთ, ისიც ემახსოვრებოდათ, რომ სახაროვის პრიზი ქართული სახელმწიფოებრიობის მტრის სახელს ატარებს, რომელიც ჩვენ „მცირე იმპერიას“ გვიწოდებდა და საქართველოს დანაწევრებას გულშემატკივრობდა. ისევე, როგორც არ ახსოვთ, რომ სახაროვის პრიზი რუს შოვინისტს, ნავალნისაც მიანიჭეს, რომელიც გულმოდგინედ უჭერდა მხარს საქართველოს ოკუპაციას.
შეუძლებელია, რომ დღეს, ბოლო ერთი წლის მანძილზე ორი ჩატარებული არჩევნების მაგალითზე, ვინმეს არ ესმოდეს რა განწყობაა ქვეყანაში, სად არის ქართველი ხალხის უმრავლესობა და რა სურს მას. ამიტომ, მათი პოლიტიკა შეურაცხყოფას აყენებს ქართველ ხალხს, მის არჩევანს, გარედან ინსტრუმენტალიზებული პოლიტიკური თემებით აპირისპირებს ადამიანებს, უბიძგებს ძალადობისკენ და მსხვერპლის როლს არგებინებს ძალადობის ყველაზე მოწყვლად მონაწილეებს.
ჩვენ დღესაც ვხედავთ სწორედ ასეთ, წახალისებულ ადამიანებს, რომლებსაც მკაფიო გათვლით და ცივი გონებით წირავენ მართლწესრიგთან დაპირისპირების შედეგად მიღებული სასჯელებისთვის. ჩვენ ვხედავთ, რომ ყველა ღია თუ ფარული ორგანიზატორი იკავებს დისტანციას, არ დგას ავანგარდში და საგამზირე მსხვერპლად სხვას წირავს.
ჩვენთვის ეს ტაქტიკა გასაგებია. თუმცა ის არ მუშაობს და არც იმუშავებს. სახელმწიფო მშვიდად, აუღელვებლად და მეთოდურად დაიცავს ამ ქვეყანაში წესრიგს, უსაფრთხოებას, კონსტიტუციას და უმრავლესობის აბსოლუტურ ნებას. ამ რეალობისთვის თვალის გასწორება მოუწევს ყველას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.