შარმანაშვილი აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვაზე
„ქართული ოცნების“ დეპუტატის თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, საქართველო მზად არის ამერიკელ პარტნიორებთან ეტაპობრივად განიხილოს ყველა ის საკითხი, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების აღდგენას აფერხებს. მისი თქმით, მთავარი პრინციპი უცვლელია – ქვეყნის ინტერესები არ გადაილახება.
შარმანაშვილის განმარტებით, ქართული მხარის მიზანია ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული ურთიერთობების ახალი ეტაპის დაწყება და თანამშრომლობის გაღრმავება.
დეპუტატი აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე არ აქვს ინფორმაცია, როდის და რა შემადგენლობით ეწვევა საქართველოს ამერიკული დელეგაცია, თუმცა ადასტურებს, რომ დიალოგისთვის მზადყოფნა ორივე მხრიდან არსებობს.
„როდის ჩამოვლენ არ ვიცი. არც ის ვიცი, რა შემადგენლობაა. მიზანი არის, რაც რუბიომ თავის დროზე თქვა, რომ ძალიან ბევრი საქმე გაფუჭდა და ჩვენ ხელმეორედ უნდა შევისწავლოთ ყველა ის საკითხი, რომელიც ხელს უშლის ჩვენს ურთიერთობებს – ესაა მთავარი ამოცანა მათი მხრიდან და ჩვენ მზად ვართ. როცა ჩამოვლენ, დეტალურად გავივლით ყველა საკითხს. ჩვენ მზად ვართ ნაბიჯ-ნაბიჯ გავიაროთ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ყველა ის საკითხი, რომელიც ხელს უშლის ჩვენი ურთიერთობების აღდგენას. ჩვენ გვინდა ახალი ფურცლიდან დავიწყოთ სტრატეგიული ურთიერთობა, უფრო სერიოზულ სიღრმეებში წავიდეთ, გაწერილი იყოს ისე, რომ ყველა მხარის პასუხისმგებლობა და სურვილები იყოს გათვალისწინებული.
ჩვენ ზოგადად ვამბობთ, რომ ორმხრივი ურთიერთობის განმტკიცებისთვის ვართ მზად, ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებისთვისაც ვართ მზად, მაგრამ არც ერთი მხარე წინასწარ არ დაგიანონსებთ, რა ნაბიჯებს გადადგამს, რა დათმობაზე წავა და არ წავა. მთავარი ერთია, რაც იქნება ურყევი – ვინც არ უნდა მოგვთხოვოს, რასთანაც არ უნდა გვქონდეს საქმე, ვინც არ უნდა იყოს, საქართველოს ინტერესების ხარჯზე, არავის არაფერს დავუთმობთ,“ – განაცხადა შარმანაშვილმა.
ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, აპრილში ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში დელეგაცია ჩამოვა, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს შეისწავლის. მისი თქმით, თითოეული შეხვედრა ორმხრივი ურთიერთობების აღდგენისკენ გადადგმული ნაბიჯია.