შარმანაშვილი: მაია სანდუ ყალბ ინფორმაციებს ავრცელებს
თუ მაია სანდუს საფრთხედ არ მიაჩნია რუსეთთან სამხედრო დაპირისპირება, თავისუფლად შეუძლია, თვითონ განახორციელოს თავის ქვეყანაში, თავისი არმიის მეშვეობით და მერე ვნახავთ, რა შედეგები ექნება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა თენგიზ შარმანაშვილმა მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს განცხადების საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, მაია სანდუ აგრძელებს ტრიბუნის გამოყენებას საქართველოს საწინააღმდეგოდ მაშინ, როდესაც საკუთარ ქვეყანაში სავალალო და კატასტროფული ვითარება აქვს.
„გულდასაწყვეტია, როდესაც სახელმწიფოს მეთაური ყალბი ინფორმაციის გამავრცელებლის ფუნქციას ითავსებს. ის ამას პირველად არ აკეთებს. ის ცნობილია საქართველოს მიმართ რადიკალური მიდგომებით. გახსოვთ, რომ მაშინ, როდესაც პრეზიდენტის სასახლეს უტევდნენ, წარმატებას უსურვებდა ადამიანებს, რომლებიც ძალადობრივ აქტს სჩადიოდნენ. სხვა ბევრის გახსენებაც შეგვიძლია. ეს არაობიექტური ადამიანი აგრძელებს ნებისმიერი ტრიბუნის გამოყენებას საქართველოს საწინააღმდეგოდ მაშინ, როდესაც სავალალო და კატასტროფული ვითარება აქვს თავის ქვეყანაში. ნებისმიერი რეიტინგი, რომელიც ქვეყნდება, მიუთითებს იმას, რომ ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით იქნება თუ კორუფციის ხარისხის თვალსაზრისით, სავალოლო მდგომარეობა აქვთ. არც ერთ რეალურ ნაბიჯს იქ არ დგამს და იმაზე ზრუნავს, როგორც განვითარდება საქართველო. ეს ყოვლად წარმოუდგენელია მისი მხრიდან.
ყველა ძალიან კარგად ვხედავთ, რა ტიპის შეტევებს ახორციელებს რუსეთი უკრაინაში, როგორ იბომბება ინფრასტრუქტურა, რა დანაკარგები აქვს უკრაინას. ასეთ ვითარებაში, რუსეთთან სამხედრო ავანტიურა გამოგონილ საქმედ წარმოაჩინო, არის ობიექტურობის ის ხარისხი, რომელზეც აღარც კი ვიცი, რა ტერმინი დავასახელო. თუ ასე საფრთხედ არ მიაჩნია მაია სანდუს რუსეთთან სამხედრო დაპირისპირება, თავისუფლად შეუძლია თვითონ განახორციელოს ეს თავის ქვეყანაში, თავისი არმიის მეშვეობით და მერე ვნახავთ, რა შედეგები ექნება,“ – განაცხადა შარმანაშვილმა.
ცნობისთვის, მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „რუსეთმა საქართველო საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა“.
„ვწუხვარ, რომ საქართველო, მიუხედავად ქართველი ხალხის გამბედაობისა, რომლებიც დემოკრატიული ღირებულებების, ევროპული მისწრაფებებისა და საკუთარი მომავლის გადაწყვეტის უფლების დაცვას კვლავ აგრძელებენ, რუსეთმა საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა. რუსეთმა საქართველო საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა ომის შიშის იარაღად გამოყენებით და იმ გზავნილებით, რომ არჩევნებზე არასწორი არჩევანი მშვიდობის ფასად დაუჯდებოდათ“, – აღნიშნა სანდუმ.