შეკრებებთან და მანიფესტაციებთან დაკავშირებით კოდექსებში ცვლილებები შევა
By

შეკრებებთან და მანიფესტაციებთან დაკავშირებით კოდექსებში ცვლილებები შევა

დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, იმგვარ შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეობა, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით შეწყვეტას ექვემდებარება, პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, 60 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება, ასევე, იმ პირს, რომელიც შეკრებისას იქონიებს იარაღს, პიროტექნიკას ან ისეთ საგანს, რომელიც გამოიყენება სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მისაყენებლად.
„ამგვარი აკრძალული ქმედებების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ერთ წლამდე ვადით, ხოლო მესამე და ყოველი შემდეგი იგივე კანონსაწინააღმდეგო ქმედება – ორ წლამდე ვადით“, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.
ასევე, უმრავლესობის ლიდერის ცნობით, სისხლის სამართლის კოდექსს ემატება ახალი მუხლი, რომლითაც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ პირს, რომელიც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელს მესამედ მიაყენებს შეურაცხყოფას ან არ დაემორჩილება მის კანონიერ განკარგულებას.
„აღნიშნულ პირს შეეფარდება თავისუფლების აღკვეთა – ერთ წლამდე, ხოლო რეციდივის შემთხვევაში– თავისუფლების აღკვეთა ორ წლამდე ვადით. ამასთანავე, არ იქნება გამოყენებული სხვა სახის სასჯელი, – განმარტა ირაკლი კირცხალიამ.

  • No Comments
  • ოქტომბერი 15, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *