„შემოდგომის სერენადა“ – ბათუმი სამდღიანი ლიტერატურული დღესასწაულისთვის ემზადება
By

„შემოდგომის სერენადა“ – ბათუმი სამდღიანი ლიტერატურული დღესასწაულისთვის ემზადება

ბათუმი კიდევ ერთხელ ემზადება შემოდგომის სიტყვიერი მუსიკისათვის – 25-27 ოქტომბერს უკვე მესამედ გაიმართება საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი „შემოდგომის სერენადა“, რომლის ავტორი პოეტი როი აბუსელიძეა.
პროექტი არა მხოლოდ თანამედროვე ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციას ისახავს მიზანად, არამედ აჭარის კულტურული სულის, იმ ტრადიციებისა და მელოდიების გაცოცხლებას, რომლებიც ამ კუთხეს თავისებურ რიტმს ანიჭებს.
ფესტივალი აერთიანებს საქართველოს სხვადასხვა კუთხის მწერლებსა და პოეტებს, ახალგაზრდებს, ლიტერატურის მოყვარულებსა და მათ, ვინც სიტყვაში ადამიანის ყველაზე საინტერესო მიგნებას ეძებს. . .
როი აბუსელიძე ამ ფესტივალით თითქოს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მწერლობა მხოლოდ ტექსტი არ არის, ის არის შეხვედრა, სუნთქვა, დიალოგი და გაზიარება. . .
უფრო მეტს „შემოდგომის სერენადაზე“ და მის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებზე თავად გვეტყვის.
შემოდგომის სერენადაუკვე მესამედ ტარდება. მოდით, კიდევ ერთხელ გაუზიარეთ საზოგადობას, რა იყო ამ ფესტივალის დაარსების მთავარი მოტივაცია, როგორ დაიბადა იდეა, რომ ბათუმში თანამედროვე ლიტერატურა ასეთი ფორმით წარმოგედგინათ?
– ფესტივალის შექმნის მთავარი მოტივაცია ბათუმში ლიტერატურული ფესტივალის არარსებობა გახლდათ. როდესაც გავიაზრეთ, რომ მსგავსი ფესტივალი ჩვენს ქალაქში არ ტარდებოდა, იმ დღიდან დავიწყეთ ამაზე ფიქრი, შრომა და რამდენიმე თვეში გვქონდა ჩამოყალიბებული მაკეტი ფესტივალისა, რომელმაც ხალხს თავი სამ წელიწადში ისე შეაყვარა, რომ დღეს ლიტერატურულ ასპარეზზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღონისძიებათა ჯაჭვია.
ლიტერატურული ფესტივალის მთავარ მიზნად თანამედროვე ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციასა და რეგიონებში მცხოვრები ავტორების ინტეგრაცი ასახელებთ. თქვენი აზრით, რა ეტაპზეა დღეს ქართული პოეზია და მწერლობა? რამდენად შესაძლებელია ქაოსურ ლიტერატურულ გარემოში მიაგნოს ავტორმა მთავარ ხმას?
– ვფიქრობ, ქართული პოეზია და მწერლობა მუდმივად ვითარდებოდა და ვითარდება, მიუხედავად იმისა, რომ ეს სფერო ადრე უფრო დაფასებული იყო, დღესაც ჰყავს თავისი მკითხველი და მსმენელი. შეიძლება ითქვას, „ხელოვნება ხელოვნებისთვის“ – ვარიანტია, თუმცა XXI საუკუნის ქაოსშიც თავისუფლად შეიძლება, ნიჭიერმა ავტორმა და ღირებულმა ნაწარმოებმა გზა გაიკაფოს. რაც ნამდვილია, ის ყოველთვის მარადიულია.
აჭარა ყოველთვის იყო კულტურული ტალღების შეხვედრის ადგილი. . . როგორ უკავშირდება ეს ფესტივალი რეგიონის ფოლკლორულ და მემკვიდრეობით ხაზს, რამდენად შესაძლებელია ამით ფესტივალზე დამსწრე ავტორებმა, ასევე სტუმრებმა ის უხილავი სულიერი ხაზი შეიგრძნონ, რომელიც ამ რეგიონს ახასიათებს?
– აჭარა, როგორც მეტაფორულად, ასევე რეალურად, ნამდვილად არის პოეტური აღმაფრენის კუთხე, ადგილი. წარმოიდგინეთ, ორი საათის შუალედში ჩვენ შეიძლება მთის დიდებულებას, სიმაღლეს ცივილიზაციისგან მოწყვეტილ ადგილას ვესტუმროთ, შევაგროვოთ შთაბეჭდილებები და ვიხილოთ ზღვის ბრწყინვალებაც, თავისი მზის ჩასვლით, შარმით და აურით. . . სწორედ ამიტომ უძღვნა დიდმა გალაკტიონმაც ამ კუთხეს თავისი პატარა კრებული „ოქრო აჭარის ლაჟვარდში“… სწორედ, ეს არის ის უხილავი ხაზი, რაც მწერლებსა და პოეტებს ლიტერატურასთან და ერთმანეთთან აკავშირებს.
თავად პოეტი ხართ, როგორ ზემოქმედებს პოეზია თქვენს ორგანიზატორულ ხედვაზე? სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პოეტი რომ არ ყოფილიყავით, შექმნიდით შემოდგომის სერენადას?
– როგორც ბავშვი – სიარულს და ლაპარაკს, ისე ვსწავლობ და ვიდგამ ფეხს ამ კუთხით, მიუხედავად იმისა, რომ ვთვლი, ეს ჩემი ძლიერი მხარე არ არის, მეგობრების, ახლობელი ადამიანებისა და კოლეგების შემოძახილი, რომ ყველაფერი კარგად გამოდის და აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, მოტივაციას მაძლევს. . .
გვითხარით, წლევანდელი ფესტივალი რით იქნება გამორჩეული, რა თემებზე გაკეთდება მთავარი აქცენტები?
– ფესტივალის მთავარი მიზანია, რომ ყოველ წელს იყოს მრავალფეროვანი, სრულად მოიცვას ლიტერატურული ასპარეზი და მისცეს ყველა მოქმედ ავტორს, ლიტერატორს ამ ფესტივალში პერიოდულად მონაწილეობის საშუალება. შესაბამისად, რამდენი მწერალიცაა, იმდენი აზრია. შარშან სხვა ავტორები იყვნენ, წელს სხვები არიან და ეს მრავალფეროვნება გვაძლევს საშუალებას, რომ ახალი გამოწვევებისთვის მზად იყოს მკითხველი, მაყურებელი თუ უბრალოდ, ფესტივალის გულშემატკივარი.
წლების შემდეგ, რას ისურვებთ, რომ თქვენს ფესტივალზე თქვან? როდის ჩათვლით, რომ შემოდგომის სერენადამ თავისი მისია შეასრულა?
– ისეთი პროექტები, რომლებიც ერთჯერადი არ არის, ანუ შეიძლება ყოველ წელს ჩატარდეს, მუდმივად თავის დამკვიდრების პროცესშია. სანამ ეყოლება ამ ფესტივალს გულშემატკივარი, მანამ ეს მისია იქნება შესრულებული. წინ მართლა მასშტაბური და მრავალფეროვანი გეგმები გვაქვს, თუმცა ვთვლით, რომ ის საძირკველი, რაზეც სამომავლოდ კარგი ამბები და აქტივობები უნდა აშენდეს, ძალიან მყარია.
შემოდგომის სერენადა თქვენთვის არის. . .
– წელიწადში ის სამი დღე, როცა ბათუმში ლიტერატურის ნამდვილი დღესასწაულია, როცა მწერლები, პოეტები, მსმენელი, ერთად აგროვებენ სასიამოვნო ისტორიებს და დღეებს მოგონებათა სკივრისთვის, რომელიც ძალინ ძვირფასი და დასამახსოვრებელია. შემოდგომის სერენადა არის ქართული ლიტერატურის, მისი ისტორიის სამი ფურცელი, რომელიც ჩვენ თვალწინ ეტაპობრივად იწერება.
ფესტივალის ფარგლებში, რა აქტივობები ელოდებათ ლიტერატურის მოყვარულებს?
– ფესტივალის ფარგლებში, მონაწილეებს ექნებათ საშუალება, ზღვაში გემით გასვლისას ჩაწერონ და ოქროს არქივს დაუტოვონ თავიანთი შემოქმედებიდან ლექსები, ნოველები, ამონარიდები, ასევე, ექნებათ საშუალება, ფრიდონ ხალვაშის სახლ-მუზეუმში მოისმინონ ამ ბრწყინვალე პოეტის შესახებ საინტერესო ამბები, გაეცნონ აჭარის კულტურის ისტორიას. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივობაა ბათუმის სკოლის მოსწვლეებთან ფესტივალის მონაწილეების შეხვედრა, 6 სხვადასხვა სკოლაში განაწილებული ავტორები პარალელურად ჩაატარებენ ლიტერატურის საათს, ასევე, გაიცნობენ ახალბედა ავტორების შემოქმედებას, რაც სამომავლო ურთიერთობების განმტკიცების საძირკველი იქნება. დასკვნით საღამოს აჭარის მწერალთა სახლი უმასპინძლებს, სადაც ყველას შეეძლება დასწრება. ორგანიზატორები და მონაწილეები ისაუბრებენ ფესტივალის სამომავლო გეგმებზე. შეიძლება დანამდვილებით ითქვას, რომ ლიტერატურის მოყვარულებს წინ სამი დაუვიწყარი დღე ელოდება.
როგორია შემოდგომის სერენად სამომავლო მიზანი?
– ფესტივალის წლევანდელი მუხტი და მასშტაბურობა იმედს მაძლევს, რომ სამომავლოდ უფრო და უფრო დიდ დიაპაზონზე გავალთ, შეიძლება ითქვას, რომ წელს ფესტივალმა ბევრი სხვა სფეროც მოიცვა. აჭარის მწერალთა სახლი, რა თქმა უნდა, რჩება მთავარ მხარდამჭერად და სულისჩამდგმელად, თუმცა აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენს სხვა მასპინძლებსაც გადავუხადო მადლობა. როგორც მოგეხსენებათ, გახსნას პიაცის მოედანი მასპინძლობს, ფრიდონ ხალვაშის სახლ-მუზეუმი და ზაზა ხალვაშის კინოსივრცე კი ჩვენი მეორე დღის მასპინძელი იქნება. მადლობა მინდა გადავუხადო, ასევე, სამშენებლო კომპანიებს: „კუბი ჰაუსს“ და „ოტიუმ დეველოპმენტს“ გვერდით დგომისთვის და მადლობა თითოეულ ადამიანს, რომელიც ზრუნავს იმისთვის, რომ ფესტივალი უფრო და უფრო უკეთესი გახდეს.

ნანა აბულაძე

  • No Comments
  • ოქტომბერი 20, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *