„შემოდგომის სერენადა“ – ქართული სიტყვა ხავერდოვან სეზონთან ერთად
By

„შემოდგომის სერენადა“ – ქართული სიტყვა ხავერდოვან სეზონთან ერთად

დასრულდა ლიტერატურული ფესტივალის – „შემოდგომის სერენადა“, დღეები, რომელთა განმავლობაში ბათუმი სიტყვების ქალაქად იქცა. იგი სამი დღე სუნთქავდა პოეზიით, მუსიკით, აზრითა და გრძნობით. ეს იყო სამი დღე, როცა სიტყვამ ისევ შეგვახსენა, რომ მას აქვს ძალა – შეცვალოს აწმყო, ფერი შემატოს წარსულს და რწმენა – მომავალს.

ეს იყო სამდღიანი მოგზაურობა სიტყვათა ლაბირინთებში, სადაც ქართული ენა საკუთარ შინაგან მუსიკას უსმენდა და გვაგრძნობინებდა, რომ ქართული სიტყვა არასოდეს დადუმდება…

წლევანდელი ფესტივალის განსაკუთრებულობა იგრძნობოდა მასშტაბურობაში, მრავალფეროვნებასა და იმ სულიერ ენერგიაში, რამაც თითოეული მონაწილე გააერთიანა. მწერლები, პოეტები, მასწავლებლები, მოზარდები, ყველანი ერთ ენაზე საუბრობდნენ და ეს იყო ენა სიყვარულისა, აზრისა და სამშობლოსი…

სწორედ ამ განცდით აჯამებენ ფესტივალს მისი მონაწილეები, ორგანიზატორები, მხარდამჭერები, ადამიანები, რომლებმაც კიდევ ერთხელ შეიგრძნეს ქართული სიტყვის ენერგეტიკა.

ირმა აბულაძე – აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილე:

– თავისი შინაარსით „შემოდგომის სერენადა“ ერთ-ერთი გამორჩეული ფესტივალია. მწერლის, პოეტის სიტყვას განსაკუთრებული ძალა და მნიშვნელობა აქვს, ისინი უკეთ განსაზღვრავენ წარსულს, აწმყოსაც და მომავალსაც. ეს ფესტივალი არის ამ ყველაფრის კიდევ ერთხელ თავმოყრა, ახალი იდეების გაჩენა, ახალი ადამიანების აღმოჩენა და გაცნობა, გაერთიანება აი, ამ დიდი ლიტერატურული სამყაროსი. „შემოდგომის სერენადას“ ვუსურვებ წინსვლას, წარმატებებს. აჭარის კულტურის სამინისტრო მზად არის, ყველა მსგავს საინტერესო ინიციატივას, მათ შორის „შემოდგომის სერენადას“, მომავალშიც დაუჭიროს მხარი.

შორენა მახაჭაძე – პროფესორი:

– დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის ფესტივალების არსებობა, ეს არის ქართული სიტყვის დღესასწაული, ზეიმი. ყველაზე დადებითი, რაც აქვს ამ ფესტივალს, ეს არის თაობათა შორის კავშირი. აქ ძალიან ახალგაზრდა ავტორებიც გვყავს და უფრო ასაკოვნებიც. მათი ურთიერთობა, მათ მიერ საერთო ენის გამონახვა უკვე არის ყველაზე კარგი რამ, რაც შეიძლება დღეს დაემართოს ქართულ მწერლობას, ქართულ საზოგადოებას. უნიჭიერესი ხალხი ვართ ქართველები, მსოფლიოს ყველაზე დიდი ერები ინატრებდნენ იმ მწერლების სახელებს, რომლებითაც ჩვენ ვამაყობთ და იმდენად ბევრი გვყავს, შეიძლება ითქვას, ვეღარც კი ვარჩევთ, რომელი უფრო დიდია, რომელი უფრო გენიალური. აი, დღესაც ვნახეთ, რამდენი ჟანრი, რამდენი სახე, რამდენი საინტერესო შემოქმედი იყო წარმოდგენილი „შემოდგომის სერენადაზე“. თითოეულს თავისი ხმა, თავისი ორიგინალური ინტონაცია, ძალიან მნიშვნელოვანი სათქმელი აქვს და ვთვლი, რომ აი, სწორედ, ეს სათქმელი უნდა მივიდეს განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობამდე, რათა მათ კიდევ ერთხელ ირწმუნონ ქართული გენის სიძლიერე, ქართული გონისა და ნიჭის დიდებულება და ძალიან ამაყები იყვნენ იმით, რაც ქართული ფესვებიდან მოდის. ქართული სიტყვა ქართული სულია. ქართული სიტყვისა და ენის გარეშე ქართველებს მომავალი ვერ გვექნება და სწორედ ამიტომ, ეს ფესტივალიც ქართული სიტყვის ზეიმია, დღესასწაულია. ვუსურვებ მთლიანად საქართველოს და ქართულ გენს, არასოდეს შეწყვეტილიყოს ეს დღესასწაული საქართველოში.

მირანდა ერისთავი – პოეტი:

– სამი არაჩვეულებრივი დღე გავატარე „შემოდგომის სერენადაზე“. აქ მიღებული ემოციები მთელი ცხოვრება გამყვება. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ფესტივალები საქართველოს მასშტაბით ტარდებოდეს ყველგან, ყველა რეგიონში, რადგან, ვფიქრობ, სწორედ ეს სჭირდება ხალხს. სულიერი შიმშილია ადამიანებში, შესაბამისად, მაქსიმალური დაახლოებაა საჭირო, პოეზიაზე მეტად კი, ვფიქრობ, არაფერი აახლოებს ადამიანებს. ლექსი ერთი ადამიანის გულიდან მეორე გულთან საუბარია, სიკეთისა და სიყვარულის გაცვლაა ერთმანეთში. მე პირადად, რა სიყვარულიც აქ, ამ ფესტივალზე მივიღე, ვისურვებდი ყველგან იყოს, მთელ საქართველოში. ფესტივალს ვუსურვებ წინსვლას, წარმატებებს და ჩემს თავს კი – მქონდეს იმის ძალა, რომ „შემოდგომის სერენადას“ გადაძახილი გავუკეთო სიღნაღიდან.

ირაკლი შამათავა – მწერალი:

– ფესტივალის პირველი დღე იყო დაკვირვების, რადგან სხვადასხვა ჟანრის და სტილის ხელოვანებმა მოვიყარეთ თავი. იმის მიუხედავად, რომ ერთმანეთის ტექსტები ვიცით, მაინც ვაკვირდებით, როგორ იცვლება დროსთან ერთად თითოეულის ხელწერა. პირველ დღეს იყო დაკვირვება იმაზე, საზოგადოებას რა უნდა. ერთია, რომ ქმნი და აკეთებ, მაგრამ მეორეა, საზოგადოებას რამდენად აქვს ამის მიმღებლობა და ვიგრძენი ფრსტივალის გახსნის დღეს, პიაცაზე, კარგი მუსიკის და კარგი ენერგეტიკის ფონზე, რომ ქალაქს უნდა ხელოვანებთან შეხვედრა. მეორე დღე ჩემთვის, ფაქტობრივად, უფრო ტრადიციასთან მიბრუნება იყო. ასე დავარქმევდი, რადგან ფრიდონ ხალვაშის სახლ-მუზეუმში ვიმყოფებოდი და ამ დიდი კაცის შავ-თეთრი ფოტოკადრების ფონზე, მისი ისტორია ამოტივტივდა არაჩვეულებრივი მთხრობელის, ქალბატონ ლეილა კეკელიძის მეშვეობით, შემდეგ ვნახეთ ფრიდონის მემკვიდრე ზაზა ხალვაშის ფილმი, „ნამე“. ვიგრძენი, რომ, მადლობა ღმერთს, ქართული გენი აგრძელებს თავის ტრადიციებს. ფილმი სიჩუმეზე იყო და თავისთავად ეს სიჩუმე ხელოვანებისთვის დამაფიქრებელია… ზაზა ხალვაშის ეს არაჩვეულებრივი ფილმი არის ახალი სიტყვა იმაზე, ხმაურისგან გაქცევის დროს როგორ შეიძლება სიჩუმე იქცეს განუსაზღვრელი მაგიის მქონე სიტყვად. მესამე დღეს უკვე, ფაქტობრივად, შეჯამება იყო. მივედით სკოლებში და ვიგრძენი, რომ ახალგაზრდა თაობა არის მზად, ფესტივალის ყველა მონაწილე გულში ჩაიკრას, გაეცნოს მათ შემოქმედებას. როდესაც ასეთი სტარტი აქვს ფესტივალს, ის მასშტაბებს აუცილებლად გაზრდის და დარწმუნებული ვარ, რომ როგორც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოვედით ახლა და სხვადასხვა ქალაქს წარმოვადგენთ, ასე იქნება ეს საერთაშორისო მასშტაბითაც და უცხოელი მწერლები და პოეტებიც შემოუერთდებიან ფესტივალს. ერთი სიტყვით, წარმატება მინდა ვუსურვო „შემოდგომის სერენადას“. თუ ასეთი ფესტივალები ექნება ყველა ქალაქს, ეს ნიშნავს, რომ ლიტერატურა ცოცხალია, ხმაურობს და ახალ სიტყვას ამბობს თანამედროვეობაში.

ლალი კონცელიძე – აჭარის მწერალთა სახლის დირექტორი:

– 2023 წელს გაჩნდა იდეა, დაგვეარსებინა ლიტერატურული ფესტივალი, რომელსაც, რა თქმა უნდა, მხარს უჭერდა განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ახლა კი უკვე მხარს უჭერს კულტურის სამინისტრო. სხვათა შორის, პირველი ნაბიჯები რთული იყო, მაგრამ თამამი. „შემოდგომის სერენადა“ იქცა ზეიმად, სადაც ქართული სიტყვა ჟღერს ხავერდოვან სეზონთან ერთად. ფესტივალის მეორე წელს ჩავამატეთ საერთაშორისოს სტატუსი. გვყავდა რამდენიმე უცხოელი მწერალი, მთარგმნელი. წელს გვინდოდა, მთელი საქართველოდან გვსტუმრებოდნენ მწერლები და პოეტები და მიხარია, რომ ვხედავთ ასეთ მრავალფეროვნებას. დარწმუნებული ვარ, თითოეული მათგანი ახალ ავტორს აღმოაჩენს დიდი ხნის ნაცნობ მეგობარსა თუ, უბრალოდ, ნაცნობში. ერთხელ მკითხეს, რატომ ჰქვია აღნიშნული სახელი ფესტივალსო, ეს სახელი მოდის ზურაბ გორგილაძის ცნობილი ლექსიდან „შემოდგომის სერენადა“. ყველაზე მეტად მეამაყება ის, რომ მწერლები და პოეტები შედიან სკოლებში და ხვდებიან ბავშვებს. პირველი ფესტივალის ჩატარების დროს, როცა ერთ-ერთ სკოლას მწერლები და პოეტები სტუმრობდნენ, ერთმა მოსწავლემ დაიწყო წერა, გამოგვიგზავნა მოთხრობები, რომელიც კონკურსის გამარჯვებული გახდა და ჟურნალ „ჭოროხში“ დაიბეჭდა. მჯერა, „შემოდგომის სერენადა“ მომავალშიც არაერთი ახალგაზრდისთვის გახდება შთაგონების წყარო წერის დასაწყებად. მინდა მადლობა გადავუხადო ფესტივალის მხარდამჭერს – აჭარის კულტურის სამინისტროს და ფესტივალის მეგობრებს, სამშენებლო კომპანიებს: „ოტიუმ დეველოპმენტსა“ და „კუბი ჰაუსს“, რომელთა მადლიერი ვართ. ასევე, ძალიან მადლობელი ვარ გაზეთ „აჭარისა“ და აჭარის ტელევიზიის, რომლებიც აშუქებენ აჭარის მწერალთა სახლში ჩატარებულ ყველა ღონისძიებას. „შემოდგომის სერენადას“, ფესტივალს, რომლის ავტორიც აჭარის მწერალთა სახლია, ვუსურვებ მეტ ენერგიას, მეტ შესაძლებლობას, ყოფილიყოს დღეგრძელი და წარმატებული. ჩემი ერთგვარი ოცნებაა, რომ „შემოდგომის სერენადაში“ მონაწილე ავტორები ისტორიულ საქართველოში, ტაო-კლარჯეთში გადავიდეთ და ისტორიულ იშხანში ჩავატაროთ პოეზიის საღამო. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ფესტივალში ჩართულ თითოეულ ადამიანს, ვისთვისაც ლიტერატურა უპირველესია.

„შემოდგომის სერენადა“ ერთი წლით დაემშვიდობა ლიტერატურის მოყვარულებს, რათა მომავალ შემოდგომაზე ისევ დაგვითქვას პაემანი სიტყვების სამყაროსთან და ერთმანეთთან. . .

 

ნანა აბულაძე

  • No Comments
  • ოქტომბერი 28, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *